facebook logo

მოგზაურობა

ამბავი განუწყვეტელი მოგზაურობისა

ოდესმე გიფიქრიათ, რომ რეალურად შეგეძლებოდათ რივენდელის ელფური სამოთხისა და გამწვანებული შირის ნახვა, ვეს ანდერსონის ჯადოსნურად ფერად სასტუმროში დასვენება და ჰოგვორტსის იდუმალ დერეფნებში ხეტიალი?

კინო პირველი ვიზუალური შთაბეჭდილებების წყაროა და განუწყვეტელი მოგზაურობის, კოსმოსური განზომილებების მონახულებისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. სამყაროს თავიდან მხოლოდ აბსტრაქტულად ვეცნობით, სხვის თავგადასავლებს ვხედავთ და ვესწრაფვით ფილმების პერსონაჟების მსგავს ცხოვრებას, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენი რეალობა ყოველთვის იქ არის, სადაც დავტოვეთ.

ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულების ტერიტორიები, განსაკუთრებით მატამატა, პიტერ ჯექსონის მიერ გაცოცხლებულ ჰობიტონისა და შირის არსებობაში დაგაწრმუნებთ. ახალი ზელანდის ბუნებრივი ლანდშაფტები მართლაც სამოთხეს მოგაგონებთ; განსაკუთრებით, ველინგტონის ზღაპრულად ლამაზი კაიტოკეს რეგიონალური პარკის დათვალიერებისას რივენდელის მაცხოვრებელი ელფების უეცარი გამოჩენა ალბათ არც კი გაგიკვირდებათ.

ოქსფორდი, ინგლისი - ეს ის ადგილია, რომლის პირველად ხილვისას თქვენი სკეპტიციზმი ჯადოსნური სამყაროს დედამიწაზე არსებობის შესახებ მინის ბურთივით დაგემსხვრევათ. მე-16 საუკუნის გლუსესტერის კათედრალის თაღები, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ბიბლიოთეკის დარბაზები და ალნიკის სასახლისკედლები იმიტომაც არის ყველასთვის ძალიან ნაცნობი, რომ სწორედ აქ ებრძოდნენ ბოროტებას ჰარი პოტერი და მისი მეგობრები, აქ ეძებდნენ საიდუმლო ოთახსა და საგულდაგულოდ დამალულ სულის ნაწილებს.

ვეს ანდერსონის მიერ შექმნილი ერთი შეხედვით რეალური სამყარო თავისი იდეალური სილამაზით ზღაპრულ სივრცეს არაფრით ჩამოუვარდება. სინამდვილეში, Grand Budapest Hotel-სთვის შექმნილი ვიზუალები და არარსებული, ზუბროვკას რესპუბლიკაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ესთეტიკის მაგალითზეა შექმნილი. ჩეხეთში, კარლოვი ვარში, მწვანე მთების მაღალ მასივებში ვარდისფერ სასტუმროს შენიშნავთ, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ანდერსონის საკულტო გრანდ ბუდაპეშტს.

ასე რომ, კარგი სიუჟეტური ხაზი რეალურ ადგილებსაც კი უფრო მეტად მომხიბვლელსა და სიმბოლურს ხდის. სელინისა და ჯესის რომანტიული შეხვედრა ფილმში “მზის ამოსვლამდე” ვენისკენ მიმავალ მატარებელში ხდება. ავსტრიის დედაქალაქში ჩასულებს, დიდებული ალბერტინის სასახლის ხილვისას აუცილებლად გაგახსენდებათ ჯესის პოემა, ხოლო პრატერის ეშმაკის ბორბალზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ ამ ფილმის გამოც კი გსურდეთ.

თუმცა მხოლოდ რომანტიული განწყობა არ გვაიძულებს მოგზაურობას: ბელგია, ბრუგე და ორი მკვლელი, ანუ ინდი ფილმების კლასიკა “ბრუგეში”_ ფილმის დაძაბული სიუჟეტის მიუხედავად, მაყურებელს ვერაფრით გამორჩება ის ადგილები, სადაც პერსონაჟები ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ და რომლებიც შუა საუკუნეების ევროპის კულტურის სამაგალითო ნიმუშებს წარმოადგენს.

კარგი კინო საშუალებას იძლევა, გადავცუროთ ოკეანეები და გავარღვიოთ ფიზიკური საზღვრები. თუმცა ისიც ფაქტია, ყველაზე ზღაპრული ადგილებიც კი აქ, დედამიწაზე, არის წარმოდგენილი. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალური მსოფლიოს აღმოჩენამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს.

ავტორი: თაკო ქართველიშვილი

მსგავსი ბლოგები