facebook logo

მოგზაურობა

მოგზაურობა არგენტინაში

ყველაფერი ამერიკით დაიწყო. უფრო სწორად, დაბადების დღეზე ნაჩუქარი ნიუ იორკის ბილეთით. მთელი წელი ვაგროვებდი ფულს და ნოემბერის დადგომას გულის ფრიალით ველოდი, მაგრამ ვიზა არ მომცეს. 

დედამიწაზე იმდენი რამეა სანახავი, ბევრი არ მინერვიულია. კომპიუტერი გავხსენი და ჯერ მილანის ბილეთი ვიყიდე, ხასიათის გამოსასწორებლად, მერე კი „სკაისკანერზე“ ჩავწერე: იტალია - ნებისმიერი მიმართულება. აღმოჩნდა, რომ მილანი - ბუენოს აირესი 560 ევრო ღირს. ნიუ იორკში ვერ წავალ, მაგრამ მთელი წლის დანაზოგით, შემიძლია ვნახო არგენტინა, რომელზეც, დიდი ხანია, ვოცნებობ!

როგორ დავგეგმოთ არგენტინაში მოგზაურობა დამოუკიდებლად? ვეცდები, პუნქტებად დავყო მთელი ინფორმაცია. აქ მოგიყვებით განუმეორებელი არგენტინის გამორჩეულ ადგილებზე, სადაც მე ვიყავი.
 

ბუენოს აირესი - იმდენად დიდი ქალაქია, რომ ორ-სამ დღეში ნახვა წარმოუდგენელია. მაგრამ რადგან მე მხოლოდ ორი დღე მქონდა და პირველივე დღეს მინდოდა ქალაქი მთლიანად მენახა, ტურისტული ავტობუსით ვისარგებლე.



2 დღიანი მარშრუტი 20 ევრომდე ღირს: 10-ენოვანი აუდიო-გიდი, ქალაქის ისტორია, ნებისმიერ უბანში ჩამოსვლის და იქიდანვე, ან სხვა გაჩერებიდან ტურის ხელახლა გაგრძელების სრული თავისუფლება, ღია სივრცე, შესანიშნავი მუსიკა - ქალაქის ტურის იდეალური ვარიანტია.

პუერტო მადრინი - ექსკურსიების პაკეტის ყიდვა ყველგან შეგიძლიათ: ტურისტულ ცენტრში, სააგენტოში, ნებისმიერ ჰოსტელსა და სასტუმროში.

ორი ძირითადი მარშუტია: პენინსულა ვალდესი და პუნტა ტომბო. ვალდესის ნახევარკუნძულზე ნახავთ აქლემის რამდენიმე ნაირსახეობას, ბუებს, მაგელანის პინგვინების მცირე კოლონიას და რაც მთავარია, ყურეში გემით გახვალთ ვეშაპების სანახავად.



ეს დღის მთავარი სანახაობაა, რადგან, თუ, მეორე დღეს, პუნტა ტომბოს ნახვა გაქვთ გადაწყვეტილი, პინგვინებით აღფრთოვანებას იქაც მოასწრებთ. პუნტა ტომბოში 350 ათასი პინგვინი ცხოვრობს და ეს ყველაზე დიდი კოლონიაა.



პუერტო მადრინში ზღვის ლომებთან ერთად ცურვაც (ყვინთვა) შეგიძლიათ და საოცარი გამოცდილებაა.

უშუაია - ფინ დელ მუნდო - “სამყაროს დასასრული”. ეს არის ყველაზე მაცდუნებელი სახელის მქონე, ყველაზე დამაინტრიგებელი და ოცნებების კორიანტელის ქალაქი.



იმის წარმოდგენა, რომ სამყაროს დასასრულს ჩახვალ, სურათს გადაიღებ ტაბლოსთან, რომელსაც დიდი ასოებით აწერია “სამყაროს დასასრული”, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მისულს პასპორტში პინგვინიან ბეჭედს ჩაგირტყამენ წარწერით “ანტარქტიდის კარიბჭე”, რომ პატაგონიის არქიპელაგში, ბიგლის არხში, გემით გახვალ, ზღვის ლომების ღრიალს მოისმენ და სამყაროს ბოლო შუქურას ნახავ, ალბათ ნებისმიერს აუჩქარებს გულს. ამიტომაც უშუაიაში ყოველთვის მილიონობით ტურისტია.

ელ კალაფატე - პატარა, საყვარელი ქალაქია. იქ ჩასვლის ძირითადი მიზეზი სამყაროს ყველაზე ლამაზი მყინვარის, აისბერგების “მშობლის”, პერიტო მორენოს ნახვაა. ტურის პაკეტს სასტუმროშივე იყიდით.



არა აქვს მნიშნველობა რომელ ტურს აირჩევთ, ამ დღეს მაინც ვეღარასოდეს დაივიწყებთ. მეორე დღეს ელ ჩალტენის ნახვა შეგიძლიათ, 1-დღიანი ტურია. მას ტრეკინგის დედაქალაქს ეძახიან - თუ მთაში სიარული გიყვართ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ.

პუერტო იგუასუში იგუასუს ჩანჩქერებს ორი მხარე აქვს: არგენტინის და ბრაზილიის. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ბუნების ამ სასწაულით, როცა 270 ჩანჩქერი ერთდროულად ეშვება ღრმულში, რომელსაც “გარგანტა დე დიაბლო” – “ეშმაკის ყელი” ქვია.



აქ მართლა ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ უზარმაზარი გოლიათი ერთიანად ყლაპავს და ნთქავს მთელ სამყაროში არსებულ წყალს და როცა, უკვე სუნთქვაშეკრულს, თავბრუ გეხვევა და, გგონია, მალე შენც თან ჩაგიტანს ქვემოდან მოშტერებული სიცარიელე, წყალზე ერთბაშად სამი ცისარტყელა აირეკლება და ყველაფერი თავიდან იწყება.



ეს არის უმართავი ემოცია. ყველაფერი ერთად გინდა: ტირილი, ყვირილი, სიცილი, სიყვარული და ბოლოს ისევ ტირილი, რადგან სანამ შენ ამ უზარმაზარი ჩანჩქერის წინაშე სუნთქვაშეკრული დგახარ, ან სურათის გადაღებას ცდილობ, ვერც კი ამჩნევ როგორ სველდები. აქ უკვე რომანტიკა მთავარდება და აუცილებლად უნდა იფიქრო ტექნიკის შხეფებისაგან დაცვაზე.

მსგავსი ბლოგები