მოგზაურობა

ქუჩის ხელოვნება ავსტრალიაში

მას შემდეგ, რაც ქუჩის ხელოვნება მთელს ევროპაში განვითარდა, ნელ-ნელა აზიაში გადავიდა, მოედო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას და მალევე აფრიკაშიც გავრცელდა. ამ სიას არც ავსტრალია ჩამორჩენილა. ნებისმიერი სახის ხელოვნება, განსაკუთრებით კი ქუჩის, ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური კულტურისა და სოციალური მახასიათებლების, ან თუნდაც განსხვავებული ისტორიის წყალობით ყალიბდება. ავსტრალიაშიც, ქუჩის ხელოვნებამ განსაკუთრებული, ავსტრალიური კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიური და თვისობრივი ნარატივი შეიძინა.

ცნობილი ავსტრალიელი არტისტის, Buff Diss-ის შემოქმედება მელბურნში, ვიქტორიას შტატში შეგიძლიათ იხილოთ. იგი სპეციფიური სტილით გამოირჩევა, რადგან ნამუშევრებს ძირითადად ფირის ან წებოვანი ლენტის საშუალებით ქმნის. მის ნახატებში მკაფიოდ ჩანს ტრადიციული გრაფიტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა.

მეორე ნამუშევარი „კენგურუს დისექციის“ სახელითაა ცნობილი და აგრეთვე, მელბურნში მდებარეობს. მისი ავტორი მსოფლიოში აღიარებული, ავსტრიელი არტისტი Nychos-ია, რომელიც სპეციალურად ან ნამუშევრის შესაქმნელად ჩავიდა ავსტრალიაში და ადგილობრივი სტუდიის „Juddy Roller Studios” დახმარებით წარმატებით ჩაიბარა ეს პროექტი. Nychos უკვე 15 წელია მოღვაწეობს ამ დარგში, მის შემოქმედებებში ძირითადად ვხვდებით ადამიანების და ცხოველების დისექციას. როგორც ვიცით, ავსტრალია კენგურუს სამშობლოა და ეს ნახატი არტისტმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს მიუძღვნა. მის შექმნაში სულ რაღაც 4 დღე დასჭირდა.

არსებობენ ისეთი არტისტებიც, ვისაც არ უყვართ ერთ ადგილას გაჩერება და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის პარალელურად ცდილობენ თავიანთი შემოქმედება მსოფლიოს გააცნონ. Reka One არის მელბურნში დაბადებული არტისტი, რომელიც ამჯერად გერმანიაში მოღვაწეობს.



მას არაერთ ქალაქში აქვს დატოვებული თავისი „ხელწერა“, მათ შორის პარიზშიც. Reka-ს სტილი განსაკუთრებული ექსპრესიულობითა და ძალიან მკაფიო ფერთა გამით გამოირჩევა. ასევე, მის ხელოვნებაში მკაფიოდ იგრძნობა ანიმესა და პოპ-არტის გავლენა.

თუ ავსტრალიაში, კერძოდ კი პერთის გარეუბანში, მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ავსტრალიელი არტისტი Martin E Wills -ის ნამუშევარი, სახელწოდებით “MEW”. ან ნამუშევართან გავლისას, კედლიდან უცნაური უცხოპლანეტელი შემოგხედავთ, რომელსაც 60-იანი წლების ვარცხნილობა და დანაწევრებული სხეულის ნაწილები ექნება.



ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამ არტისტის დამახასიათებელი ნიშანი ულევი ფანტაზიაა, რომელიც სავსეა სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებითა და სიურეალისტული შტრიხებით.


მსგავსი ბლოგები