ბლოგი

როგორ ვიყოთ მზად ემოციურად და ფიზიკურად, სანამ ორსულობას გადავწყვეტთ

გსმენია გამონათქვამი: “მშობლობისთვის ვერ მოემზადები”? რთულია ამ სიტყვებს შეეწინააღმდეგო, რადგან მშობლობა და ორსულობის პერიოდიც მოულოდნელობით არის სავსე. თუმცა, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი საკითხის წინასწარ გააზრება და მოწესრიგება, ორსულობის პერიოდს და მშობიარობის პირველ დღეებს ბევრად მსუბუქს ხდის. 

როგორ მოვემზადო ორსულობისთვის ფიზიკურად?

ორსულობისთვის ფიზიკური მომზადება ნიშნავს ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც დაორსულების და ჯანმრთელი ბავშვის ყოლის ალბათობას ზრდის. ამისთვის:

დაგეგმე ვიზიტი ექიმთან

ექიმთან ერთად განიხილეთ შენი ჯანმრთელობის ისტორია და ახლანდელი მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობის ის საკითხები, რომლებმაც შეიძლება ორსულობაზე გავლენა იქონიოს. მაგალითად, განიხილეთ:
 

  • რა მედიკამენტებს იღებ ახლა (მათ შორის, ნივთიერებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ ჯანმრთელობასთან, მაგალითად მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც გახდომაში გიწყობს ხელს);
  • გქონია თუ არა რამე გართულება წინა ორსულობის დროს;
  • გაქვს თუ არა რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ან ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები (მაგალითად, სქესობრივად გადამდები დაავადება, დიაბეტი, ჩიყვი და ა.შ);
  • რა ნაბიჯები შეიძლება გადადგა იმისთვის, რომ ნაყოფი ჯანმრთელად განვითარდეს; ბავშვის ტვინის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორგანიზმში საკმარისი ოდენობით ფოლიუმის ქონა, რის გამოც, ექიმები 400 მგ ფოლიუმის მჟავას ნიშნავენ.
  • როგორი ცხოვრების წესი გაქვს: ეწევი თუ არა თამბაქოს, მოიხმარ თუ არა ალკოჰოლს, სტრესულ ან ძალადობრივ გარემოში ხომ არ ცხოვრობ და ა.შ;
  • ვაქცინაცია. არსებობს ვაქცინები, რომელთა გაკეთებაც სასურველია დაორსულებამდე ან ორსულობის პერიოდში. მაგალითად, COVID-19-ის საწინაადღმდეგო ვაქცინა. რატომ? ორსულობის პერიოდში კორონავირუსით დაავდებამ, შესაძლოა, ფატალურ მდგომარეობამდე დაამძიმოს დედის და ნაყოფის მდგომარეობა, ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კი, მნიშვნელოვანია შესაბამისი ვაქცინის მიღება.

გადადი ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ეცადე, დაარეგულიროთ შენი წონა

წონის ნაკლებობამ და ჭარბმა წონამ, შესაძლოა ორსულობის პერიოდში სხვადასხვა ტიპის გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და საკმარისი რაოდენობით ძილი. ჯანმრთელობის გარდა, ვარჯიში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფიზიოლოგიურად უფრო მარტივად იმშობიარო და მშობიარობის შემდგომ მარტივად დაუბრუნდე ჩვეულ ფორმას. 

თამბაქოს, ალკოჰოლის და ზოგიერთი წამლის მოხმარება, პრობლემას უქმნის როგორც ორსულს, ისე მის ნაყოფს. ამის მაგალითებია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დარღვევები და ახალშობილის გარდაცვალება. 

მოერიდე სხვადასხვა ქიმიკატებთან შეხებას

გარემო სავსეა ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. გასაგებია, რომ შეუძლებელია ყველაფერს თავის ავარიდოთ და მაგალითად, სრულიად გავექცეთ გამონაბოლქვისგან დაბინძრურებულ ქალაქს, თუმცა, ეცადე, შეძლებისდაგვარად მოერიდო მავნე ქიმიკატებს (რომლებიც მრავლად არის სახლის მოვლის საშუალებებში), გარემოში არსებულ სხვადასხვა მეტალებს, მცენარეების სპრეებს, შენობებს, რომელთა კედლებიც ტყვიის შემცველი საღებავით არის სავსე და ა.შ.

