facebook logo

ბლოგი

პირველი ქართველები კუნძულ რეიუნიონზე

ბავშობაში, როდესაც მოგზაურობაზე ვფიქრობდი, ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ ადგილებზე, რომლებიც რთულად მიღწევადი იყო. ერთ დღესაც მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ რომ, სულ რაღაც ორ თვეში ვიქნებოდით პირველი ქართველები, რომლებიც დედამიწის უკიდურეს სამხრეთით მდებარე კუნძულზე დავდგამდით ფეხს.

გარეთ წვიმდა, ამინდის გამო ყველაფერი ნაცრისფერი და ხმაურიანი მეჩვენებოდა, დაიწყო ჩასხდომა რეისზე: პარიზი - სენ დენი (კუნძული რეიუნიონი). ოცნების კუნძულამდე ჯერ კიდევ 12 000 კილომეტრი იყო დარჩენილი.

ტერიტორიულად, რეიუნიონი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ადმინისტრაციულად კი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. აეროპორტში პირველი რასაც გაიგებთ, ჩიტების ჟღურტულია, ირგვლივ კი სიმწვანე და ტროპიკული სურნელი ტრიალებს.



მაშინ როცა მთელს ევროპაში შუაგული ზამთარი და ყინვაა, აქ ზაფხულია, +35°C.

კუნძულის სანაპიროებიდან, პლაჟ დე ეღმიტაჟ ერთ-ერთი ადგილია, სადაც ბანაობა დაშვებულია. ოკეანეში ულამაზესი თევზები დაცურავენ, ხოლო თუ ცოტა შემაღლებული ადგილიდან გადახედავთ, დაინახავთ როგორ ყვინთავს და ტრიალებს გიგანტური ვეშაპი ლურჯ წყალში.

კუნძულის ერონული პარკის ტერიტორიაზეა მსოფლიოში ყველაზე აქტიური ვულკანი პითონ-დე-ლა-ფურნეზი (2631 მეტრი), რომელიც ყოველწლიურად სულ მცირე ორჯერ იფრქვევა.

არქიტექტურის მხრივ, კუნძულის ყველაზე მრავალფეროვანი დედაქალაქი სენ-დენია, ფართო და სწრაფი გზებით, თანამედროვე თეთრი სახლებით, მე-19 საუკუნის ევროპული შენობებითა და კრეული არქიტექტურული სანახაობებით.

7 წლიანი მშენებლობის შემდეგ, რეიუნიონის გარშემო, ოკეანეში გზა გადის, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს კუნძულის ერთი წერტილიდან მეორეზე მოხვედრას.

მიუხედავად ადგილის სიმჭიდროვისა, აქ 150 მდე განსხვავებული ეთნიკური და რელიგური უმცირესობა დასახლებული, რაც უფრო სასიამოვნოსა და ჰარმონიულს ხდის გარემოს. მეჩეთები, ბუდისტური, ინდუსური, კათოლიკური, ბაპტისტური, პროტესტანტული ტაძრები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობები ყველა პატარა სოფელსა თუ ქალაქშია მიმოფანტული.

კუნძულზე სხვადასხვა მეურნეობას ეწევიან: მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი, ბანანი, ინდური მანგო, ვანილი და შაქრის ლერწამი, რომლისგანაც აწარმოებენ შაქარსა და რომს.

ყოველ შაბათ საღამოს ოჯახები ერთმანეთს წვეულებებზე ეპატიჟებიან და შუაღამემდე ტრადიციულ კრეულ სიმღერებზე ცეკვავენ. აქ მოხვედრილს აუცილებლად მოგიწევთ უგემრიელესი ტრადიციული ლუდი ბურბონის და 49 გრადუსიანი რომის დაგემოვნება.

კუნძულ რეიუნიონზე 12 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალაქი და პატარა სოფლები მოვინახულე, თითოეული მხარე გამოირჩევა კულტურულად განსხვავებული მოსახლეობით, ისტორიით, თავგადასავლებითა და მრავალფეროვანი ტრადიციებით. ეს არის კუნძული, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ გაგრილდეთ ჩანჩქერებსა და მდინარეებში, უყუროთ ვულკანის ამოფრქვევას, იცურაოთ დელფინებთან ერთად, ინდოეთის ოკეანეში ან ილაშქროთ ჯუნგლებსა და უდაბნოში.

ავტორი: მურთაზ ბოლქვაძე