facebook logo

მოგზაურობა

ბონჯორნო, იტალია

ყოველთვის, როცა მოგზაურობაზე ვფიქრობდი, ზუსტად ვიცოდი, ჩემი ოცნების ქვეყანა იტალია იყო! ერთ საღამოს ჩემი შეყვარებული იტალიის მიმართულებით აღებული ბილეთებით მოვიდა, იმ წამიდან დავიწყე ფიქრი რას ველი ქვეყნისგან, რომლის კულტურული და ისტორიული ღირებულებებით შორიდანაც მოხიბლული ვიყავი.

ჩასვლა

აფრენისას სოსომ მითხრა, იტალია ევროპის გულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვისო. მთელი ფრენის მანძილზე ერთი სული მქონდა როდის დავდგამდი ფეხს ამ საოცნებო ქვეყნის მიწაზე.

პირველი ქალაქი, სადაც მივდიოდით, ვერონა იყო, თუმცა გზად გადაჯდომა გვიწევდა, თავი იტალიის ქალაქ მოდენაში ამოვყავით, ღამის 2 საათზე ფეხით მოვიარეთ ქალაქი გზად პატარა კაფეში შევიარეთ, სადაც ქალბატონი გვემსახურებოდა, გამთენიისას, დილის 4 საათზე, ალბათ მხოლოდ იტალიელ ქალს შეუძლია იყოს გაპრანჭული.

ვერონა

და აი, ჩავედით ჯულიეტასთან. რამდენიმე ხიდისა, ვიწრო ქუჩისა და იტალიური სახლების გავლის შემდეგ Casa di Giulietta-ს მივადექი.

ქანდაკების მკერდზე სურვილი ჩავიფიქრეთ, წერილი დავტოვეთ და ჯულიეტას აივნიდანაც გადავიღეთ ფოტო. თუ თქვენც გყავთ თვენი რომეო ან ჯულიეტა, აქაურობა სწორედ რომ შესაფერისია ადგილია შეყვარებულებისთვის. თითქმის ყოველ კედელზე ციტატაა შექსპირის პიესიდან - რომეოს და ჯულიეტას აჩრდილები ამ ქალაქს, მუდმივად თან სდევს...

ფლორენცია

ფლორენცია ქალაქია, რომელსაც ჩემი გული სამუდამოდ ეკუთვნის. გვიან ჩასულებმაც გავაცნობიერეთ, აქაურობის ჯადოსნურობა!

გაღვიძებისთანავე გავემართეთ ფლორენციის ღირსშესანიშნაობების სანახავად,. მთავარი საკათედრო ტაძრის ნახვამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება გამოიწვია მაშინვე გავიფიქრე- ფლორენცია, მე შენ მიყვარხარ..

შემდეგ PonteVecchio-სკენ გავემართეთ. ხიდზე საოცარი არქიტექტურითა და პატარა კაფეებით. ფლორენციაში სეირნობისას მიხვდები, ეს ადგილი არქიტექტურის დრესასწაულია. დაღლილები საღამოს სანტა კროჩეს მოედანზე მოვხვდით, სადაც დანტე ალიგიერის ძეგლი გადმოგყურებდა.

ლიტერატურისა და არქიტექტურის გავლენით თაავბრუდახვეულებმა ამჯერად იტალიური აპერატივის დაგემოვნება გადავწყვიტეთ. ეს იყო მოწითალო-მონარინჯისფრო, მომწარო გემოს მქონე სასმელი, რომელიც საკვების მიღებამდე უნდა დალიო, რათა მოხდეს გემოვნური თვისებების შეგრძნება. რამ უფრო დამათრო ზუსტად ვერ ვიტყვი, მცირედმა ალკოჰოლმა თუ ხელოვნების სიდიადემ.

მილანი

მეტროში დუომოზე ამოსვლა ავირჩიეთ, რადგან სახლი ცენტრიდან მოშორებით გვქონდა.



როგორც კი მეტროდან ამოვედით უზარმაზარი, საოცრად ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა მილანის დუომო დავინახეთ, მე სუნთქვა შემეკრა. ამ სილამაზეს მილანური წვიმა დაემატა. ეს კადრი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ჩემს ცხოვრებაში.

მიმტანს, მზარეულს, გამყიდველს, მძღოლს - სოსო ყველას აღტაცებული უყვებოდა, რომ ფეხმურთის მატჩზე დასასწრებად დერბიზე მიდიოდა. ისინიც იმავე ემოციით პასუხობდნენ. ფეხბურთი აქ ხომ კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ტრადიციული ტოსკანური პროდუქტებისგან, მილანში, ლომბარდიის გულში პასტა თავად მოვამზადე. სოსოს ძალიან მოეწონა. ამდენი პასტის ჭამისგან, მზარეული თქვენშიც აუცილებლად გაიღვიძებს. ხოლო თუ განსაკუთრებულ ადგილას გინდათ ივახშმოთ, გაითვალისწინეთ ყველა რესტორანი 7 საათის შემდეგ მოგემსახურებათ, დაჯავშნა ზოგჯერ აქაც სავალდებულოა.

წამოსვლა ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ახლა მეც ზუსტად ვიცოდი , რომ იტალია ჩემთვისაც ევროპის გულია. ამ ქვეყნის თავბრუდამხვევმა სილამაზემ თავისი არქიტექტურით, ლამაზი კაფეებითა და დაუვიწყარი კულინარიით ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მის კარგად გასაცნობად აუცილებლად კიდევ და ბევრჯერ დავბრუნდები.

ავტორი: მარიამ მაღულარია