ბლოგი

როგორ ვიზრუნოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს. შესაბამისად, მისი გავლენა ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზეც ვრცელდება. მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ცხოვრების რომელიმე ერთ ეტაპზე მაინც ყველა ადამიანს აწუხებს. ამისათვის, სამედიცინო დიაგნოზის ქონა აუცილებელი არ არის. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მუდმივი ძილიანობა, უენერგიობა, კვების და ძილის რეჟიმის მკვეთრი ცვლილება, უარყოფითი ფიქრების აკვიატება, ხასიათის გაუარესება, უიმედობის განცდა და სხვა. 

იმისათვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს გავუმკლავდეთ, სასურველია, მივმართოთ სპეციალისტს და მედიკამენტებიც მხოლოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მივიღოთ. თუმცა, არსებობს სხვა საშუალებებიც, რომელთა გამოყენებაც დამოუკიდებლად, ყოველდღიურად შეგვიძლია. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ იზრუნოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ისწავლეთ საკუთარ გრძნობებზე დაკვირვება - ხშირად, ყოველდღიური საზრუნავი და გადატვირთული სამუშაო რეჟიმი ჩვენს გრძნობებზე დაკვირვების დროს აღარ გვიტოვებს, ამიტომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას მანამდე ვერ ვამჩნევთ, სანამ ფიზიკური სიმპტომებიც არ იჩენენ თავს. იმისათვის, რომ თქვენს ემოციურ მდგომარეობას თვალყური ადევნოთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოგეპაროთ, კარგი იქნება, თუ დაიწყებთ დღიურის წარმოებას, სადაც თქვენს გრძნობებს, დღის მთავარ მოვლენებს და განწყობებს თუნდაც სულ რამდენიმე სიტყვით აღწერთ. ემოციებზე დაკვირვებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გაზიარებაც, რაც ნეგატიური აზრებისგან დაცლაში და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

იმუშავეთ საკუთარი თავის მიმღებლობაზე - თანამედროვე კვლევების თანახმად, საკუთარი თავის მიღების დაბალ მაჩვენებელს და მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი მიმღებლობა მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი და ფუნდამენტია. მიმღებლობა და პოზიტიური თვითშეფასება ჩვენს ისეთ უნარებზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა: საკუთარ ემოციებზე სწორი რეაგირება, სტრესისა და ბრაზის დაძლევის უნარი, რთულ გარემოებებთან გამკლავების საშუალებები და სხვა, რაც, თავის მხრივ, ჩვენი მენტალური მდგომარეობის საფუძველს ქმნის. მიმღებლობის ერთ-ერთი მთავარი სავარჯიშო წარსულში დაშვებული შეცდომების საკუთარი თავისათვის პატიებაა. გაიხსენეთ შემთხვევა, რომლის გამოც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ და ეცადეთ, თქვენი თავი ისე გაამხნევოთ, როგორც საუკეთესო მეგობარს გაამხნევებდით. ეს დაგეხმარებათ, გაიხსენოთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და ცხოვრება მშვიდად გააგრძელოთ. 

იგრძენით და გამოხატეთ მადლიერება - თანამედროვე ფსიქოლოგიის თანახმად, ჩვენს ტვინში შფოთვას და მადლიერებას ერთდროულად თანაარსებობა არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ შფოთვამ მოგიცვათ, გაიხსენეთ მომენტები, რომლის მადლიერიც ხართ. მადლიერების გრძნობის გამომუშავება თქვენს ტვინს დადებით მომენტებზე კონცენტრირებაში ეხმარება და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ყოველ დილით ან ღამით (ძილის წინ) ჩამოწერეთ 3 რამ, რისი მადლიერიც ხართ და 3 რამ, რისი მიღწევაც დღის განმავლობაში შეძელით. ეს დაგეხმარებათ, თქვენს თავს შეახსენოთ, რომ დღის განმავლობაში ყოველთვისაა ისეთი სულ მცირე რამ მაინც, რის გამოც იმედიანი და პოზიტიური განწყობა შეგიძლიათ შეინარჩუნოთ. 

იყავით ფიზიკურად აქტიური - ვარჯიში ადამიანის ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონებით ამარაგებს, ამიტომ ის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების (მაგ. შფოთვის, დეპრესიის) დაძლევის ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებადაც კი მიიჩნევა. იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობა შეინარჩუნოთ, არაა აუცილებელი, სპორტდარბაზში დატვირთულად ივარჯიშოთ. მოძებნეთ სპორტის თქვენთვის საინტერესო სახეობა - ცურვა, სპორტული თამაში, აერობიკა ან, თუნდაც, უბრალოდ ბუნებაში სეირნობა და შეეცადეთ, კვირაში რამდენიმე დღე მას დაუთმოთ. 

ყურადღება მიაქციეთ კვების და ძილის რეჟიმს - როგორც აღვნიშნეთ, მენტალური ჯანმრთელობა ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ეს პროცესი ორმხრივია. ფიზიკური კეთილდღეობისათვის დანერგილ ჩვევებსაც დიდი გავლენა აქვთ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ჯანსაღი კვება ორგანიზმს ყველა საჭირო საშენი მასალით ამარაგებს და გვეხმარება, დიდხანს შევინარჩუნოთ ენერგია და დადებითი განწყობა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმსაც, რაშიც როგორც ძილის ხანგრძლივობა, ისე მისი პერიოდულობა (დღისით ფხიზლად ყოფნა და ღამით ძილი) მოიაზრება. 

დაისვენეთ ხარისხიანად - მუდმივ დაღლილობას,  სამსახურით უკმაყოფილებას და ენერგიის დეფიციტს ხშირად “გადაწვამდე” მივყავართ, რაც მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ხშირად ისეთი ფიზიკური სიმპტომების სახითაც ვლინდება, როგორებიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, არითმია და სხვა. გადაწვასთან გამკლავების და მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა ხარისხიანი დასვენებაა, რაც ყოველდღიური რუტინული საქმიანობისგან სრულად მოწყვეტას გულისხმობს. 

გახსოვდეთ, მენტალური ჯანმრთელობა არ არის მიზანი, რომელსაც ერთხელ მივაღწევთ და თავს კარგად ვიგრძნობთ. ეს არის ყოველდღიური, მუდმივი და დინამიკური პროცესი, რომელზე ზრუნვაც პოზიტიური ჩვევების ყოველდღიურ შესრულებას მოიცავს.