facebook logo

მოგზაურობა

ესპანეთი - მზიანი მოგზაურობის ამბები

ბავშვობაში მეგონა, რომ ესპანეთში თუ წავიდოდი იქ ჩემს დაკარგულ და ახლობელ ბასკებს ვიპოვნიდი. ბევრი წლის შემდეგ მართლა ვიმოგზაურე ესპანეთში, სადაც, მართალია ბასკი ნათესავები არ მიპოვია, მაგრამ ისეთი ადგილები ვიპოვე, ამ მოგზაურობით ჩემ წილ ბედნიერებაზე მეტი მერგო.

ნახატები კედელზე

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ბარსელონას ცხელ მიწაზე შეყვარებულთან ერთად დავდგი ფეხი და რომ ავიღე ერთ დღეში უკვე 20 კმ მქონდა გავლილი. სეირნობა უცხო ქალაქში განსაკუთრებით საინტერესოა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბარსელონაში - ცოცხალ მუზეუმში - უსასრულოდ დადიხარ.

ფერადი სახლი და გრაფიტი გარაჯზე

ხომ არის, რომ ყველა საინტერესო ქალაქს ერთი ადამიანის სული, სტილი და შთაგონება დაყვება ხოლმე. სადაც არ უნდა გაიარო, ამ ადამიანითაა ყველაფერი მოცული. როგორც ვენაში მოცარტი “ცოცხლდება” ტურისტულ მაღაზიებში თუ პარკებში, ისეა აქაც. ბარსელონა ცნობილი კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდის ქალაქია და მისი ზედმიწევდით ინდივიდუალისტური ნამუშევრები ყველგან და ყველაფერში იგრძნობა.

ყვითელი სახლები

გაუდის კარგად გაცნობა თუ გინდა, გაუდის პარკს უნდა ეწვიო. ეს პარკი, თავისი სახლ-მუზეუმით, მთელი ქალაქის ხედით და ლურჯი სახლით, ცოტათი ზღაპარს ჰგავს, რომელიც ბარსელონას კარმელ ჰილზე იწყება.

ლამაზი შენობა

ერთ მხარეს თუ ტურისტებით სავსე საგრადა ფამილიას შემოგარენში სეირნობ და გგონია ამდენი ადამიანი და ამ შენობის სიდიადე ჩაგყლაპავს, სადღაც ბარსელონას არატურისტული, არანაკლებ საინტერესო მხარეც იმალება. ამიტომ, შენი გემოვნება თუ გაუდისთან არა და სადმე სხვაგან არის, შეიძლება შენი “იერუსალიმი” ბარსელონას შედარებით ღარიბ უბნებში, სთრიტ არტებიან და ინტერნაციონალურ დასახლებებში იპოვო.

მოზაიკები და შენობები

ბარსელონას შუაგულში გოთიკურ უბანშიც აღმოჩნდები, სადაც შეიძლება დროის და სივრცის აღქმა დაკარგო. ყველაფერი იმდენად ისტორიულია, გავიწყდება აწმყოში ხარ თუ შუა საუკუნეებში.

ბევრი გრაფიტი

სიჭრელე, კულინარია და კულტურული მრავალფეროვნება თუ გიყვარს ბარსელონას ბაზრობა აუცილებლად სანახავი ადგილია. იქიდან გამოყოლილი ზღვის პროდუქტების მძაფრი სუნი და გემო შეიძლება საქართველომდეც ჩამოგყვეს.

ლამაზაივნებიანი შენობა

თუმცა, კატალონია მხოლოდ ბარსელონა არ არის. ვისაც პატარა ქალაქები უყვარს, ჩასვლისთანავე რომ გაუშინაურდები და ადამიანებიც სხვანაირები არიან, მორიგი ზღაპარი ბარსელონადან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ სიჩესში იწყება.

ბევრი სხვადასხვა ტკბილეული

სიჩესი ისეთი ციცქნა და თვითკმარია, რომ ერთ დღეში შემოვიარეთ მთელი ქალაქი და მისი ერთადერთი ეკლესიაც.

ხალხი გაჩერებაზე

როგორც ხდება ხოლმე ესეთი პატარა და ლამაზი ქალაქების შემთხვევაში, ერთი დღეც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მის შესაყვარებლად.

ლურჯდარაბებიანი მოთეთრო სახლი

კატალონიის ზღვის კლდოვანი სანაპირო ცალკე ამბავია. ხომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ზღვა მთელ სამყაროს იტევს, აქაური სანაპიროებიც ამ ადამიანებისთვისაა, ვისაც დაღლა უნდა, ბედნიერი მოგონებებიცა და ახალი ემოციების წყალისთვის გატანება.

ლამაზი სკვერი და შენობები

თუ ბედნიერების წყლისთვის გატანება არ გინდა, ბარსელონადან კიდევ უფრო ჩრდილოეთში, საფრანგეთთან ახლოს ჟირონაა ან სულაც ხირონა, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან.

ზღვა და სანაპირო მზოიან დღეს

ჩრდილოეთ კატალონიის ყველაზე დიდი ქალაქი სავსეა გოთიკური ეკლესიებით, შუა საუკუნეების ციხე-კოშკებით, ლამაზი არხებით, ფერადი სახლებითადა კარიბჭეებით, რომლებიც “სამეფო კარის თამაშების” სერიებშიც მოხვდა.

სხვადასხვა სტილი ერთ შენობაში

აქ სიარული შენი ან სხვისი ქვეყნის ისტორიაში მოგზაურობას და მტვრიან წიგნებში ძრომიალს ჰგავს, როცა დარწმუნებული ხარ რომ სადმე გადამალულ განძს გადააწყდები და შენთან წაიღებ.

მოკირწყლული ქუჩები

სამწუხაროდ, განძი არ მიპოვია, მაგრამ პოვნა კი არა, სულ რომ ყველაფერი დამეკარგა, რაც გამაჩნდა, ესე მგონია, “ხელცარიელი” მაინც ვერ ჩამოვიდოდი უკან, თან იმდენი ემოცია და სავსე შთაბეჭდილებები მომქონდა.

ყვითელი სახლი

ავტორი: მარიტა მაზანიშვილი