facebook logo

მოგზაურობა

ხელოვნების მესამე განზომილება

1879 წელს, ესპანეთში 8 წლის მარია მშობლებთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც ოცნებებში გართულმა გზას გადაუხვია და თეთრ ბაჭიას ადევნებული ალისასავით, ორმოში ჩავარდა. ორმოში ჩავარდნილმა, კედლებზე დახატული ულამაზესი ფიგურები აღმოაჩინა, რომელიც დღეს „ალტამირას“ სახელითაა ცნობილი. სწორედ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გამოქვაბულის კედლებზე ეს საოცარი ფიგურები დახატეს, საფუძველი ჩაეყარა ხელოვნებას ისეთი სახით, როგორიც ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და ვითარდებოდა.



მას შემდეგ, ადამიანებს გვყავდა და ვინჩი, ბოტიჩელი, პიკასო და ისეთი მხატვარიც კი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ზღვების გარდა სხვა არც არაფერი დაუხატავს (აივაზოვსკი). დღეს, ადამიანებს ხელოვნებაში ალბათ აღარაფერი გაგვაკვირვებს, რადგან უკვე „სიქსტის კაპელაც“ ნანახი გვაქვს და „შავი კვადრატიც“. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ხელოვნებაში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა - ინსტალაცია, რომელიც სამგანზომილებიანი ხელოვნებაა და სივრცესთან შერწყმისას დღემდე ადამიანების გაკვირვებასა და შთაგონებას ახერხებს.

ნახატის სამყაროში შებიჯების იდეა, ინსტალაციების ხელოვან მიშელ კუზიგუს დიდი ხანის განმავლობაში ჰქონდა. საბოლოოდ, მან პარიზში საკმარისად დიდი სივრცე იპოვა, რათა ავსტრიელი მხატვრების, Gustav Klimt-ისა და Friedensreich Hundertwasser-ის შემოქმედება რეალურ სამყაროში გადმოეტანა და უზარმაზარი გამოსახულებების, სივრცისა და განათებების დახმარებით, მნახველებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება შეექმნა.

ინსტალაციების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისიცაა, რომ ის მოსაწყენი საგამოფენო სივრცის გარეთაც გვხვდება, რადგან ხელოვანები ხშირად ურბანულ სივრცეებს ან ბუნებას იყენებენ ინსტალაციების განსათავსებლად.



მაგალითად, დანიურმა არქიტექტურულმა სტუდიამ „Gjøde & Partnere Arkitekter“ ავსტრალიის ნაპირებზე ისეთი ინსტალაცია განათავსა, რომელიც სანაპიროზე მყოფ ადამიანებს ანიჭებს შეგრძნებას, თითქოს ისინი ყოველი მხრიდან წყლით არიან შემოფარგლულნი.

თანამედროვე ხელოვნების და მათ შორის ინსტალაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მას შესაძლოა ისეთ ადგილებშიც კი შევხვდეთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.


მაგალითად, 2018 წლის კოაჩელას ფესტივალზე გასართობად და Beyoncé- ს მოსასმენად მისული ხალხის გეგმებში, სავარაუდოდ, ტაძრის მონახულება საერთოდ არ შედიოდა. თუმცა, იტალიელმა ხელოვანმა ედოარდო ტრესოლდიმ, ჰიპის სტილში ჩაცმულ ახალგაზრდებს მუსიკალურ ფესტივალზე ბაროკოს სტილის სიურპრიზი დაახვედრა. 

დღეს, მოგზაურობისას უკვე აღარ არის აუცილებელი მუზეუმების დაუსრულებელ რიგებში დგომა, რათა ხელოვნების ნიმუშები ვიხილოთ, რადგან ხელოვნებას შესაძლოა ყველგან შემოვხვდეთ: რომის წვრილ ქუჩებში, პარიზის მიტოვებულ სტადიონებზე, ამერიკულ მუსიკალურ ფესტივალებზე და ამსტერდამის ხმაურიან კაფე-ბარებშიც კი. 

ავტორი: ირინა ბერიაშვილი

წყარო: artsy.net
              dezeen.com
              archdaily.com

მსგავსი ბლოგები