ბლოგი

როგორ შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხო გარემო ზაფხულში

ზაფხული  ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ახლა,  როცა წელიწად-ნახევარზე მეტია, პანდემია უტევს მსოფლიოს. 
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს სოციალიზაციის ამ ხანგრძლივმა პაუზამ დიდი დაღი დაასვა, არამხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური განვითარების კუთხითაც -  ურთიერთობის   თუ აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით.  

სწორედ ამიტომ, ზაფხული  ის პერიოდია, როდესაც სოციალიზაციისთვის  დაკარგული დროის კომპენსაცია შეგვიძლია. მნიშვნელოვანია,  რომ ზაფხულში ბავშვი იყოს აქტიური, მოძრავი და რაც მთავარია - დაცული. 

ზაფხულის მზის სხივები 

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მზის სხივები, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მზეზე გასვლისას უსაფრთხოების წესების დაცვა. ადამიანისათვის მზის აბაზანების მისაღებად უსაფრთხო პერიოდია დილის 11 საათამდე და ნაშუადღევს მხოლოდ 5 საათიდან. სხვა შემთხვევაში დიდი რისკია, რომ ბავშვმა (და დიდმაც) მზისგან დამწვრობა მიიღოს. ასევე დიდია იმის ალბათობაც, რომ დროთა განმავლობაში, იგულისხმება 20-30 წელი, განვითარდეს კანის ურთულესი დაავადება - მელანომა. იმისათვის, რომ მიხვდეთ როდისაა მზე აქტივობის პიკში, არსებობს მარტივი მეთოდი: დააკვირდით საკუთარ ჩრდილს. როდესაც თქვენი ჩრდილი თქვენს რეალურ სიმაღლეზე პატარაა/ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ მზეზე არ უნდა გახვიდეთ. 

კანის დაცვა

კანის დაცვა მზის სხივებისგან ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია ზაფხულის ჯანსაღად გასატარებლად. გასათვალისწინებელია, რომ საუბარი მხოლოდ იმ ბავშვებს არ ეხება, რომლებიც არამხოლოდ ზღვისპირეთში არიან და უშუალოდ ზღვის სანაპიროზე ერთობიან და ირუჯებიან, არამედ ვგულისხმობთ მოზარდებს, რომლებიც თამაშობენ ეზოში, ტყეში და ა.შ. მნიშვნელოვანია შენობიდან გასვლისას ბავშვს წაუსვათ მზისგან დამცავი მალამო. დამცავის მაჩვენებელი 30%-ს უნდა აღემატებოდეს. მალამო სხეულზე უნდა გადანაწილდეს სქლად და შენობიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე. რაც შეეხება მალამოს პირველად წასმის ინტენსივობას, პროცედურა უნდა გაიმეოროთ ორ საათში ერთხელ. ხოლო თუ ბავშვი ცურავს მაგალითად, ზღვაში, მდინარეში, აუზში, ამ შემთხვევაში მზისგან დამცავი წყალში ყოველი ჩასვლის შემდეგ ისევ უნდა წაუსვათ. 



როდესაც საუბარია მზის სხივებისგან დაცვაზე, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ არამხოლოდ კანის, არამედ თავის, თვალებისა და ხელების დაცვაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სასურველია, ბავშვს დაახუროთ ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც დაიცავს თავს, კისერსა და მხრებს. ასევე, ჩააცვით მაისური, რომელიც ნაკლებად ატარებს მზის სხივებს. ამის მიხვედრა კი მარტივად შეგიძლიათ: მაისურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად ლანდავს სინათლეზე ქსოვილი - რაც უფრო ნაკლებად გამჭვირვალეა, მით მეტადაა დაცული თქვენი პატარას სხეული. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბავშვისათვის მზის სათვალის გაკეთება, რომელსაც ექნება 99%-იანი დაცვა, ვინაიდან მზე აზიანებს არამხოლოდ კანს, არამედ თვალის რქოვანასაც. 

ჰიდრატაცია 

მშობლების უმრავლესობა ბავშვისათვის საკმარისი რაოდენობით წყლის მიწოდებას განსაზღვრავს იმით, თუ როდის ითხოვს პატარა წყალს, რაც თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებაა.  ზაფხულის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი კარგავს საკმაო რაოდენობით სითხეს. ამიტომ ბავშვს, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურია (დარბის, თამაშობს)  საშუალოდ სჭირდება  6 ჭიქა წყალი;   10-12 წლის ბავშვებში ეს რაოდენობა შესაძლოა 10-11 ჭიქამდეც გაიზარდოს. 
სითხის შესავსებად არ არის მართებული ტკბილი გაზიანი  სასმელის მიღება, თუმცა შესაძლებელია ბავშვს ახლად დაწურული ხილის წვენი, ჩაი ან მინერალური წყალი მისცეთ. ასევე, წყლის დიდ ოდენობას შეიცავს კიტრი, პამიდორი და საზამთრო, რომელიც პატარებს  ძალიან უყვართ. 

წყალთან კონტაქტი

გარდა იმისა, რომ ბავშვს  აუცილებლად უნდა ასწავლოთ ცურვა, მნიშვნელოვანია ისიც გაითვალისწინოთ, რომ წყალში ხშირია სხვადასხვა ინფექციებით დაინფიცირების შემთხვევები. 
თუ ბავშვი აუზში ცურავს,  აუცილებელია წყლის ქლორიზაცია, გაფილტვრა, დამუშავება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სუფთაა  აუზი, კატეგორიულად მიუღებელია წყლის ჩა ჩაყლაპვა, ვინაიდან სწორედ ამ გზით ვითარდება ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა. 

მწერები

ყველამ ვიცით, რომ ზაფხული მწერებთან ბრძოლის  პერიოდია. კრაზანა, კოღო, ფუტკარი, ბზიკი, ტკიპა თუ სხვა სახეობის საკმაოდ აქტიური მწერები არიან ყველგან - როგორც ქალაქში, ასევე ზღვისა თუ მთის კურორტებზე. შესაბამისად, ბავშვს მწერებისგანაც სჭირდება დაცვა. მწერს განსაკუთრებით იზიდავს ტკბილი სუნი და ამიტომაც სასურველია თავი შეიკავოთ ტკბილი სუნის მქონე მალამოებისა და ტანის სპრეის გამოყენებისგან. სახლში კარგი გამოსავალია ფანჯრებზე  ბადის გაკეთება, ხოლო ბუნებაში ყოფნისას - მწერების საწინააღმდეგო გამაფრქვევლის გამოყენება. 

ველოსიპედი, გორიალა და სხვ. 

ველოსიპედისა თუ სხვა გადასაადგილებელი საშუალების გამოყენების დროს აუცილებელია ბავშვს ეხუროს ჩაფხუტი. ავტომობილით მგზავრობისას გამოიყენეთ მხოლოდ ბავშვებისათვის განკუთვნილი სავარძელი. სულ უნდა გვახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული ასაკიდანაა მართებული.  რა თქმა უნდა, მიუღებელია ბავშვის წინა სავარძელზე მოთავსება.  ასევე მნიშვნელოვანია ყურადღებით ვიყოთ, თუ აუცილებლობის გამო გვიწევს ბავშვის მანქანაში მარტო დატოვება. ყველაზე კარგი გამოსავალია კონდიციონერის ჩართვა, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, მანქანის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ფანჯრები ჩამოწეულია და თქვენს პატარას სიცხეში არ ტოვებთ.


ივანე ჩხაიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი