facebook logo

ბლოგი

ბარსელონა - უმშვენიერესი ჰორიზონტი (ნაწილი I)

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიახლოებული თვითმფრინავი, სინუსოიდური ტრაექტორიით, ხან მარცხენა და ხან მარჯვენა მხრიდან გვიშლის ხედს. ქარი მსუბუქად არხევს ხომალდს, ზარები რეკავენ და ჩემი ოცნება ნელ-ნელა ხდება.

თითქოს, ესპანეთის ავიასისტემა ტურისტის განწყობაზე თავიდანვე ზრუნავს და მას ზედხედშივე აჩვენებს სიმეტრიულ კუბებს, მათემატიკის რვეულივით დაზოლილ ბარსელონას, რომელშიც კალმით გახვრეტილი ფურცლის ამონახეთქივით მოჩანს გენიალური საგრადა ფამილია.

Barcelona – such a beautiful horizon (ბარსელონა - უმშვენიერესი ჰორიზონტი)

Barcelona – like a jewel in the sun (ბარსელონა - როგორც მზეში სამკაული) Let the songs begin (და აი, სიმღერაც იწყება)



აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალს, რა თქმა უნდა, მთავარი ტრაფარეტი შემოგხვდება: „ბარსელონა“. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც მადრიდიდან მომავალი პედრო ალმოდოვარის ფილმის პერსონაჟი გაივლის. ქალაქში დიაგონალის გამზირით შედიხარ - ეს ქუჩა მთელ ქალაქს დიაგონალზე ჭრის. პირველი გაჩერებაა კატალუნიის მოედანი, რომლიდანაც იწყება გზა სანაპიროსკენ.

კადრი ფილმიდან: All About My Mother

თუ სანაპიროზე მოხვედრა გინდათ, ყველაზე ცნობილი ქუჩით, ლა რამბლათი (La Rambla) მოგიწევთ. რაც უფრო უახლოვდები სანაპიროს, მით უფრო მეტი სიშიშვლე გხვდება თვალში. გზის მარცხენა მხარეს წარწერა „ლა ბოკერიას“ (La Boqueria) დაინახავთ. ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ქართველებისგან ხშირად გვესმის, კატალონიელები ძალზე გვგვანან და, კერძოდ - კოლხებსო.

ლა ბოკერიაში შესულს დაგხვდებათ ჩვეულებრივი შენობა, არაჩვეულებრივი ხილითა და ზღვის პროდუქტებით გადავსებული დახლებით. ისეთი ბაზარია, რომელშიც ბავშვობაში ბებიასთან ერთად დავდიოდი. ბაზარში სიარული ბარსელონაშიც რიტუალია, აქ ნახავთ მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმლით, საზაფხულო ფერადი ქუდებითა და მარგალიტებით შემოსილ ქალბატონებს. თუ ხამონი გიყვართ, სწორედ „ბოკერიებში“ უნდა შეიაროთ.

განვაგრძოთ გზა სანაპიროსკენ. ჩაუვლით ბარსელონის ოპერის თეატრს და სანამ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ძეგლს მიადგებით, მინდა არაჩვეულებრივ ლა რაბლას ქუჩაზე მოგითხროთ, სადაც, დღის განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს.

ქუჩა ქალაქის ამ მხარეს ორ, სრულიად განსხვავებულ ნაწილად ჰყოფს. ეს არის დაყოფა როგორც არქიტექტურულად, ასევე მენტალობით, შეხედულებებით და სუნითაც კი. ზღვისკენ მიმავალ, მარცხენა მხარეს გოთიკური უბანია, სადაც უამრავი პატარა ქუჩა, დაბალი სახლი და ძველი ძეგლია (ჩვენ კიდევ გავივლით ამ ქუჩებში).

მარჯვნივ კი განლაგებულია უბანი, რომელიც ძალზე იდუმალი და ცოტა მსუბუქიცაა, ბნელიც... ქალაქის ეს ნაწილი სავსეა ალმოდოვარისეული „Agrado-ებით“ - ქალბატონებით, რომელთა ფუნქცია მამაკაცების გამხიარულება და თავდავიწყებულ თავისუფლებაში გადაშვებაა, ამიტომ, მათ „სიხარულებს“ ეძახიან. ასეთი ქალიც და კაციც ბევრი შეგხვდებათ, განსაკუთრებით შემოღამებულ უბანში.

გზას განვაგრძობთ სანაპიროსკენ და აი, ისიც: გამოჩნდა კოლუმბის ძეგლი, რომელიც, ზღვისკენ ხელგაწვდენილი, მრავალ ტურისტს კვალს უბნევს. ისტორიულად ვიცით, რომ კოლუმბმა ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინა. ქანდაკებას კი ხელი ტუნისისა და ალჟირის სანაპიროებისაკენ გაუწვდია.

ოქროს ქვიშიანი სანაპირო და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს ერწყმის, შენც წინ მიიწევ და აღმოაჩენ, რომ ამ პროცესს ასევე ერწყმის უამრავი დედიშობილა ადამიანი.

ზღვის სანაპიროთი მოხიბლულს ორი არჩევანი გაქვს: ან გოთიკური უბნით უკან დაბრუნდე, ან მონჯუიკის მთას კაქტუსების ტყის მხრიდან აუყვე. მთის წვერზე ასულს ბარსელონისა და ხმელთაშუა ზღვის ხედები გადაგეშლებათ. ამ დიდ პარკში შეხვდებით ცნობილ ოლიმპიურ სტადიონს და ესპანეთის ყველა მხარისთვის დამახასიათებელ გარემოს და არქიტექტურას.

ეთნოგრაფიული მუზეუმია და თან რეალურია ადამიანებით, მაღაზიებით, გალერეებით, რესტორნებით; ჩქეფს ესპანური სისხლი და სიცოცხლე. აქედან გამოსული, კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კიბეებზე შემომდგარი, გაჰყურებ პლასა ესპანიას; ამ გრძელი და განიერი ქუჩის ყურებისას უნდა დახუჭო თვალები, წარმოიდგინო მოცეკვავე შადრევანი, ხალხით გადაჭედილი მოედანი და ხელები გაშალო - ეს ის ადგილია, სადაც ფრედი მერკურიმ და მონსერატ კაბალიემ 1988 წელს დაუვიწყარი სიმღერა „ბარსელონა“ „გაშალეს“ ხმებში.

მოედნის მეორე მხარეს არენას დე ბარსელონაა - ამ ადგილას ახლა სავაჭრო ცენტრია, ხოლო ადრე კორიდა იმართებოდა. ცნობისათვის, ახლა კატალონიაში კორიდა აკრძალულია.

ამ ხედით ტკბობისას, აუცილებლად შეამჩნევთ ტიბიდაბოს გასართობ პარკს. ამ მთაზე ასულს დაგხვდებათ ტაძარი, რომლის თავზეც ხელგაშლილი ქრისტეს ქანდაკება ქალაქს გადაჰყურებს. მასზე ამბობენ, რომ ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს ქანდაკების პატარა ასლია.

აქვეა საინტერესო არქიტექტურით გამორჩეული თანამედროვე ანძა. თუმცა, ამ ქალაქში, არქიტექტურაზე საუბრისას, მხოლოდ გაუდი უნდა ვახსენოთ. კერამიკული ფილებით სავსე ქალაქში, ყველა გზა გაუდის ნამუშევართან მიგიყვანს.

ავტორი: გიორგი დათუკიშვილი