აუცილებელი ნივთები სასიამოვნო მოგზაურობის დასაზღვევად

ვერაფრით მოვიფიქრე, მოგზაურობისას რომელი ნივთი უფრო აუცილებელია, ან არის თუ არა რაიმე აუცილებელი.

შემხვედრიან მოგზაურები, ვისაც თითქმის არაფერი გააჩნია. მათი შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ჯერ საკმარისი უნარ-ჩვევები არ დამიგროვებია. თუმცა, ნელ-ნელა ჩემი ჩანთაც დაიკლებს და უნარ-ჩვევები მოიმატებს. 


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა ჩამოვწერ ნივთებს, რომლებიც არ მჭირდება, მაგრამ მაინც თან დამაქვს: 

კარავი
კარავი არის ყველაზე მძიმე ნივთი. ხშირად მიფიქრია, რომ მის გარეშე ბევრად მსუბუქად ვიქნებოდი. რეალურად ღამის გასათევის შოვნა ყველგან შეიძლება, რამე გადაფარებულის ან ნანგრევების ნახვა მაინც. სადგურებზე, კეთილ მასპინძლებზე და რელიგიურ შენობებზე აღარაფერს ვამბობ. 

თუმცა, მეორე მხრივ,  ხალხმრავლობისგან დაღლილს მარტოობა რომ მოგენატრება, კარავი ძალიან საჭირო ნივთად იქცევა ხოლმე. კარგია, ტყეში და მიუვალ ადგილებში სახლის გაშლა როცა შეგიძლია. ხშირად სტუმრებიც შემიფარებია ხოლმე.


ტანსაცმელი

ჩემი აზრით, ტანსაცმელი იმას გამოხატავს, თუ რა სტილით მოგზაურობ.  ჩემი გზისგან დახეული და გაცრეცილი სამოსი იმის გარანტია, რომჩემი დაყაჩაღების სურვილი ნაკლებად გაუჩნდებათ. თითქმის ყველაფერი თითო ხელი მაქვს და გარეცხვისას, სანამ გაშრება, სხვა სეზონის ტანსაცმელს ვიცვამ ხოლმე. 

ისე, კია რთული მუდმივად სუფთა გეცვას, მაგრამ აუცილებელია, მით უმეტეს, თუ სტუმარი ხარ. უბრალოდ, როცა თოვლშიც გიწევს ცხოვრება და უდაბნოშიც, სეზონის ორ წყვილ ტანსაცმელს ვერ ჩაატევ, ან ჩანთა დაგიმძიმდება. 


 

ჩანთა

ჩანთა სახლია, რომელიც ზურგზე გკიდია. სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ყველაფერი, რაც გჭირდება, თან გაქვსმაგალითად, ჩემი ნივთები დაახლოებით 48 ლიტრში ეტევა. უცნაურ თავისუფლების შეგრძნებას ასხივებს ზურგიდან ჩანთა, რომელშიც ყველაფერია, რომ გადარჩე. მასზე ახლო მეგობარი არავინ მყავს, სულ ვცდილობ თვალი არ მოვაშორო. თუმცა, მუდმივად მზად ვარ, თუ მომპარეს ან გამძარცვეს, გზის გაგრძელება მის გარეშე შევძლო

ჩანთაში ფულს და საბუთებს არასოდეს ვტოვებ.  ამ ნივთების მოფრთხილება და დამალვა ცალკე პროფესიაა. ისე კი, ერთეულ ქვეყნებში, პასპორტის, დაზღვევის ბარათის და ფულის დაკარგვა ხშირად შეიძლება უვადო პატიმრობას, ტრეფიკინგს ან სულაც სიკვდილს უდრიდეს

საძილე ტომარა

ჩემი საძილე ტომარა ყველა სეზონზეა გათვლილი და მაგიტომაც არის, რომ ნახევარ ჩანთას იკავებს. ეს ჩემი ოცი წლის წინანდელი საძილეა. მასში 5000 მეტრზეც გაგვითევია ღამე ორ ადამიანს. მაინც ვფიქრობ, რომ  ახალი და ძვირიანი საძილეთი სჯობს მოგზაურობა, თუნდაც მსუბუქი წონის გამო.
 


აფთიაქი

წონას და ადგილს ბევრს არ იკავებს მაგრამ, სულ ვფიქრობ, რამდენად მჭირდება აფთიაქი, რომელშიც წამლების ნახევარს ვერ ვცნობ.

ერთმა მოხეტიალე მეგობარმა შემაშინა, როგორც კი გადაყრი მეორე დღესვე დაგჭირდებაო. ალბათ, ჯობია, მედიკამენდებზე მეტი ვისწავლო

ისე, ნამდვილად უნდა შეგეძლოს პირველადი დახმარება გაუწიო სხვას, ან საკუთარ თავს, სანამ კლინიკასთან მიაღწევ, ან დაზღვევას დაუკავშირდები.


 

ტექნიკა

ჰოდა, გარე სამყაროსთან დაკავშირება ყველაზე რთული რამეა და ჩანთის დიდი ნაწილიც მზის დამტენ პანელს, უთვალავ კაბელსა და ენერგიის შემნახველ ელემენტს მიაქვს. იქვეა ფოტო ტექნიკა და ტელეფონიც. ჯობია, ეს ყველაფერი ხშირად არ გამოაჩინო, ყურადღება რომარ მიიქციო. მალევე მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი ძვირიანი სათამაშოების გამო შარში გავხვეულიყავი. ამიტომაც, პრიალა ნივთების ზედაპირები სამედიცინო პლასტირით დავფარე. თეთრი ფერის ლენტი მალევე იფარება მტვრით და ჭუჭყით და ეს ყველაფერი უცხო თვალისთვის არც ისე მიმზიდველი ხდება. ასე გამოუჩნდა გამოყენება ჩანთაში არსებულ აფთიაქსაც.   


