ბლოგი

ღია ცის ქვეშ აქტივობები, რომელიც საქართველოში უნდა გამოცადო

ყოველი დასვენება ახალი შესაძლებლობაა სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად. თუმცა საინტერესოა - როგორ გავატაროთ ეს პერიოდი ისე, რომ ერთდროულად დავისვენოთ, ახალი ენერგიები მოვიკრიბოთ და კარგი სამახსოვრო დღეებიც დაგვრჩეს?

შვებულებაში ყოფნისას სანაპიროზე გასეირნებისა და მზეზე ყოფნის გარდა, არსებობს სხვა აქტივობები, რომელიც შენს დასვენებას უფრო მრავალფეროვანსა და სრულყოფილს გახდის. ამ ბლოგში სწორედ ამ საკითხს შევეხებით, იმისათვის, რომ შენი საზაფხულო თავგადასავალი, რომელიც შეიძლება ოდნავ დაგვიანებით იწყებოდეს, უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდეს.

რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს საზღვრებს არ გავცდებით, ასე რომ, ეს შვებულება მარტივად შეგიძლია, დასვენების გარდა, ახალი გამოცდილებისა და ემოციების მისაღებად გამოიყენო.

გახსოვდეს, ზოგიერთი აქტივობის გამოცდისას აუცილებელია, მიჰყვე კვალიფიციური ინსტრუქტორის მითითებებს.

პარაშუტი და პარაპლანი

დასვენების პირველ დღეებში გჭირდება ისეთი აქტივობა, რომელიც სრულად გაათავისუფლებს შენს სხეულს და გონებას საქმიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ.

აჭარაში, ზღვაზე პარაშუტით აფრენა ზუსტად ისაა, რაც ყველანაირ ფიქრს აქრობს და რჩება მხოლოდ მომენტით ტკბობა. უბრალოდ ხარ ჰაერში და უყურებ უსასრულო ჰორიზონტს. მიწაზე დაშვების შემდეგ კი დადებითი ემოციებით ხარ დამუხტული და უკვე გენატრება ის ხედი, რომელიც ზღვიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ყოფნისას გქონდა.

პარაშუტით ჰაერში ყოფნას სხვადასხვა სასიამოვნო მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, თუ შენ უფრო დინამიკური ფრენა გადაწყვიტე, გამოსავალი მაინც არსებობს - პარაპლანი.

პარაპლანით ფრენისთვის არ არის აუცილებელი ახლოს იყო ზღვასთან. შენ შეგიძლია საქართველოს ნებისმიერ მხარეში აფრინდე. პარაშუტით ფრენასთან შედარებით, პარაპლანით გადაადგილების სიჩქარე და სიმაღლე გაცილებით მეტია. როდესაც აფრინდები, უცხოს გარდა, ნაცნობ ადგილებსაც ნახავ, მაგრამ ახალი და უფრო შთამბეჭდავი კუთხით.

ზიპლაინი

თუ ჰაერში ყოფნისთვის ნაკლებად ექსტრემალურ გზას ეძებ, შეგიძლია ზიპლაინით დაეშვა. როდესაც გაჭიმული ფოლადის კაბელზე ხარ ჩამოკიდებული, თავს უფრო დაცულად გრძნობ, რადგან იცი დაშვების ზუსტი საწყისი და საბოლოო წერტილები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარაშუტით ან პარაპლანით ფრენის შეგრძნებები უკეთესია, ვიდრე ზიპლაინით დაშვებისას მიღებული განცდები.

თუ შენს გადაწყვეტილებას ზიპლაინზე შეაჩერებ, იცოდე, რომ ეს აქტივობაც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. საირმე, სიღნაღი, მტირალა, ცხრაჯვარი, ბორჯომი, ბაკურიანი, ფოთი და სენაკი - ეს ის ადგილებია, სადაც მოქმედი ზიპლაინებია განთავსებული.

ასევე, თუ დედაქალაქიდან გასვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებ, შეგიძლია კუს ტბიდან დაეშვა ზიპლაინით, რომლის სიგრძე 1200 მეტრია და დღეისათვის საქართველოში ყველაზე დიდ მანძილსაც ფარავს.

დაივინგი და ჯომარდობა

ზიპლაინით დაშვების შემდეგ თუ ისევ სამეგრელოში აღმოჩნდი, დაივინგი შეგიძლია გამოსცადო.

მარტვილის და ნოქალაქევის კანიონები კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველოს წყალქვეშა სამყარო აღმოაჩინო და შენი საზაფხულო თავგადასავალი უფრო მრავალფეროვანი გახადო. კანიონებს რომ მოილევ, შეგიძლია შავ ზღვასაც ესტუმრო და ზღვის ფსკერი დაათვალიერო.

თუ შენთვის წყლის ზემოთ ყოფნა უფრო სასიამოვნოდ ჟღერს, შეგიძლია ჯომარდობში მიიღო მონაწილეობა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიზიდავს ექსტრემალური აქტივობები. თუნდაც სრულიად არასაშიში განტვირთვა გინდოდეს, საქართველოში რამდენიმე მდინარეა, სადაც ჯომარდობის ტური ეწყობა. შესაბამისად, შენ შეგიძლია შეარჩიო შენი სურვილის მიხედვით შესაფერისი სირთულის ტური და ისიამოვნო.

ლაშქრობა და ცხენით მოგზაურობა

კარვებით მოგზაურობა ზოგიერთი ადამიანისთვის ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზს კი მაშინვე მიხვდები, როცა მწვერვალების დაპყრობას ან სულაც, კარავში დაძინებას გამოცდი.

ლაშქრობისას ახალი ადგილების აღმოჩენა ყოველთვის ახალ და დაუვიწყარ ემოციებთან არის დაკავშირებული. თუ ეს მოგზაურობა უფრო განსხვავებული გინდა გახადო, შეგიძლია ცხენების ტური მოაწყო მეგობრებთან ან თუნდაც, შენთვის უცხო ჯგუფთან ერთად.

მთიან რეგიონებში ცხენებით საკმაოდ ხშირად მოგზაურობენ. სვანეთი, თუშეთი, სამცხე-ჯავახეთი და რაჭა-ლეჩხუმი ის მხარეებია, სადაც შეგიძლია ცხენით მოგზაურობისას ისიამოვნო ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებით.

ჰამაკი

და ბოლოს...

აქტიური და სასიამოვნო მოგზაურობის შემდეგ ჰამაკში ნებივრობა აუცილებელია იმისთვის, რომ დასვენების ხიბლი სრულად შეიგრძნო. მიუხედავად ყველა სხვა აქტივობისა, რომელიც უკვე დაგეგმე, დასვენება და განტვირთვა ჰამაკის გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი.

რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ ნებისმიერი ადგილიდან გაქვს შესაძლებლობა, დააზღვიო ბინა 30 წამში და გააგრძელო შენი საზაფხულო თავგადასავალი.