ბლოგი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა

ისევე, როგორც ზრდასრულები, ბავშვებიც განიცდიან უამრავ ემოციას: შიშს, ფრუსტრაციას, სევდას, ბრაზს, გაღიზიანებას. ემოციების ამოცნობა და პოზიტიური გზით გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის. 

ჩვენი ტვინი გადაამუშავებს ამ ყველაფერს და თითოეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გარკვეულ ემოციასთან აკავშირებს. ბუნებრივად და საზოგადოებისთვის მისაღებ ტონად, პოზიტიური ემოციების გამოხატვა ითვლება. რის გამოც, ხშირად ვბლოკავთ იმ უსიამოვნო ემოციებს, რომლებსაც მრავლად განვიცდით. 

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია არა მარტო სიხარულის, არამედ ბრაზის, სევდის და სხვა ნეგატიური ემოციების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციების გამოხატვის სწავლება?

-    ის ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, უფრო თავდაჯერებულად და ეფექტურად ხვდებიან სირთულეებს;
-    უფრო ემპათიურები არიან და მხარდამჭერები სხვების მიმართ;
-    უფრო პოზიტიური და სტაბილური ურთიერთობები აქვთ;
-    ქცევასთან დაკავშირებული ნაკლები სირთულე აქვთ;
-    უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სტრესს;
-    უკეთესი მენტალური ჯანმრთელობა უყალიბდებათ. 


როგორ ვასწავლოთ ემოციების გამოხატვა?

ასწავლე ემოციების შესახებ 

პირველ რიგში, სასურველია პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ მარტივი ემოციების ამოცნობა. მაგალითად, იმის სწავლება, თუ როგორია ბედნიერი, მოწყენილი ან გაბრაზებული ადამიანი. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო კომპლექსურ ემოციებსაც ავუხსნით, მაგალითად იმედგაცრუებას და ნერვიულობას. 

ისაუბრე გრძნობების შესახებ 

ყოველი დღის ბოლოს, ბავშვს ჰკითხე, როგორ გრძნობს თავს, რა ეწყინა, რა გაუხარდა ან რამ გააბრაზა დღის განმავლობაში. ერთად განიხილეთ და ისაუბრეთ მისი გრძნობების შესახებ. 

ანახე, როგორ უნდა გამოიყენონ სიტყვები ემოციების გამოსახატად. ეცადე, ბავშვებს გააგებინო რა ემოცია დევს შენი სიტყვების უკან. მაგალითად: “მე მეწყინა, რომ შენი ტკბილეული დღეს შენს ძამიკოს არ გაუნაწილე. ვფიქრობ, ამის გამო ისიც მოწყენილია”. 

ასწავლე საკუთარი ემოციების სახელდება

როდესაც ბავშვი რაიმე ემოციას განიცდის, მიეხმარე ამ ემოციისთვის შესაბამისი სახელის დარქმევაში. კარგად დაუკვირდი ქცევას, ყურადღება მიაქციე მისი სხეულის ენას, მოუსმინე რას ამბობს. დიდი ალბათობით, მიხვდები, რას შეიძლება გძნობდეს. უთხარით: “ვხედავ, რომ შეშინებული ხარ”, “ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ”, “როგორც ჩანს, გიხარია, რომ ახლა ნაყინის საჭმელად მივდივართ” და ა.შ.

ასწავლე, სხვა ადამიანებში ემოციების ამოცნობა 

მიეცი ბავშვს საშუალება, დაუკვირდეს და მასთან ერთად ამოიცნო მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ემოციები. ემოციების ამოცნობაში დაგეხმარება სხადასხვა ზღაპრის პერსონაჟის მდგომარეობის გააზრებაც. მაგალითად, მულტფილმის ყურების დროს, ბავშვს ჰკითხე: “როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ეს გმირი ახლა?” შემდეგ, ბავშვთან ერთად განიხილე, რას შეიძლება გრძნობდეს ესა თუ ის პერსონაჟი და რატომ. სწორედ ასე, ბავშვი ემპათიას სწავლობს. 

აუხსენი, რომ ცუდი ემოციების არსებობა დანაშაული არ არის და არ გააუფასურო მისი გრძნობები

ნუ განკიცხავ ბავშვს ცუდი ემოციების გამო. თუ გაბრაზებულია, საშუალება მიეცი ბრაზი გამოხატოს, თუმცა ასწავლე ამ ემოციის გამოხატვის კონსტრუქციული გზა;

გოგოებსაც და ბიჭებსაც, ზოგჯერ რაღაც უხარიათ, ზოგჯერ ბრაზდებიან და ზოგჯერ - სწყინთ. იყო ბიჭი, არ ნიშნავს არ გქონდეს გრძნობები და არ გქონდეს მოწყენის უფლება. ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით, გენდერული სტერეოტიპებიც არსებობს. ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ ფრაზა: “კაცი არ ხარ? რა გატირებს!”. თუ მართლა ძლიერი ბავშვები გვინდა გავზარდოთ, პირიქით, მათ ემოციების გაზიარება უნდა ვასწავლოთ. 

ვინც არ უნდა იყოს, უფროსი თუ უმცროსი, გოგო თუ ბიჭი, მას სჭირდება ემოციების გამოხატვა. ამიტომ თუ ბავშვი ტირის, ნუ ეტყვი: “რა გატირებს” ან “არ იტირო”. უთხარი: “მესმის რომ გეწყინა, იტირე თუ გეტირება”; შემდეგ კი ვცადოთ რთული ემოციების გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ და პრობლემა აქედან გადავჭრათ. 

მოუსმინე

ეცადე გაგებით მოეკიდო და კარგად მოუსმინო ბავშვს. საშუალება მიეცი, ბოლომდე დაიცალოს იმაზე საუბრით, რამაც მასში ნეგატიური ემოციები გამოიწვია და ასევე საშუალება მიეცი გამოხატოს პოზიტიური ემოციები. 

იყავი მისთვის სამაგალითო 

თუ შენს შვილს ასწავლი, რომ გაბრაზების გამოსახატად კონსტრუქციული გზა უნდა მოვძებნოთ, მაგრამ მის დასანახავად შენ არ ითვალისწინებთ იგივე რჩევას, მაშინ შენს სიტყვებს არანაირი ძალა არ ექნება.

მნიშვნელოვანია…

ემოციების გამოხატვაზე მთელი ბავშვობის განმავლობაში მუშაობა, მათ შორის მოზარდობის პერიოდშიც. ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ვუმეოროთ, როგორ შეიძლება ემოციების ჯანსაღად მართვა, რადგან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ისინი განსხვავებულ სირთულეებს აწყდებიან და ამ ემოციებთან გამკლავება უწევთ.