ბლოგი

რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხი. ხშირად გვხვდება კვლევები, სტატიები, სიუჟეტები თუ ღონისძიებები, სადაც საუბარია მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე. ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო ბევრმა სახელმწიფომ, კერძო კომპანიამ და ცალკეულმა ადამიანმა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს უზიარებენ. 

WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა. თუმცა ამ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის და დეფიციტური კვლევების გამო, რთულია მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის სრულად აღრიცხვა, ამიტომ ეს ციფრი რეალურად უფრო მაღალია.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. თუმცა, შესაძლოა, ბევრისთვის ჯერ არ იყოს ბოლომდე გასაგები რას ნიშნავს ან რას მოიცავს მენტალური ჯანმრთელობა…

რა უნდა ვიცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

1.    ფსიქოლოგიური ჯანრმთელობა, ფსიქიკური ჯანრმთელობა, მენტალური ჯანმრთელობა - ეს სიტყვები ერთმანეთის სინონიმებია. 

2.    მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ მენტალური აშლილობის დიაგნოზის არქონას არ ნიშნავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს და გამოხატავს მდგომარეობას, რომელშიც:

●    ადამიანი თავს კარგად გრძნობს; 
●    აცნობიერებს იმას, რომ აქვს უნარი, გაუმკლავდეს ცხოვრების ჩვეულ სირთულეებს და სტრესს; 
●    იყოს პროდუქტიული და ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

3.    მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის (მაგ.: დეპრესიის, შფოთვის) მწვავე ფორმას არ გულისხმობს.  ცხოვრების რაღაც ეტაპზე  ყველა ჩვენგანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ხშირად ამას ჩვენ ირვლივ მიმდინარე ყოველდღიური მოვლენები - დაძაბული, არასტაბილური გარემო, ცხოვრების ტრანზიციულ ეტაპზე ყოფნა, თუ დამთრგუნველი სიახლეები/გამოცდილებები  განაპირობებენ. 

4.    მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე.  მოსახლეობის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია, რადგან მენტალურად ჯანმრთელი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადება, უფრო პროდუქტიული და წარმატებულია. 

5.    მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი სრულფასოვანი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურად კარგად ყოფნა. სრულფასოვანი ჯანმრთელობა მენტალურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას აერთიანებს, სწორედ ამიტომაა, რომ ამ სფეროების გავლენა ერთმანეთზე და, ზოგადად, ჯამრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე, საკმაოდ დიდია. 

უფრო კონკრეტულად, მენტალური ჯანმრთელობა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

ემოციური მდგრადობა - გულისხმობს თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას, გრძნობების გაზიარების უნარს. ასევე, სხვების დაფასებას და საკუთარი ემოციების კონსტრუქციულად მართვას. 

სოციალური კეთილდღეობა - მენტალური ჯანმრთელობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების ხარისხს და, ზოგადად, ურთიერთობების შენარჩუნების უნარს, რაც ჩვენს სოციალურ კეთილდღეობას, სოციუმში ყოფნით სიამოვნების მიღებას და ახალი ურთიერთობების დამყარებას განაპირობებს. 

კოგნიტური მდგომარეობა - ის, თუ როგორ და რა საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას გარე სამყაროდან, როგორ გადავამუშავებთ და ვაანალიზებთ, ვიმახსოვრებთ, ვაზროვნებთ და ვჭრით პრობლემებს, დიდწილად სწორედ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული. შესაბამისად, მენტალური კეთილდღეობის გავლენა აშკარაა როგორც ჩვენში მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებთან, ისე გარემოებრივ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობის საკითხებთანაც. 

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და მასზე ზრუნვის საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. საბედნიეროდ, ორგანიზაციებმა და კომპანიებმა სოციალური კეთილდღეობის ფარგლებში ღიად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, შფოთვის დაძლევის ტექნიკები, ფრუსტრაციის გადალახვა, პოზიტიური აზროვნება და სხვა. 

შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გააზრების შემდეგ, მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, უკვე ბევრი ადამიანისათვის პრიორიტეტული ხდება. მენტალური მდგომარეობის შეფასების გზებზე კი, მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.