წყლის ფილტრი


ჩემს აფთიაქშივე შედის წყლის ფილტრი რომელსაც ნებისმიერი დაბინძურებული წყლის გაფილტვრა შეუძლია, რომ სასმელად ვარგისიანი გახდეს. თუმცა, ხშირად მეც იმ წყალს ვსვამ,  რასაც ადგილობრივები. ეს ერთგვარი რისკია, მაგრამ ნდობას იწვევს. ჯობია, ორი-სამი დღე მუცელი გტკიოდეს სანამ მათსავით შეეჩვევი, ვიდრე აგრძნობინო, რომ რაღაცით განსხვავებული ხარ, ან არ ენდობი. თუმცა, ველურ და არასანდო გარემოში აუცილებელია თავი დაიზღვიო და ფილტრი ან წყლის გასასუფთავებელი ტაბლეტები გამოიყენო.


 

დანა

ჩანთის და საკუთარი თავის დასაცავად აუცილებლად თან დამაქვს დანა, მით უმეტეს, თუ გოგოსთან ერთად მიწევს მოგზაურობასაქმე იმაშია, რომ ხშირად მოხეტიალეები სწორედ იმიტომ დადიან ერთად, რომ თავი დაცულად იგრძნონ. მარტოობა ზოგჯერ მოსაწყენია, წყვილში ან მცირე ჯგუფთან ყოფნის დროს კი თავგადასავლები მეტი გხვდება, ფოტოებსაც მეტს იღებ და ადგილობრივებსაც ნაკლებად ეშინიათ წყვილის, ვიდრე ვიღაც მარტოხელა გაბურძგნული მოგზაურის


ზოგჯერ, მართლა ყველანაირი რისკის ფასად ღირს, არ იყო მარტო და სხვას უზიარებდე ემოციებს.. ასე რომ თანამგზავრს არაფერი სჯობს. მით უფროო, როცა დაბალი ბიუჯეტით არ მოგზაურობ და ავტობუსის და იაფი გესთჰაუსის გადახდა შეგიძლია.  ამ დროს საფრთხე მინიმალურია, საშიშია ალბათ იმდენად, რამდენადაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებისას.


თუმცა, როცა მარტო არ ხარ, ნებისმიერი გზით თავის დაცვა უნდა შეგეძლოს. ისეთი მოხეტიალებიც მინახავს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში უკანონოდ იარაღს რომ ყიდულობენ თავის დასაცავად და ისე კვეთენ ქვეყანას. ისინი ჩემთვის იმ თავზე ხელაღებულებში გადიან, ციხესაც კი მოგზაურობად და თავგადასავალად რომ აღიქვამენ
 


 

ფეხსაცმელი


რაც ჩანთაში დევს, ამ ყველაფრის ტარება რომ დიდხანს შეძლო, კარგი ფეხსაცმელი გჭირდება. მე გამიმართლა და წამოსვლამდე მეგობარმა საუკეთესო ბრენდის სპორტული ფეხსაცმელი მაჩუქა. არც ვიცი რამდენი ასეული კილომეტრი გავიარე მისი წყალობით კომფორტულად. ფაქტია რომსახლიდან 5-6 ათასი კილომეტრი მაშორებს და ვიარე წვიმებში, თოვლში, უდაბნოში, ჭაობებში და მყინვარებზე. ძალიან გამიმართლა მეგობრებში.



მეგობრები


მეგობრების გარეშე არც მოგზაურობის დაგეგვმა გამომივიდოდა და ვერც გზას გავართმევდი თავს. მეგობრების დახმარებით შევაგროვე ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, მათ გამომაცილეს და გამომატანეს ზღვა ენერგია. მერე გზაში ახალი მეგობრები შემომემატნენ და საქართველოდანაც უამრავმა უცნობმა მეგობარმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ხან ჩემთვის სხვა ქვეყნებში დასარჩენებს პოულობენ, ხან პრობლემებიდან გამომათრევენ, ხან ფინანსურად მეხმარებიან


ასე მოვხვდი აქ, ინდოეთის ჰიმალაების ცენტრში. აქ ორივე მხრიდან ჰიმალებია. ფერდი გვიცავს და მუსონების ღრუბლები ვერ გადმოდის


 

გუშინ ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპედიციიდან დავბრუნდი. დიდი შანსი იყო, მთას 6200 მეტრზე დავეტოვებინე. მაგრამ ზვავებს გადარჩენილებმა მაინც მოვახერხეთ მწვერვალზე ასვლა და მშვიდობით დაშვება. ისევ მეგობრების და მათი გვერდში დგომის დახმარებით.


ალბათ, ვინმე თუ მკითხავს, მოგზაურობისთვის რა არის საჭირო, ვუპასუხებ: პასპორტი, კარგი დაზღვევა და მეგობრები. თუ ეს სამი თანამგზავრი თან დაგყავს, არსად დაიკარგები.


 


ტექსტი - ირაკლი გუჯაბიძე