მოიძიე ოჯახის ისტორია

კარგი იქნება, თუ მოიძიებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ორსულობა შენი მშობლის შემთხვევაში, ხომ არ იყო დაორსულების სირთულე, ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა ან გართულებული მშობიარობა? ოჯახის ახლო წევრებში ხომ არ არის რაიმე დაავადებების ისტორია, რომელთა გამოწვევასთანაც კავშირში არის გენეტიკა? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ შენც იგივე გამოცდილება გექნება, უბრალოდ ოჯახის ისტორიის ცოდნა, შენც და ექიმებსაც პრევენციული ზომების მიღებაში დაეხმარება. 

როგორ მოვემზადო ორსულობისთვის მენტალურად?

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ საყურადღებო და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კი, მომავალი ორსულის მენტალური ჯანმრთელობაა. მენტალური ჯანმრთელობა არის ის, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვუმკლავდებით ცხოვრების სირთულეებს. 

სამწუხაროდ, ზოგი ორსული საკმარის ყურადღებას არ აქცევს მენტალურ ჯანმრთელობას ან არასწორი გზით ცდილობს ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას, მაგალითად წამლების მოხმარებით, ალკოჰოლის ან თამბაქოს მიღებით, საკუთარ თავზე უზრუნველობით. ეს ყველაფერი კი, ძალიან ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ?

შეაფასე საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა

ზოგჯერ, ყველა ნერვიულობს, შფოთავს ან მოწყენილია. განსაკუთრებით ბუნებრივია გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება ორსულებში. თუმცა, თუ მუდმივად განერვიულებული ან სევდიანი ხარ, შესაძლოა ეს რაიმე უფრო სერიოზულის მანიშნელებლი იყოს. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ სპეციალისტს გაესაუბრები. რაც მალე დაიწყებ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მით უფრო მალე იგრძნობ თავს უკეთ. 

გაიაზრე, ორსულობის და მშობიარობის მოსალოდნელი შედეგები

მენტალური მომზადება იმ შედეგების წინასწარ გაცნობიერებასაც გულისხმობს, რომელიც ორსულობას და მშობიარობას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, წონის მატება, უცნაური საკვების მიმართ ლტოლვა, გაღიზინება, სხვადასხვა სახის ტკივილი, ცვლილებები გარეგნობაში და ა.შ. 

ეცადე, რეალური მოლოდინები შეიქმნა ბავშვის გაჩენის შესახებ და გაიაზრო, რომ ორსულობის და შემდგომი პირველი წელი, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, საკმაოდ რთულიც შეიძლება იყოს, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად და მატერეალურადაც.

შეიმუშავე გეგმა

ორსულობა/მშობიარობის მოსალოდნელი შედეგების გააზრების შემდეგ, დაფიქრდი, გამოსვალზე. წინასწარ დადგეგმე, როგორ გაუმკლავდები რომელიმე სირთულეს, მისი წარმოქმნის შემთხვევაში.

მოითხოვე სოციალური მხარდაჭერა

მნიშვნელოვანია, ორსულობის პერიოდის შესახებ კომუნიკაცია პარტნიორთან (თუ გყავს პარტნიორი), ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ ქალებთან, რომლებიც ეხლა გადიან იგივე პროცესს: ორსულებთან და ახალშობილის დედებთან. ასეთი მხარდაჭერის მისაღებად, შეგიძლია სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანდე, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით. 

და ბოლოს… 

დაორსულებამდე ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეცადე, ამაზე ფიქრს საკმარისზე მეტი ყურადღება არ დაუთმო. უბრალოდ შენს თავს მოუსმინე, როგორ გრძნობთ თავს? ფიქრობ, რომ მზად ხარ?  

გახსოვდეს, რომ ზოგი ქალისთვის, დაორსულებისთვის რამდენიმე თვეც საკმარისია, მაშინ როცა ზოგს, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს და ეს სავსებით ნორმალურია.

ასევე, თუ ცოტათი ნერვიულობ, იცოდე, რომ არ ხარ მარტო. ცოტათი შფოთვა, ძალიან ბუნებირვია, განსაკუთრებით პირველი ან დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში.