facebook logo

მოგზაურობა

მისტიკური მატარებელი - მემფისი

მემფისისა და შენი განწყობის სინთეზისთვის მოუსმინე:

მივლინებებისას ყოველთვის იმდენი ბარგი დამაქვს თან, აეროპორტიდან გამოსვლისას, ჩანთის სიმძიმისგან ხელები ორჯერ მაქვს დაგრძელებული და რაღაცით ძალიან ჩამოვგავარ ჰომო ერექტუსს. პროფესიით ანთროპოლოგი ვარ, ანუ ადამიანებს ვსწავლობ, მათ წარმოშობასა და ევოლუციას, რასებს. ეს ისეთი საქმეა, შენს ირგვლივ ერთი ადამიანიც თუ ტრიალებს, სადაც უნდა იყო, მაინც მუშაობ.

მოკლედ, ჩვენი, მე და ჩემი უფროსის სამოგზაურო მიმართულებებს ძალიან უცნაური პრეისტორია აქვს. მანამდე, სანამ დაფინანსებებს მოვიპოვებდით და საზღვრების თვეში მინიმუმ ორჯერ გადალახვას შევძლებდით, მრავალფეროვნებისთვის ფილმებს ვუყურებდით. მხოლოდ ასე შეგვეძლო შეგვესწავლა მეტი ეთნიკური ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევები სრული სიზუსტით არ გამოირჩეოდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ახალი პროფესია შევქმენით: კინოს ანთროპოლოგიური ანალიზი. ახლაც რომ გავიგეთ, სამოგზაუროდ მივდიოდით და ადგილი უნდა აგვერჩია, ბევრი არ გვიფიქრია. ელვისი დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია, ვინც თითქმის ყველაფერს ჰგავს. თავისუფელების ქანდაკებიდან დაწყებული, 2000 წლის წინ მცხოვრები მეფით დასრულებული.

“კინო კვლევების” დასაწყისში ამის გამო სამჯერ მაინც ვნახეთ, ჯარმუშის “mystery train”. ფილმის სიუჟეტი მემფისში ვითარდება და სამი განსხვავებული ნოველისგან შედგება, რომლებსაც მემფისი, ელვის პრესლი და “არკად ჰოტელი” აერთიანებს.

ჩვენ ნიუ-იორკიდან მოგვიხდა ტენესიში ჩამოსვლა. მატარებელი ორჯერ შევიცვალეთ და გზად ელვისის და კარლ პერკინსის ყველა ალბომს ერთხელ მაინც მოვუსმინეთ. მემფისში ჩამოსვლისას ვფიქრობდით, რომ სამი ათეული წლის შემდეგ ქალაქი ოდნავ მაინც დაგვხვდებოდა შეცვლილი(სამი ათეული წლის წინ სკოლაშიც კი არ დავდიოდი, ჯარმუშმა გადაიღო ამ დროს უბრალოდ ფილმი), თუმცა თითქმის ისეთივე დაგვხვდა. ცენტრალური სადგური ისევ ისეთი ძველია და სადგურზე შესასვლელსაც ისევ ისე აწერია “Memphis. Welcome”. ცენტრალურ სადგურში რატომღაც მთელი გულით ველოდი შავკანიან ხანშიშესულ მამაკაცს, რომელიც სიგარაზე მოკიდებას გვთხოვდა, მაგრამ სადგური ცარიელი დაგვხვდა. გამოსვლისას ტაქსი არ გავიჩერებია, გადავწყვიტეთ “Arcade Hotel”-ამდე ფეხით მივსულიყავით. რუკა არ გამოგვიყენებია, სიზარ სტრიტზე ამოვყავით ეგრევე თავი, პატარ-პატარა, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ ფერად სახლებში. მოკლედ, ფილმის მიმართულებით ავიღეთ გეზი.

საღამომდე დაკარგვაც მოვასწარით და უამრავი ელვის პრესლის ვარცხნილობიანი ქალისა და მამაკაცის ნახვაც. ჩემი უფროსი დაჟინებით გაიძახოდა, რომ აქ ახალს ვერაფერს გავიგებდით. რაღაც მომენტში მართალიც იყო, მაგრამ მე მომწონს ეს სირთულე: მოდი და იმსჯელე ამ ადამიანების წარმომავლობაზე, როცა თითოეული მათგანი ელვის პრესლის კარგი ან ცუდი ქოსფლეიერია. ტაქსის ორსაათიან რიგში დგომის შემდეგ, როგორც იქნა მივადექით “Arcade hotel’-ს, რომელიც ახლა სულაც აღარა Arcade და ძალიან გაგვიმართლა Hotel რომ მაინც აღმოჩნდა. ოთახების რეკონსტრუქცია კი გაეკეთებინა ადმინისტრაციას, თუმცა ელვისის სურათები ისევ ისე, საყრდენი კედლის ცენტრში ეკიდა. ბარგი დავტოვეთ და “Arcade Restaurant”-ში გავემართეთ საჭმელად.

“რესტორანი” უცვლელი დაგვხვდა. ლურჯი სკამებითა და მოლოდინით, რომ წამი-წამზე ტიმ როთი შემოვარდება თავის გოგოსთან ერთად, მაგიდაზე შეხტება და იარაღით მუქარას დაგვიწყებს. ბეკონი არასდროს მყვარებია, თუმცა მაინც ბეკონი და შემწვარი კვერცხი შევუკვეთე, როგორც დილეტანტმა კინომოყვარულმა ტურისტმა.

სად უნდა წახვიდე როცა მემფისში ხარ? ყველგან, რაც ელვისს უკავშირდება. ხმის ჩამწერ სტუდიაში “სან” გრეისლენდში, ელვისის სახლში, ელვისის ძეგლთან და ქუჩაში სადაც ყველგან მას დაინახავ. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ქალაქმა იდენტობა ელვისის დაბადებისთანავე დაკარგა. დადიხარ და ხვდები, რომ ამ ქუჩაზე კარლ პერკინსი, ჰოულინ ვუდი, ჯერი ლუისი და ჯონი კეში დადიოდნენ და საერთოდ აღარ გიკვირს, რატომ გადაწყვიტა ჯარმუშმა ფილმში მოჩვენებების თემა წამოეწია. უცნაური კი ის არის, რომ სიარულისას “Mystery train”-ს არ ღიღინებ. John Lurie-ს Tuesday night in Memphis გახლავთ ჩვენი მოგზაურობის საუნდტრეკი.

მსგავსი ბლოგები