facebook logo

მოგზაურობა

ჰოსტელები, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდიან

„არასოდეს იცი, რა მოხდება“ - ეს წინადადება ჰოსტელების მნიშვნელობას ყველაზე კარგად აღწერს. მისაღებ ფასიანი და არასტანდარტული სივრცე შესანიშნავი ადგილია ახალი თავგადასავლების შესაქმნელად. პირველ რიგში, ამაში ხელს განსხვავებული ადამიანები გიწყობენ. ვის არ ნახავ აქ: სტუდენტს, პოლიტიკოსს, საპნის ოპერის ყოფილ მსახიობს. რაც არ უნდა ჩვეულებრივად დაიწყო დღე, ვერ გათვლი, საღამოს ვისთან ერთად მოგიწევს ლუდის დალევა. აქ განცდილი განსაკუთრებული მომენტები ნამდვილად არ შეედრება მდიდრულ აპარტამენტში, საკუთარ ოთახში გატარებულ დროს.

ვის არ უნდა ჩრდილოეთის ციალის ნახვა? იმაზე რას იტყვით, ამ დაუჯერებლად ზღაპრული მოვლენის ყურება საკუთარი ოთახის ფანჯრიდან რომ შეგეძლოთ? ასეთი რამ ნამდვილად შესაძლებელია, ფინეთის სოფელ აკასლომპოლოს ჰოსტელ 7fellhostel-ში თუ მოხვდებით. იქაური, ხისგან აგებული ჰოსტელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ეს ყველაფერი ერთად განსაკუთრებით მყუდროდ გაგრძნობინებთ თავს და გიტოვებთ განცდას, რომ მხოლოდ თქვენ ხართ სამყაროს ამ უჩვეულო ნათების მომსწრე.

ბარსელონას ჰოსტელ ტოკში თავი ნამდვილ პოპ-სტარად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ეს ის ჰოსტელია, რომელშიც „50 Cent-მა” ვიდეო ჩაწერა, ჰოსტელების პოპულარიზაციის მიზნით. აქ ყველაფერია, რაც თავს ვარსკვლავად გაგრძნობინებთ, მდიდრულ სასტუმროს არაფრით ჩამოუვარდება. ღია აუზი , სასმელის მრავალფეროვანი არჩევანი, გემრიელი კერძები - მეტი რა უნდა ინატრო? სასტუმროს მომსახურებას ემატება ჰოსტელის მომხიბვლელობა.

ვეს ანდერსონის ესთეტიკას იგრძნობთ ჰოსტელ ანი ენდ ჰაკიენსში. მისი ფერადი, ავანგარდული სტილი მხიარულ, ცოტა უცნაურ და ვინტაჟურ გარემოს ქმნის. ეს ადგილი კიდევ მრავალნაირად შეიძლება დახასიათდეს, თუმცა, მისი მრავალფეროვნების შეგრძნება და ფილმის პერსონაჟად თავის წარმოდგენა, დამეთანხმებით, პირადად ჯობია.

ლივლივი წყალზე. ვის არ მოუნდება, ღამე გაათიოს მოტივტივე ოთახში? სერბეთში მდებარე ;აკაბარკა ჰოსტელში ეს შეგიძლიათ, რომლის ხედიც მდინარე დუნაიზე გადის. მისი მესიჯია: დარჩი ქალაქში და იგრძენი ბუნება“. ჰოსტელი გასაკუთრებით კომფორტულია როლიკებისა და ველომოყვარულებისთვის, სპეციალური ბილიკებისა და ველოსიპედების სიმრავლის გამო. ვისაც ფეხით სეირნობა ურჩევნია, იქიდან ბელგრადის ცენტრში, სულ რაღაც, ოც წუთში შეუძლია მოხვდეს.

თურქეთში მდებარე „კადირის“ ხის ჰოსტელი გაგახსენებთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობდით. იქ ბავშვობის ფანტაზიები რეალური ხდება. სახლი ხეზე, კლდეზე ცოცვა, ყვინთვა და ცურვა - ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთების საშუალებასაც ეს ადგილი გაძლევთ. თან, ამ ყველაფერს, ბავშვობისგან განსხვავებით, არავინ დაგიშლით. ამ უდარდელ სილაღეს დამატებული მოზარდების ღამის კლუბი განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

„სელინა მანუელ ანტონიო“ - კოსტა რიკაზე მდებარე ჰოსტელი, რომელიც სამოთხის წარმოდგენებთან ძალიან ახლოსაა. დღეს იქ “მზის მისალმებით“ იწყებ, ამაში პროფესიონალი იოგას ინტრუქტორი დაგეხმარება. ჰოსტელი ჯანსაღ ცხოვრების წესზეა ორინეტირებული. შეფ-მზარეული საკვებს მხოლოდ ბიოპროდუქტებით დაგიმზადებთ. ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად, წახალისებულია შემოქმედებითი აქტივობებიც, რომლებსაც დამსვენებელზე თერაპიული ეფექტი აქვს. საუკეთესო ადგილია თავგადასავლების მაძიებლებისთვის. თუ ჯერ არ გიცდიათ, შეგიძლიათ ჰოსტელის სერფინგის კლუბში ჩაეწეროთ.

ჰოსტელში დარჩენის შედეგი ნახევარი ფასი და ორჯერ მეტი მხიარულებაა. ჰოდა, ჩაალაგეთ მინიმალური ბარგი და მაქსიმალური სიამოვნებისთვის მოემზადეთ.

ავტორი - ნინა ღუღუნიშვილი