facebook logo

მოგზაურობა

7 დღე სტამბოლის გარშემო

დატვირთული დღის შემდეგ, გალათას უბანში, ქართულ კაფე “გალაქტიონში” ვიჯექით მეგობრებთან ერთად და თურქულ ჩაის ხაჭაპურთან ერთად მივირთმევდით. უცბად ვიღაც კაცი კაფეში ხმაურიანად შემოვიდა და თან ხალისიანი განწყობაც შემოიტანა. ცოტა ხანში სელჩუკი ჩვენ მოგვიბრუნდა, საუბარი გაგვიბა და ჩვენი მოგზაურობის ამბები გამოგვკითხა. როგორც გაირკვა, მასაც ჰყოლია ქართველი წინაპრები, რამაც ჩვენი საუბარი უფრო შორს წაიყვანა და საბოლოოდ მის სახელოსნოში აღმოვჩნდით.

კაცი პასტელურ ფერებში შეღებილ ოთახში

სელჩუკმა თავისი სახელოსნო დაგვათვალიერებინა, რომელშიც საკუთარი ხელით გაკეთებული უცნაური ნაკეთობები ჰქონდა: ნიღბები, ძალიან დიდი ბეჭდები, რომელსაც მხოლოდ თვითონ თუ მოირგებდა, სპილენძის ბიუსტები და რაც მთავარია, ერთი ძალიან ლამაზი სავარძელი, რომელიც მთლიანად სხვადასხვა სახის მეტალებით იყო აწყობილი. სავარძელი სელჩუკს იმდენად დიდი გამოუვიდა, რომ სახელოსნოს კარშიც ვერ ატევდა. სახელოსნოს ფანჯრის დაზიანება და ამწეთი გამოტანის იდეა კი სააერთოდ არ ხიბლავდა, ამიტომაც სავარაუდოდ სავარძელი დღემდე იმ პატარა სახელოსნოში უდევს.

არეული ოთახი

მის შემოქმედებაში, ისევე როგორც მთლიანად სტამბოლში იგრძნობოდა აღმოსავლური და დასავლური კულტურების საინტერესო შერწყმა.

ჩემოდნები და ხალხი

ეს ქალაქი ბევრ ასეთ საინტერესო ადამიანს იტევს თავის ძველ, ისტორიულ და ვიწრო ქუჩებში. თუ სეირნობას ტაქსიმიდან ისტიკლალისკენ დაიწყებ ყოველ 100 მეტრში იგრძნობ თუ როგორ ერევა ამ ევროპულ ნაწილს ძველი, აღმოსავლური კულტურა.

ტავშალიანი გოგონები სხედან ხალიჩაზე

უამრავ თანამედროვე და მაღალ შენობებს ნელ-ნელა ცვლის პატარა ისტორიული ნაგებობები, იკლებს ხალხით სავსე ბარები და კაფეები, ხმაურიანი ახალგაზრდობა, ბრენდული მაღაზიები და თითქოს გადადიხარ სულ სხვა სამყაროში, სადაც ყოველი კუთხე სიძველით, კულტურით და აღმოსავლური ღირებულებებით არის შექმნილი და შემონახული.

ბიჭები და კაცი

პირველი ორი დღე ევროპულ ნაწილში გავატარეთ, სადაც ძირითადად თურქულ ლაჰათლუჰუმებს ან გარეთ გაკეთებულ წაბლებს ვჭამდით და თან ლამაზ სუვენირებს ვყიდულობდით საჩუქრად. საღამოობით კი ტაქსიმის ქუჩაზე ვსეირნობდით და ხმაურიან ბარებში ლუდს ვსვამდით.

ახალგაზრდები იღებენ სურათებს

მოგზაურობის მესამე დღეს გადავედით აღმოსავლურ ნაწილში, მთავარი ტურისტული ადგილების სანახავად. აუცილებლად სანახავი ლოკაციების მოვლა ლურჯი მეჩეთით დავიწყეთ, რომელიც საოცარი, ცისფერი ორნამენტებით მოხატული ინტერიერით გამოირჩევა. შემდეგ აია სოფიაში გადავედით, სადაც ყველანი გაოცებულები დავრჩით ძველი ქრისტიანული და მუსულმანური კულტურების იდელაური გაერთიანებით.

ლამაზი ფანტანის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი

რა თქმა უნდა, ცისტერნა ბაზილიკაც ვნახეთ, რომლის საოცრად მისტიურმა გარემომ, ჩვენც თითქოს ცოტა ხნით იმ განუმეორებელი ისტორიის ნაწილი გაგვხადა.

მოზაიკური კედელი და სამლოცველო

ყველა ამ ადგილის მონახულებისთვის იმაზე სამჯერ მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ჩვეულებრივ ტურისტები ანდომებენ ხოლმე. ყოველ ჯერზე, წამოსვლას დავაპირებდით თუ არა, დემეტრე სადღაც იკარგებოდა ფოტოაპარატით ხელში და ჩვენც ლოდინი გვიწევდა. სამაგიეროდ, დღეს სამახსოვროდ საუკეთესო ფოტოები გვაქვს.

ქალები წითელი ყუთების ფონზე

მოგზაურობის ბოლო დღეს გემით გავისეირნეთ ბოსფორის სრუტეზე და შორიდან დავათვალიერეთ ულამაზესი ქალაქი. გირჩევთ, თქვენც აუცილებლად მიხვიდეთ გალათას ხიდზე, სადაც მუდამ უამრავი მეთევზე დგას და გემით შემოიაროთ სტამბოლის სანაპიროები.

ადამიანები უყურებენ ზღვის ხედს

შვიდი დღე ნამდვილად არ ყოფილა საკმარისი სტამბოლში სამოგზაურაოდ და ამ ქალაქის უნიკალური ხასიათის ბოლომდე ასათვისებლად.

ავტორი: ნუცა ქუთათელაძე

ფოტო: დემეტრე დათიაშვილი