facebook logo

მოგზაურობა

ჩინეთი - ერთი მოგზაურობის ამბავი

ხომ გქონიათ ის მომენტი, გონებაში თქვენს ოცნებას რომ აცოცხლებთ, მისი წარმოდგენით სახეზე ღიმილი გადაგივლით და ბედნიერების შეგრძნება მოდის. ამ დროს, ეს წარმოსახვა შორეული ჩანს. მაგრამ მე მოგიყვებით, როგორ ახდა წარმოუდგენელი ამბავი ჩემთვის, როცა, 1 წლის წინ, ჩინეთში ვიმოგზაურე. 



საქართველოში ჩინეთის ელჩთან საქმიანი შეხვედრის შემდეგ, ერთ დღეს, საელჩოდან სასიმოვნო ზარი მივიღე: მოემზადეთ, 10 დღეში ჩინეთში მიფრინავთო. ამ მაგიური სიტყვებით ჩემი თავგადასავალი დაიწყო.





პირდაპირი ფრენით თბილისი-ურუმჩი 5 საათში ჩინეთის ჩრდილოეთ მხარეში აღმოვჩნდი. თუმცა, ქვეყანა იმდენად დიდია, საბოლოო დანიშნულებამდე, კუნძულ ჰაინანამდე და ქალაქ შანხაიმდე მისაღწევად 2 გადაჯდომა კიდევ დამჭირდა. შიდა გადაჯდომის დროს უკვე განსხვავებულ სამყაროში ხარ. ტურისტები ჩინეთში ძირითადად დიდ ქალაქებს სტუმრობენ, პროვინციებს - იშვიათად. ასე რომ, შიდა ფრენის დროს უკვე ადგილობრივებთან ერთად მარტო ვმგზავრობდი, რომლებიც გამუდმებით მაკვირდებოდნენ და ჩემთვის გაუგებარ ენაზე ღიმილიანი სახით მესაუბრებოდნენ. საოცარი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ინსტიქტურად ჟესტების ენაზე გადასულხარ და სხვადასხვა თემაზე საუბრობ იმ ადამიანთან, რომელსაც შენი ერთი სიტყვაც არ ესმის.



თუ მხოლოდ ჟესტების იმედად ყოფნა არ გსურთ, პროვინციებში მოგზაურობისას სასაუბრო ლექსიკონი წაიღეთ. იქ ინგლისური თითქმის არავინ იცის. დიდ ქალაქებში - პეკინში და შანხაიში, ადგილობრივები სასაუბრო ინგლისურს ფლობენ. კომუნიკაციას რაც შეეხება, ჩინეთში გამგზავრების წინ არ დაგავიწყდეთ, რომ იქ თანამედროვე სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდულია. საკომუნიკაციოდ მხოლოდ ვი ჩათი (We Chat) და ვოთს აფი (whatssapp) გამოყენებას შეძლებთ. საზღვარგარეთ ვერ დარეკავთ, თუმცა სხვა ქვეყნებიდან დაგირეკავენ.





ინტერნეტის გარეშე მხოლოდ პირველი 3 დღე გამიჭირდა. შემდეგ იმდენ სიახლეს წავაწყდი, ვირტუალური სივრცე აღარც მახსოვდა. პირველად უკიდურეს სამხრეთში კუნძულ ჰაინანზე ჩავედი, სადაც 27 მილიონი მაცხოვრებელი, ტროპიკული ზაფხული და ახალი თავგადასავლები დამხვდა.



ამ კუნძულზე მოდის და იწარმოება ბრინჯი, ტროპიკული ხილი, ჩაი, შოკოლადი და მრავალი სხვა პროდუქტი, რითიც შემდეგ მთელი ქვეყანა მარაგდება. იქ ნახავთ, თუ როგორ მუშაობენ ბრინჯის უზარმაზარ პლანტაციებში, როგორ კრეფენ ხიდან კაკაოს, ბანანს, ანანასს და სხვა ისეთ ხილს და ბოსტნეულს, რომლის შესახებ არც გსმენიათ. უცხო ხილს სიფრთხილით და ინტერესით ვაგემოვნებდი. ქუჩაში გასულს, კუნძულის მაცხოვრებლები ჩემთან ფოტოებს იღებდნენ და ტრანსპორტიდან მესალმებოდნენ. ეს ერთდროულად უხერხული და სასიამოვნო შეგრძნება იყო. 



ჩინეთში, ალბათ, აგრესიულ ადამიანები არ არსებობენ. იქ ამბობენ, რომ ადამიანის ბუნებაში სიკეთის კეთების უნარია ჩადებული. ხოლო თუ მასში ბოროტება გაჩნდა, ესეიგი საკუთარი ბუნებით არ მოქმედებს და მისი აღმოფხვრა თავდაპირველი ბუნების აღდგენით შეიძლება. ეს უკანასკნელი კი განათლებით მიიღწევაა. ამ ქვეყანაში გამაოცა იმან, თუ როგორ ახერხებს 1,3 მილიარიდი ადამიანი ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და ჰარმონია შეინარჩუნოს.



ჩემი მოგზაურობა სხვა ქალაქებში გაგრძელდა: მოვინახულეთ სანია - სადაც სილამაზის კონკურსი იმართება ხოლმე; ნანჯინი -ფილმი კუნგ ფუ პანდა ამ ქალაქზეა გადაღებული; სუჯოუ - ჩინეთის, ვენეცია, შანხაი და სხვები. ამ უკანასკნელში მინიმუმ 1 კვირა გჭირდება, რომ ძველი და ახალი შანხაის საოცრებები დაათვალიერო.

ძველ შანხაიში ნახავთ ჩინური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სახლებს, ულამაზესი დეკორაციებით და ექსტერიერით, რომლებზეც, ძირითადად, დრაკონებია გამოსახული. ახალი შანხაი კი სავსეა თანამედროვე მაღალსართულიანი შენობებით, ძირითადად ბიზნესცენტრებით, ულამაზესი ხედებით და ღამის ფერადი ცხოვრებით.

განსაკუთრებით გამაოცა ჩინურმა სამზარეულომ - უგემრიელესი და ჯანსაღია. მწვანე ჩაის კი ვერაფერი შეედრება. მიირთმევენ დღეში 15-20 -ჯერ, პატარა ფინჯნებით, უშაქროდ. გირჩევთ, შეიძინოთ და ჩამოიტანოთ.

რა თქმა უნდა, განუმეორებელია ჩინური ხელოვნება: ულამაზესი კერამიკის ჭურჭელი, ხელნაკეთი ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნახატები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ და სამახსოვროდ წამოიღოთ. ფასებიც ხელმისაწვდომია.



ჩინეთი ის მრავალფეროვანი და მდიდარი ქვეყანა, რომელიც თავისი არსებობით ყოველ წუთს გაოცებს. მისი დათვალიერების შემდეგ იფიქრებ, რომ ის აწარმოებს ყველაფერს, რასაც დანარჩენი მსოფლიო - ერთად აღებული. ეს იყო სიახლეებით, ცოტა შიშით, გაოცებით, და ახლის სწავლით სავსე მოგზაურობა.



 

 

მსგავსი ბლოგები