მოგზაურობა

პარიზული ამბები

ჩემი ყველაზე არატურისტული მოგზაურობა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალტურისტიან ქალაქში, სპონტანურად, მეგობრის აივანზე დაიგეგმა. გადავწყვიტეთ, რომ გაზაფხულზე პარიზში მცხოვრებ მეგობართან წავსულიყავით.

რადგანაც პარიზში მანამდეც ვყოფილვართ, თავიდანვე გადაწყდა, რომ ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიც ეიფელის კოშკი და ლუვრია აღარ ვნახავდით. საერთოდ მგონია, რომ თუ ქალაქის კარგად გაცნობა გინდა, ისეთი ადგილები უნდა მოინახულო, სადაც ადგილობრივები დადიან, ერთობიან და ისვენებენ.

გაგვიმართლა, რადგან ჩვენი სახლი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში აღმოჩნდა. პირველ დღეს ჯაზ-ბარში წასვლა გადავწყვიტეთ, რომელშიც ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ძალიან კარგი ბენდის მოსმენა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბარი იმ კიბეების პირდაპირ არის, საიდანაც გილი წარსულში ხვდება, ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“.

ზოგადად, პარიზში ნებისმიერ წამს შეიძლება იგრძნო თავი წარსულში, როგორც გილმა, ამ ქალაქში თითქოს წარსული და აწმყო შერწყმულია. შეიძლება შემთხვევით შეხვიდე კაფეში, სადაც ჰემინგუეი წერდა და სეზანი ხატავდა ან აღმოჩნდე სახლში, რომელშიც რომელიმე ცნობილი დიზაინერი ცხოვრობდა.

ბარიდან სახლში დაბრუნებულს გამახსენდა, რომ შემდეგ დღეს, ჟან-პოლ ბელმონდოს დაბადების დღე იყო. გადავწყვიტეთ, მისამართი გაგვეგო და წერილი დაგვეტოვებინა. დილას შოკოლადის მაფინი ვიყიდეთ და ბელმონდოს სახლისკენ გავემართეთ. მთავარი სიურპრიზი მის სახლთან დაგვხვდა; ჩვენს გარდა, ქუჩაზე ათობით ადამიანი იდგა მისი ფოტოებით და ბიოგრაფიული წიგნებით. როგორც გაირკვა, ყოველ წელს თავის დაბადების დღეზე ბელმონდო ეზოში ეპატიჟება ფანებს, რომელთა ნაწილიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ დღის აღსანიშნავად ჩადის პარიზში.

საყვარელი მსახიობის მოლოდინში სრულიად უცნობი ადამიანები მოულოდნელად ახლობლებად ვიქეცით. გავიცანით გერმანელი კაცი, რომელიც ყოველ წელს ჩადის პარიზში 9 აპრილს, ფრანგი ქალი, რომელიც მზად იყო დაღამებამდე მდგარიყო ქუჩაში. სამწუხაროდ იმ წელს ბელმონდომ დაბადების დღის სხვანაირ გარემოში აღნიშვნა გადაწყვიტა და ჩვენი ლოდინი უშედეგო გამოდგა და დიდი ფრანგი მსახიობისთვის განკუთვნილი სადაბადებისდღეო მაფინიც თავადვე შევჭამეთ.

დარჩენილი ერთი კვირა ძირითადად ლამაზ ქუჩებსა და და პარკებში სეირნობაში გავატარეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქის ყველაზე დიდ პარკ, ვინსენის ტყეში, ტბის ცენტრში, კუნძულზე დგას 1860 წელს აშენებული “სიყვარულის ტაძარი”, რომელიც ნაკლებად ცნობილია ტურისტთათვის.

“სიყვარულის ტაძარში” მოსახვედრად, ტბის ნავით გადაცურვაა საჭირო. პარკში, რომელის ტერიტორიაც 995 ჰექტარს მოიცავს, შეგიძლიათ ნახოთ ვინსენების სასახლე, რომელიც თავდაპირველად სამეფო რეზიდენცია იყო, შემდეგ კი - ციხე, ტროპიკული ბაღი და ბონსაის სათბური, თბილ ამინდში ვინსენის ტყე საუკეთესო ადგილია პიკნიკის მოსაწყობად.

მონმარტრზე სეირნობისას, ვიპოვეთ კაფე “ორი წისქვილი”, რომელშიც ამელი პულენი მუშაობდა.

პარიზში თითქმის ტრადიციაა საღამოობით სენას სანაპიროზე ჩამოჯდომა, ფრანგული ყველისა და ბაგეტის ჭამა და წითელი ღვინის სმა, აქ შეიძლება შეხვდე, როგორც ხმაურიან ახალგაზრდებს, ისე მოხუცებს, ბავშვებსა და ტურისტებს. ალბათ იმისათვის, რომ პარიზი ისე გაიცნო როგორც პარიზელმა, ერთი და ორი კვირა საკმარისი არ არის, თუმცა, შესაძლებელია, იმდენად მშობლიური გახდეს, რომ ყოველთვის მზად იყო დასაბრუნებლად.

ავტორი: ლიზა ალფაიძე

მსგავსი ბლოგები