სიახლე

როგორ გავუმარტივოთ შვილს თინეიჯერობის წლები

ბავშვობის ასაკის ადრეულ ეტაპზე მშობლები შვილის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს თავად მართავენ - ადგენენ ძილის დროსა და ექიმთან ვიზიტის სიხშირეს; სწორედ მშობლები იღებენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში: რომელ სკოლაში ისწავლოს, წავიდეს თუ არა ბანაკში, მთის კურორტზე დაისვენოს თუ მზის აბაზანებით ინებივროს... და როდესაც ბავშვი პატარაა, ბედნიერიც კია იმით, რომ მას ცხოვრების დაგეგმვაში მოსიყვარულე მშობლები ეხმარებიან. შესანიშნავია, როცა არსებობს ვიღაც, ვინც შენს კალენდარსაც მოაწესრიგებს და, უმეტესად, ყველგან თავის დროზე მიგიყვანს, არა? 

stikerebi-bavshvi

თუმცა, საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი თინეიჯერობის ასაკს მიაღწევს? როგორც წესი, მათი უმეტესობა, პირველ რიგში, ცდილობს „თავი დააღწიოს“ იმ წესებსა და ცხოვრების რიტმს, გნებავთ, ფორმულას, რომელიც მისთვის, ან მასთან ერთად, მშობლებმა მრავალი წლის განმავლობაში შეადგინეს. ამას იწვევს მათი თინეიჯერული სურვილი - იგრძნონ, რომ თავად აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებს. 

ალბათ, თითოეულ მშობელს აინტერესებს, როგორ აირიდოს თავიდან შვილთან კონფლიქტი იმ რთულ პერიოდში რომელსაც თინეიჯერობის ასაკში აწყდება. ბესტსელერის, „The Self-Driven Child”-ის ავტორების - ნეიროფსიქოლოგ უილიამ სტიქსრუდისა და მკვლევარ ნედ ჯონსონის თქმით, საუკეთესო გამოსავალია მოზარდს შეუქმნათ განცდა, რომ გადაწყვეტილების მიღების სადავეები თავად აქვთ ხელთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერზე ეტყვით უარს, ან თქვენი ოჯახის წესების დაცვა შეწყვიტეთ. ამგვარი თავისუფლება მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ახალი წესებისა და მიდგომების ფორმულირებისას მოზარდიც აქტიურად იყოს ჩართული.

potlebi-bavshvi-damalva

ფაქტობრივად, გამოსავალია მოზარდთან დიალოგი - მისი სურვილებისა და საჭიროებების განხილვა, აზრების გათვალისწინება. საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით ისეთ შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც არც მოზარდის განვითარებას შეაფერხებს და თანაც კმაყოფილიც დარჩება.  

სქესობრივი მომწიფების მაცნე ჰორმონალური ცვლილებები, თითქოს შეთქმულებას აწყობენ მოზარდის სოციალურ დინამიკასთან, რაც მას სოციალური სტატუსის დამკვიდრებისაკენ უბიძგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, რამდენად სცემენ პატივს ოჯახის წევრები, აქვთ თუ არა მაღალი სტატუსი და როგორია მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. 

mshobeli-shvili-urtiertoba-saubari

სწორედ ამიტომ, როდესაც მოზარდს რჩევა-დარიგებას ვაძლევთ, გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი და შერჩეული ინფორმაციაც კი, რის თქმასაც მათთვის ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ბავშვური შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანის იმიჯს ამოფარებული მოზარდი, ეცადეთ ესაუბროთ ისე, როგორც ზრდასრულ, თქვენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას. 

tineijeri-igebs-selfies

არასდროს გააკრიტიკოთ მისი მუსიკალური გემოვნება თუ ჩაცმის სტილი. პატივი ეცით მის პირად სივრცეს და ეცადეთ, მისთვის პირველ რიგში იყოთ მეგობარი. 

tineijeri-kitxulobs

მარტივად რომ გითხრათ, თინეიჯერებთან ურთიერთობისას ჩვენ უარს ვამბობთ „შტაბის უფროსის“ როლზე და უფრო მეტად ვემსგავსებით ცხოვრებისეულ მწვრთნელებს. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ვეხმარებით სწორი პასუხების პოვნაში და ვეხმარებით მათ ემოციურად.