facebook logo

ბლოგი

ბავშვები და ზამთრის დასვენება

ნანატრი არდადგებიც მოსულა. დისტანციური სწავლების კვალდაკვალ კი ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ სახლში, ამიტომაც მათთვის 2021 წლის ზამთრის დასვენების კვლავ შინ გატარება შესაძლოა სულაც არ იყოს ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც წარსულ რეალობაში იქნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავს და არც ის იცი, როგორ გაართო შენი პატარა წლის ამ მნიშვნელოვან დროს. 

ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, ზამთრის არდადეგები როგორც ბავშვებისთვის, ასევე შენთვისაც ბევრად უფრო სახალისოდ და მარტივად ჩაივლის. 

მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ მშობელთან სასიამოვნოდ გატარებული დრო ბავშვის დადებითი განწყობისა და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ეცადე მაქსიმალურად ჩართული იყო ყველა იმ გასართობი აქტივობის აღსრულებაში, რომელსაც არდადეგებისთვის დაგეგმავთ. 

პირველ რიგში, სთხოვე ბავშვს, ჩამოწეროს მისთვის სასურველი ყველა გასართობი, რომელიც აზრად მოუვა. ამ გზით ბევრად მარტივად გაიყვან დროს და შეძლებ მას საინტერესო და სახალისო დღეები მოუწყო. ეცადე შვილის არჩეული თამაშობები გადაანაწილო და განსაკუთრებული, განსხვავებული დროის გასატარებლად კვირის თითოეულ დღეს შეგიძლია თავისი თემა შეურჩიო, რომელსაც სიაში ჩამოწერილ საკითხებს შეუსაბამებ. მაგალითად: 

ორშაბათი = ზამთრის გართობა: თუ მთიან და თოვლით დაფარულ ადგილას იმყოფებით, გუნდაობა და ლამაზი გირჩების შეგროვება პატარებს ძალიან გაართობს. სახლში დაბრუნებულებმა კი შეგიძლიათ ბუნებასთან დაკავშირებულ საინტერესო შოუებს ან დოკუმენტურ ფილმებს ერთად უყუროთ. ამ გზით ბავშვს ბუნებასთან დააახლოებთ და მეტის ძიების სურვილსა და ინტერესსაც გაუჩენთ.

სამშაბათი = პიჟამების წვეულება: გამოეწყვეთ საყვარელ პიჟამებში და მოაწყვეთ ბალიშების ომის, კითხვისა და ფილმების მარათონი. 

ოთხშაბათი = ოლიმპიადა მისაღებ ოთახში: ეს დღე შეგიძლიათ სახლის პირობებში სხვადასხვა დაბრკოლებების მოწყობასა და თავსატეხების მოფიქრებას, შემდეგ კი მათ გადალახვა/ამოხსნას დაუთმოთ. ამისათვის ნამდვილად გამოგადგებათ ძველი ბალიშები და შედეგად, სახლურ “Floor is lava”-საც მარტივად მოაწყობთ. 

ხუთშაბათი = სახლის კინოთეატრი: შესთავაზე ბავშვს მოაწყოს ჩვენება მისი საყვარელი ზღაპრის, მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟების გაცოცხლებით, სადაც მთავარ როლს თავად შეასრულებს და ამბავსაც მოჰყვება. ხოლო, თუ თავად მოიფიქრებს სრულიად ახალ სიუჟეტსა და გმირების ისტორიასაც შეთხზავს, მისი გონებისა და წარმოსახვის უნარის გავარჯიშებისათვის უკეთეს საშუალებას, ვფიქრობ, ვერ იპოვით. 

პარასკევი = თამაშების დღე: გადმოაწყვე შენი პატარას საყვარელი სათამაშოები - იქნება ეს სამაგიდო, ვიდეო თუ სხვ. და ჩაერთეთ თამაშების მარათონში. 

რაც შეეხება შაბათისა და კვირის გეგმებს, თამაშებით დატვრითული დღეების შემდეგ, მცირე გასეირნება და საყვარელი ტკბილეულის დაცხობა/დამზადება, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დასასრული იქნება. 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე