ბლოგი

COVID-19: რჩევები და რეკომენდაციები კლინიკა “რეიმანისგან”

პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანია სწორად შევასრულოთ COVID-19-თან დაკავშირებული წესები და რეკომენდაციები იმისათვის, რომ სახლის პირობებში საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს უკეთ მოვუაროთ. დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და ჩვეულებრივ, 10-14 დღე გრძელდება, თუმცა, აუცილებელია, ექიმის რჩევებს მივჰყვეთ.

თიბისი დაზღვევა და კლინიკა “რეიმანი” ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე და დაგეხმარება, მართო COVID-19 სახლის პირობებში. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენი ექიმები საქართველოში მიღებული პროტოკოლის მიხედვით დაგეხმარებიან:
 

  • პაციენტთა უმრავლესობა ზედამხედველობის გამარტივებულ რეჟიმს საჭიროებს, რაც განისაზღვრება დაავადების უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობით. ასეთ შემთხვევაში ექიმი დაგიკავშირდებათ დაავადების მე-4 დღეს. მე-9 დღეს პაცენიტი ტოვებს იზოლაციას და გაჯანსაღებულად ითვლება.
     
  • სხვა შემთხვევაში, როცა დაავადება საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს ან არსებობს რისკ-ფაქტორები, პირველადი შეფასების შემდეგ, ექიმი დაგიკავშირდებათ მე-3, მე-6 და მე-9 დღეს. თუ დაავადება კვლავ საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ექიმი დამატებით მე-11 დღესაც დაგიკავშირდებათ.
     
  • პირველადი შეფასების ექიმი და მეთვალყურეობის ექიმი პერიოდულად დაგიკავშირდებიან და მედიკოსთა ფართო გუნდი დააკვირდება შენს ჯანმრთელობას.
     
  • პანდემიის პირობებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი პარტნიორი კლინიკა “რეიმანი” მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, ამიტომ, საჭიროა, ზედმიწევნით შეასრულო ექიმის რჩევები და საჭიროების გარეშე არ დაუკავშირდე ექიმს.
     
  • საჭიროების გარეშე მიღებულმა წამლებმა, მაგ., ანტიბიოტიკებმა, სტეროიდებმა ან ე.წ. „სისხლის გამათხელებლებმა“ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შენს ჯანმრთელობას. პაციენტთა უმრავლესობას არ სჭირდება რაიმე დამატებითი გამოკვლევა ან სპეციფიკური მკურნალობა.
     
  • ექიმი აგიხსნის, რას უნდა მიაქციო ყურადღება; საჭიროებისას, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარო და როდის უნდა დარეკო მორიგე ექიმთან.
     
  • COVID-19-ის დროს ჩატარებული კვლევების საფასური მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), როდესაც ის დანიშნულია ჩვენი ექიმის მიერ, რაც დასტურდება სათანადო მიმართვებითა და ფორმებით.


ინფექციის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, დაიცვა უსაფრთხოების წესები.


კოვიდ-19 ინფექციის მქონე პაციენტებისთვის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების შესახებ რჩევების სანახავად გაეცანით საინფორმაციო ფურცელში.

თიბისი დაზღვევა და კლინიკა “რეიმანი” გისურვებთ ჯანმრთელობას!