სიახლე

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს მოტივაცია დისტანციური სწავლების დროს

ზამთრის არდადეგებიც მიიწურა და ბავშვებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. დასვენების შემდეგ სასწავლო პროცესში ახალი ძალებით და მონდომებით  ჩართვა მარტივი არასდროს ყოფილა. თუმცა, დისტანციურად სწავლებისას  მეტი შანსია, სიზარმაცე ბევრი ბავშვისთვის ერთგულ მეგობრად ვაქციოთ. 

და თან, როგორი რთულია პატარებს არ გავუგოთ, არა? საკლასო ოთახიდან ძალიან შორს მყოფებს, ძალიან ახლოს ჩამომწკრივებულ  სათამაშოებსა და ათასგვარ გასართობზე თუ ეფიქრებათ.

თუმცა, თუ ამ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებ, დისტანციური სწავლების პერიოდი როგორც შენთვის, ასევე ბავშვისთვისაც ბევრად გამარტივდება:

ჯილდო

მოტივაცია მოდის ადამიანის ტვინში არსებული „დაჯილდოვების ცენტრიდან“, რომელიც გამოყოფს ნეიროტრანსმიტერ დოფამინს. დოფამინი  ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, თავს კარგად გვაგრძნობინებს. იგი ააქტიურებს და ენერგიით ავსებს ჩვენს გონებას. 
დოფამინის დონე იზრდება, როდესაც  დადებით ემოციას, შექებასა თუ სხვაგვარ ჯილდოს ვიღებთ. შესაბამისად, იზრდება ჩვენი მოტივაციაც. შეიძლება ითქვას, დოფამინის დონე განსაზღვრავს, თუ რამდენად მოტივირებულია ბავშვი.

სწორედ ამიტომ, ეცადეთ, ხშირად შეაქოთ თქვენი პატარა, მოუწონოთ სწავლისას თუნდაც მცირედი ძალისხმევა და  ჯილდოც არ დაიშუროთ.

ნაკლები სტრესი

დოფამინის დიდი მტერია სტრესი. სტრესი ბავშვის ტვინს დოფამინისგან ცლის. ის ასევე აფერხებს პრეფრონტალური კორტექსის (the prefrontal cortex) ფუნქციონირებას. პრეფრონტალური კორტექსი კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია აზროვნებაზე. 

იმისათვის, რომ შენი პატარა მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეუდგეს სწავლას, ეცადე, შენიშვნებისა და დატუქსვის ნაცვლად (რაც ბავშვებში მხოლოდ სტრესს იწვევს და კიდევ უფრო უკარგავს სწავლის სურვილს), მისთვის საინტერესო ფორმაში დაანახვო გაკვეთილის სიკეთე. 

წაახალისეთ შესწავლა და არა საშინაო დავალების შესრულება

ოდესმე გინახავთ ბუნებრივად დემოტივირებული ბავშვი? 

მე არ მინახავს. 

ბავშვები ცნობისმოყვარეები იბადებიან და ბუნებრივად უყვართ ახლის სწავლა. 

თუკი ბავშვი უარს ამბობს საშინაო დავალების შესრულებაზე, ფოკუსირდით სწავლებაზე. დავალების შესრულებაზე მნიშვნელოვანია ბავშვმა ცოდნა მიიღოს. 

იმისთვის, რომ ბავშვი რეალურად მოტივირებული იყოს სწავლებაზე, აუცილებელია, რომ მას სწავლის პროცესი სიამოვნებდეს. 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე