ბლოგი

რა უნდა იცოდე ინტროვერტი ბავშვების შესახებ 

მშობლების უმეტესობას სურს, მისი შვილი  იყოს სოციალურად ძალიან აქტიური და უდარდელი მაშინაც კი, თუ ის  თავის ასაკში  განვითარების ყველა ეტაპს აკმაყოფილებს.  ის ფაქტი, რომ ბავშვი წყნარია და ხალხთან ურთიერთობას  მარტო ან მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების კამპანიაში ყოფნა ურჩევნია, ხშირად ხდება ხოლმე მშობლების შეშფოთების მიზეზი. 

wall-e-voli-multpilmi

კითხვა: რატომ? 

ამ ყველაფერს მარტივი  მიზეზი აქვს - ზოგიერთი ბავშვი ბუნებრივად ინტროვერტია. ეს არის ხასიათის თავისებურება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არაკომფორტულად მიიჩნევს, ვინაიდან  ხშირად ინტროვერტიზმის განმარტებისას შეცდომას უშვებენ  და ამ მდგომარეობას ისე ახასიათებენ, როგორც პიროვნების ნაკლოვანებას, რომლის მიხედვითაც ინტროვერტი ადამიანი  ასოციალური, პრობლემური ან ამპარტავანიც კია. 

bavshvi-tamashobs-satamashoebit

და რეალურად რა არის ინტროვერსია? 

ინტროვერსია არის პიროვნული მახასიათებელი, რომლის გამოც ზოგიერთი ჩვენგანი მასტიმულირებელი სოციალური სიტუაციების მიმართ ენთუზიაზმს არ იჩენს.   მაშინ როცა ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ეს  ან არჩევანია, ან დამოკიდებულება, რეალურად ინტროვერსია  ის ამოსავალი წერტილია, საიდანაც თქვენი შვილი სამყაროს ყველაზე ნათლად ხედავს. 

xis-satamashoebi-jirapi

ინტროვერტი ადამიანები ენერგიას თავიანთ თავში ფოკუსირებით იღებენ და იმისათვის, რომ ამ ენერგიით „დაიმუხტონ“,  სჭირდებათ პირადი სივრცე და საკუთარ თავთან განმარტოება.   ისინი სამყაროსთან გასამკლავებლად სოციალურ კავშირებს კი არა,   შინაგან აზროვნებას ამჯობინებენ. 

bavshvi-kitxulobs-wigns

ინტროვერტი ბავშვი არც  მორცხვია და არც მარტოსული. სინამდვილეში, ინტროვერსიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება  ისაა, რომ ინტროვერტები  უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალური რეპლიკებისა და მათი ზოგადი მნიშვნელობისადმი, და სანამ მშობლების უმეტესობა ინტროვერსიის არასწორი გაგების გამო დამატებით შეშფოთების მიზეზს ხელოვნურად ქმნის, ინტროვერტ ბავშვებს თავიანთი ხასიათის ეს თვისება ბევრ რამეში ეხმარებათ:

•    ინტროვერტები კარგი მსმენელები არიან. 
•    ბევრ რამეს სწავლობენ დაკვირვების საშუალებით. 
•    ინტროვერტი ბავშვი შეიძლება არ გამოხატავდეს გაძლიერებულ ინტერესს სხვა ბავშვების მიმართ და იყოს თავშეკავებული, თუმცა თავშეკავების ეს უნარი საშუალებას აძლევს როგორც ყოველდღიურობაში, ასევე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უფრო გააზრებული და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. 
•    ინტროვერტები ნაკლებად ექცევიან თანატოლების არასასურველი ზეგავლენის ქვეშ. 
•    რადგან ინტროვერტების უმეტესობა სოციალური კავშირების დიდ ველს ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობას ამჯობინებს, მეტია ალბათობა, რომ მშობელმა ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როგორიცაა გარდატეხის ასაკი, შვილთან სიახლოვე შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარება შეძლოს. 
•    ინტროვერტებს უმეტესად გააჩნიათ საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრება და ნაკლებად ხდებიან აქტუალური ტენდენციების თუ სოციალური მედიის ზეგავლენის ქვეშ, რაც მათ ცხოვრებაში სწორი ნაბიჯების გადადგმასა და განვითარებაში ეხმარებათ. 

bednieri-bavshvi-igimis

მათ კი, ვისაც ინტროვერსიის სრულიად ბუნებრივ მოვლენად აღქმისათვის დამატებითი მაგალითებიც სჭირდებათ, აქვე გეტყვით, რომ ყველაზე ცნობილ, რეალიზებულ და წარმატებულ ინტროვერტთა  რიცხვს   მიეკუთვნებიან: აბრაჰამ ლინკოლნი, ალბერტ აინშტაინი, ბილ გეითსი და ჯოან როულინგი. 


ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3m9lpol
https://bit.ly/2K8LwP6 
https://bit.ly/3oDpQJL