ბლოგი

გაიცანი სატელეფონო ზარებისა და სამედიცინო ანაზღაურების გუნდი 2

გამარჯობა. 

დღეს მცირე ინფორმაციას მოგაწვდით იმ გუნდის შესახებ, რომელიც შენს ჯანმრთელობაზე განუსაზღვრელი დროით ზრუნავს, მთავარია დაგვიკავშირდე. მე ვარ ეთო ჩილინგარაშვილი - თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის სატელეფონო ცენტრისა და სამედიცინო ანაზღაურების სამსახურის ხელმძღვანელი.

პირველ რიგში, ვფიქრობ, როდესაც მუშაობ ბრენდისთვის, რომლის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, უკვე იცი, რომ შენი თითოეული ნაბიჯი, დაგეგმილი სტრატეგია და მომხმარებელთან კომუნიკაციაც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. კარგ შეგრძნებას ქმნის იმის ცოდნა, რომ მუშაობ ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად. 

"ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. თითოეული ზარი განსხვავებულად საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ, რთული შემთხვევების მარტივად მოგვარება და სწორედ ადამიანების დახმარება ხდის ჩემს პროფესიას საინტერესოს."

იმისათვის, რომ ცხოვრება კიდევ უფრო არ გართულდეს, უპირველესად უნდა განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, ადამიანის ჯანმრთელობა ის ყველაზე ძვირფასი და მოსაფრთხილებელი რამაა, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად დიდ ყურადღებას უნდა უთმობდეს - იქნება ეს სწორი კვება, ვარჯიში, მედიტაცია თუ, უბრალოდ, ექიმთან ვიზიტი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

"ჩემი მიზანია დაზღვეულებს ნებისმიერ დროს დავეხმარო. თითოეული მომხმარებელი მომართვისას უნდა გრძნობდეს, როგორ ცდილობ მასთან ერთად იპოვო გამოსავალი და რომ არ ხარ გულგრილი მისი მდგომარეობის მიმართ." 
 

აქედან გამომდინარე, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სწორი მექანიზმია, რომელიც გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად ინფორმირებულები ვიყოთ საუკეთესო კლინიკებსა და ექიმებთან კონსულტაციის გზით. შესაბამისად, როდესაც ადამიანი თავის ჯანმრთელობაზე იწყებს ფიქრს და სადაზღვევო კომპანიას მიმართავს, უპირველესად ურთიერთობას ქოლცენტრის ოპერატორებთან ამყარებს. ვფიქრობ, სწორედ ამ პირველივე ნაბიჯიდანვე უნდა გრძნობდეს მომხმარებელი, რომ მასზე ზრუნავენ და მზად არიან ნებისმიერ მომენტში მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ. 

"დაზღვეულის კმაყოფილება პირდაპირ პროპორციულია ჩემს პროფესიულ კმაყოფილებასთან, რადგან ამით ვხვდები, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია."

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხთან, ჯანმრთელობასთან, და სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქმისადმი დამოკიდებულებაც მიმართული უნდა იყოს ადამიანების დახმარებისა და გვერდში დგომისაკენ ცხოვრების როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე რთულ მომენტში. "როცა დაზღვეულს ჩემი დახმარება სჭირდება, აუცილებლად სრულად და გასაგებად ვაწვდი ინფორმაციას. ასეთ დროს ვგრძნობ მათ მადლიერებას და ვხვდები, რომ ერთი ზარითა თუ მიმოწერით თუნდაც ერთ ადამიანს ცხოვრება ნამდვილად გავუმარტივე."

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული ოპერატორის მიზანია დაზღვეულებს შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისი, ვაჩვენოთ ჩვენი კეთილგანწყობა და ურთიერთობისას თავი ვაგრძნობინოთ მაქსიმალურად კომფორტულად. 

"ჩემს საქმიანობაში ბედნიერებას მანიჭებს გაწეული დახმარებისთვის მომხმარებლის გულითადი მადლობა და, ზოგადად, მადლიერების გამოხატვა." 

როდესაც მუშაობ პოზიციაზე, სადაც შენი საქმის 99% ადამიანებთან კომუნიკაციასა და მათთვის სწორი მიმართულების მიცემას, მათ დახმარებას გულისხმობს, ვფიქრობ, ასეთ დროს შენ თვითონ უნდა იყო დეტალებზე ორიენტირებული, კომპეტენტური შენს სფეროში, გულისხმიერი და რაც მთავარია, უნდა გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენი გუნდიც სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა და როგორც მომხმარებლის რეკომენდაცია/შეფასებაც ამტკიცებს, მოლოდინს ნამდვილად ვამართლებთ.