ბლოგი

პოზიტიური მშობლობა და ბავშვის განვითარება

თითოეული მშობლის მიზანია თავისი პატარასთვის  საუკეთესო იყოს. თუმცა,   დაუსრულებელი გამოწვევები ზოგჯერ მშობლისთვის იმედგაცრუებისა და დაბნეულობის მიზეზი ხდება. 

საკმაოდ რთულია იმის გადაწყვეტა, როგორ მიუდგე ბავშვს, რა დროს წაახალისო, როგორ გააგებინო არასასურველი ქცევის შესახებ ისე, რომ არც ზედმეტ სტრესში ჩააგდო და სწორი წარმოდგენებიც შეუქმნა. 

თუმცა, ეს ერთი შეხედვით თავსატეხივით რთული ამბები არც ისე რთულია, თუ პოზიტიური მშობლობის მეთოდებს და ახალ მიდგომებს გაეცნობი. მათი ადაპტირებით კი ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაიმარტივებ. 

რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა

სანამ პოზიტიური მშობლობის განსაზღვრებას გაგაცნობდეთ, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და განვსაზღვროთ, რა იგულისხმება სიტყვაში „მშობელი“. მიუხედავად იმისა, რომ დედების, ზოგადად - მშობლების,  როლი უდიდესია ბავშვის აღზრდის პროცესში, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მოზარდის  ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე ყველა ის ადამიანი ახდენს გავლენას, ვინც მის აღზრდაში მონაწილეობს. შესაბამისად, როდესაც პოზიტიურ მშობლობაზე ვსაუბრობთ, მშობლის ამპლუაში უნდა წარმოვიდგინოთ თითოეული ადამიანი, რომელსაც ბავშვის პიროვნულ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. 

რაც შეეხება თავად ტერმინის განსაზღვრებას, მრავალმა მკვლევარმა პოზიტიური მშობლობა განსაზღვრა, როგორც „მშობლის/მშობლების და ბავშვის/ბავშვების უწყვეტი ურთიერთობა, რომელიც მოიცავს მუდმივ და უპირობო ზრუნვას, სწავლებას, სწორი მიმართულების მიცემას, კომუნიკაციასა და ბავშვის საჭიროებების/სურვილების დაკმაყოფილებას“ (Seay et al., 2014 p.207). 

პოზიტიური აღზრდისას მნიშვნელოვანია ბავშვთან აქტიური ურთიერთობა. როდესაც ის არცთუ სასურველ ქცევას ავლენს,  ყოველთვის გამოიკვლიეთ ამის მიზეზი, -  რა გახდა ბავშვის გაღიზიანების, ცუდი გადაწყვეტილების მიღების  მოტივი. ეცადეთ ბავშვს  მეტი ყურადღება დაუთმოთ, თავი აგრძნობინოთ, როგორც თქვენს მეგობარს, ჩართოთ გადაწყვეტილების  პროცესში... და ასევე აუცილებლად გამოუყავით პირადი სივრცე, სადაც თავს უფრო დამოუკიდებლად იგრძნობს. 

პოზიტიურ მშობლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს, რომ მას უსმენენ და მის მხარდასაჭერად მზად არიან. როდესაც მას კონკრეტულ  წესებსა და საზღვრებს უწესებთ, მნიშვნელოვანია  ესმოდეს, თუ რატომაა საჭირო ამა თუ იმ საზღვრის დაცვა. აუცილებელია კარგი საქციელისათვის თქვენი პატარა დააჯილდოოთ, შეაქოთ. ხშირად წაახალისეთ მისი სიახლის ძიებისადმი მოთხოვნილება, ეცადეთ, უპასუხოდ არ დატოვოთ კითხვები და გახდეთ ბავშვისათვის მისაბაძი მაგალითი. 

პოზიტიური აღზრდის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

როგორც მიხვდით, არსებობს მრავალი მექანიზმი, რომლითაც პოზიტიური მშობლობა აუმჯობესებს ბავშვის პროსოციალურ განვითარებას. განსაკუთრებული კავშირია მშობლის სითბოსა და ბავშვების დადებით ემოციურ წონასწორობას შორის. ემოციურთან ერთად, არსებობს სხვა უამრავი გზაც, როცა პოზიტიური აღზრდა უზრუნველყოფს ბავშვის ზოგად განვითარებას და თვითგანვითარებას.

მაგალითად: 

  • სწავლება და სწორი მიმართულების მიცემა ხელს უწყობს ბავშვის თავდაჯერებულობის ზრდას, კოგნიტური უნარების განვითარებას და იმ ზოგად უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც  საჭიროა კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად. 
  • პოზიტიური ურთიერთობა ავითარებს ბავშვების სოციალურ და პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო უნარებს. ამავდროულად, აუმჯობესებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას და გეხმარებათ მისი ნდობის, კეთილგანწყობის მოპოვებაში. 
  • თბილი და დემოკრატიული აღზრდა მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის თვითშეფასებას და გამოკვეთს ოჯახში მისი, როგორც სრულუფლებიანი წევრის მნიშვნელობას. 
  • მშობლის მეთვალყურეობა და ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ჩართვა ხელს უწყობს მის  პროსოციალურ კავშირს თანატოლებთან; მშობლებსა და ბავშვს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ, მოზარდისღიაობითა და მიმღებლობით გამოიხატება. 
  • აღზრდისას ბავშვისთვის ავტონომიის მინიჭება უზრუნველყოფს  მის  კრეატიულობის გაძლიერებას, თვითგამორკვევას. 
  • ბავშვს მხარდაჭერა და ოპტიმისტური მიდგომა ეხმარება საკუთარი თავისა და მომავლის მიმართ რწმენის გამყარებაში.
  • სასურველი ქცევის წახალისება უზრუნველყოფს შვილის  თვითეფექტიანობასა და პროსოციალური, ჯანსაღი ქცევის ჩამოყალიბებას. 
  • საზღვრების დაწესება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოზარდს ასწავლის ანგარიშვალდებულებას, სხვების აზრების გათვალისწინებას და უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას. 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე