facebook logo

მოგზაურობა

სინგაპური კადრებად

იწყება ჩასხდომა ფრენისათვის: თბილისი-დოჰა-სინგაპური. გზა დიდია და დამღლელი. ეს 13-14-საათიანი ფრენაა, რომელსაც ჯილდოდ 3-კვირიანი აფექტის მდგომარეობა უნდა მოჰყვეს. თუმცა, ამის შესახებ ჯერ არ ვიცი.

ბევრისთვის გასაკვირიც კი იყო, როცა პრაღისკენ მქონდა გეზი აღებული, სადაც ჩემი საყვარელი არტისტების ორ კონცერტზე უნდა წავსულიყავი და უცებ აზიაში აღმოვჩნდი. სინგაპურში წასვლაზე არც არასდროს მიოცნებია, შესაბამისად, წინასწარ დაგეგმილი არაფერი მქონდა. მაშინვე ინტერნეტში ქექვა და ინფორმაციის მოძიება დავიწყე.

სინგაპური რუკაზე სულ რაღაც 50 წლის წინ გაჩნდა. ერთი შეხედვით, ის ცათამბჯენებიანი ბიზნესცენტრია, სადაც მაღალი შენობების გარდა არაფერს უნდა ელოდო…

თუმცა, აეროპორტშივე ხვდები, რომ განსხვავებულ ქალაქში შედიხარ. პირველ რიგში, ეს მწვანე ქალაქია. მცენარე, მეორე მხარეს ისევ მცენარე, ისევ სიმწვანე და 13-საათიანი ფრენის დაღლა აეროპორტშივე აღარ გახსოვს.

თებერვალში, როცა თბილისში ძალიან ცივა, სინგაპურში ის ამინდია, რომელსაც მთელი ზამთარი შევნატრით. ამ ქალაქში 3 კვირა გავატარე. მართალია, შემთხვევით აღმოჩენილი ადგილების ნახვას ცალკე ხიბლი აქვს, თუმცა, როცა ასე შორს მიდიხართ, გირჩევთ, თქვენს სამომავლო “საბუდებელს” წინასწარ გაეცნოთ და რამდენიმე წერტილი მონიშნოთ, რომლებსაც პირველ რიგში ესტუმრებით. კიდევ ერთი რჩევა: მონიშნულ ადგილებში, ჯობია, ფეხით მიხვიდეთ, რადგან ყველაზე საინტერესოს სწორედ შემთხვევით, სიარულისას წავაწყდი. შეიძლება მიმართულებიდან არაერთხელ გადაუხვიოთ და ისეთ საოცარ ქუჩაზე აღმოჩნდეთ, მანამდე რომ არც კი წარმოგედგინათ. ასეთებზე, როგორც წესი, ინტერნეტში არ წერენ. რა თქმა უნდა, არის დანიშნულების წერტილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად დაგჭირდებათ, რაც იქ ძალიან მოწესრიგებულია.



აქვე აღვნიშნავ უსაფრთხოებასაც - ამ ქალაქში თავს ყოველთვის დაცულად იგრძნობთ, რადგან პოლიციას თავისი ფუნქცია ბოლომდე აქვს გაცნობიერებული, ამის მოწმე თავადაც გავხდი. წესრიგის დაცვის და წესების შესრულების მოთხოვნას კი არა მარტო პოლიიცისგან, სხვა მოქალაქეებისგანაც იგრძნობთ.

ქალაქი არც ისე იაფია, თუმცა, თუკი გარეთ ჭამას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ აზიური სამზარეულოს ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ, სადაც სულ რაღაც $5-დაც არაჩვეულებრივად დანაყრდებით. აი, მესამე კვირას კი, როცა შენში „დასავლური მე“ იღვიძებს და ბრინჯის ჰამბურგერით ჩანაცვლებას ცდილობ, არ არის გამორიცხული, ცოტა იმედი გაგიცრუვდეს და ჰამბურგერის ნაცვლად ხელში ისევ „ბრინჯბურგერი“ შეგრჩეს.

შეუძლებელია, სინგაპურმა რაღაცით მაინც არ მოგხიბლოთ. თუმცა, მაინც მინდა, ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ადგილები გირჩიოთ: სინგაპურის გამორჩეული სიმწვანე კიდევ უფრო მეტად რომ დაგაბრმავებთ, ასეთი ბოტანიკური ბაღია „Gardens by the Bay”. თუ, სიმწვანის შემდეგ, კუნძულის და სანაპიროების განწყობაზე ხართ, სენტოსას კუნძლს ეწვიეთ, სადაც რამდენიმე სანაპიროა. სენტოსაზე მოხვედრისას, აუცილებლად ისარგებლეთ საბაგიროთი.

ისევ ველური ბუნება: „Night Safari” სინგაპურის ღამის ზოოპარკია, სადაც ღია მანქანით, ცხოველების თანხლებით მშვიდად დასეირნობ. თუმცა ამ გარემოსგან სრულიად კონტრასტულ, ჰოლივუდურ განწყობასაც კი მოძებნით სინგაპურში - მაგალითად, თუ “Universal Studios-ში“ წახვალთ და მის უამრავ ატრაქციონსაც მოსინჯავთ.

გემრიელი სამზარეულოსა და იაფფასიანი სუვენირების ძებნაში Chinatown-ს უნდა ეწვიოთ. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ იქ თავისუფლადაა შესაძლებელი, სუვენირის ფასი 20$-დან უცებ 5$-ზე ჩამოვიდეს.

Little India - ეს ადგილი კი უბრალდ ძალიან განსხვავდება სხვვებისგან თავისი სიჭრელით, ხალხით და გარემოთი. 
 

სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ბუნებრივია, ყველას საკუთარი ინდივიდუალური წარმოდგენები გვექმნება. ზოგს ერთი ადგილი უფრო მეტად მოეწონება, მეორე - ნაკლებად და ამ ქალაქში, შეიძლება, თქვენ სულ სხვა სინგაპურიც აღმოაჩინოთ, თუმცა ერთ რამ ზუსტად ვიცი: სინგაპურიდან უემოციოდ დაბრუნების ალბათობა ნულამდეა დაყვანილი.
 

ავტორი: ნატა ქანთარია

მსგავსი ბლოგები