facebook logo

ბლოგი

ორსაუკუნოვანი სახლი Airbnb-ზე ანუ იფიქრე ბებიაზე

როგორც წესი, სასარგებლო რჩევებს ასე ასათაურებენ ხოლმე: „როგორ გავხადოთ ბიზნესი წარმატებული?“ ან: „10 წესი, რომელიც, სულ მალე, მილიონერად გაქცევთ“...

მე კი გადავწყვიტე, ჩემი მოსაზრებები უფრო ამბის სახით მოგიყვეთ, ვიდრე მშრალად ჩამოწერილ დებულებებად. ეს უფრო გამოცდილების გაზიარებაა, ვიდრე რჩევა.

განცხადება „For Sale” დიდ, ულამაზეს ფანჯარაზე გამოეკრათ. ძველი სახლის ფასადი და სადარბაზო ახალი აღდგენილი იყო. უფრო იმისი ინტერესი მკლავდა, ფანჯრების მიღმა რა იმალებოდა. მხოლოდ ოთხი კედელი და თითქმის ორსაუკუნოვანი წარსული. ჩემი პირველი ფიქრი: „იქნებ, ამ შპალერების მიღმა ძველი ნახატებია, ან, იქნებ, ამ ხნის განმავლობაში, ვინმეს კედლებში საიდუმლო სამალავი ჰქონდა, სადაც სანუკვარ წერილებს ინახავდა?“

ეს ყველაფერი საინტერესო თავგადასავლის დაწყებას ჰგავდა.

მარტივია, შეხვიდე და ყველაფრის ერთბაშად გადაკეთება დაიწყო. ერთ კვირაში უკვე ვეღარც გაიხსენებ, იქ მისულს რა ფერის კედლები დაგხვდა. მაგრამ ეს მაშინაა იოლი, თუ არც კი ფიქრობ მათზე, ვინც იქ შენს მოსვლამდე ცხოვრობდა. არადა, ამხელა ისტორიის მქონე სახლში როცა ხარ, რთულია გაექცე აზრებს: „აქ ხომ ათასგვარი ამბავია დატრიალებული, ამ კედლებს ხომ უამრავი სიხარული, ტკივილი, იმედი, თუ სევდა ახსოვთ?!“

შპალერის დაახლოებით ოთხი ფენა დავითვალეთ და თითოეულის სტილი კონკრეტულ ეპოქაზე ჰყვებოდა: სხვა და სხვა დროის აბრეშუმი, შემდგომ, კომუნისტების დროინდელი მოსკოვიდან ჩამოტანილი “აბოები”, ბოლოს კი უკვე თურქული მასალა. სწორედ აქ გაჩერდა ამ სახლის ისტორია. ნახატების მაგივრად, ფერმკრთალ ცისფრად შეღებილი კედელი აღმოჩნდა, ზედ გაკრული ძველი, გაყვითლებული გაზეთებით. ამის გადარჩენა შეიძლებოდა და ძალიან გაგვიხარდა, რომ ისტორიის გარკვეულ ნაწილს შევინარჩუნებდით.

სახლის კარი საღებავის სხვადასხვა ფენით იყო დამძიმებული. ალბათ, ყველა მაცხოვრებელმა თავისი გემოვნების და შესაძლებლობის შესაბამისად აირჩია. გადაღებვა ბევრად მარტივია, ვიდრე იმ ბუნებრივი და ძველი ფენების ძებნა, რომლებიც ამ კარზე წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ და ერთკვირიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ამ ადგილის სხვადასხვა დროის ყველა ბინადრის გემოვნება და მათი ცხოვრების პატარა დეტალები გამოვაჩინეთ

შემდეგ ეროვნულ არქივსაც მივაკითხეთ, სადაც სახლის გადაკეთების შესახებ 1912 წელს შენახული დოკუმენტები და ნახაზებიც ვიპოვეთ. ისინი ჩვენს სტუმრებს ძველი სახლის ისტორიის ერთ ნაწილს მაინც უყვება.

იფიქრე ბებიაზე!

ბებიაჩემი სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც სახლში ფუსფუსი ძალიან უყვარდა.

რაც დრო გადის, სულ უფრო ეპოტინები წარსულს, იხსენებ დეტალებს, რომ ისინი არ გაქრნენ და არ დაგავიწყდეს. ნივთები ერთგვარად გეხმარება ამ წარსულის შენარჩუნებაში. ასეთ ნივთებს ვერ შეიძენ ვერც მაღაზიაში და ვერც ძველმანების ბაზრობაზე. მათ, უბრალოდ, შენი წინაპრების ისტორია არ ექნებათ.



თქვენი ბებიის და ბაბუის ერთი, სულ უბრალო ნივთიც კი თქვენს ახალ სახლს სხვა ხიბლს შესძენს. მე, მაგალითად, ბებიის განჯინაში საგულდაგულოდ შენახული, ეგრეთ წოდებული „სამკურნალო ქილები“ ვიპოვე, რომლებსაც, ძველ დროს, გაციებულ ადამიანს მოსამჯობინებლად ზურგზე ამაგრებდნენ. მათგან მშვენიერი პატარა ლარნაკები გამოვიდა, სადაც დღეს ციცქნა ყვავილები ხარობს და, ჩემი აზრით, სტუმრებსაც ახარებს.

მცდარი თეორია!

გასაქირავებლად გინდა? - მაინც გაგიფუჭებენ და ნუ იწვალებ.

როგორც კი ამ საქმეს ზერელედ მიუდგებით და წარმოიდგენთ, რომ აქ თქვენ არ უნდა იცხოვროთ, იმ წამსვე, ბინა უემოციო, უინტერესო, ცარიელ არსებას დაემსგავსება. გახდება მხოლოდ ოთხი კედელი და არა ადგილი, სადაც ადამიანებმა საკუთარი ცხოვრების საუკეთესო დღეები უნდა გაატარონ. ამიტომ, გამოიყენეთ შანსი და თქვენი სახლით უცხო ადამიანებს თქვენი ქვეყნის, წინაპრების და თუნდაც იქ მცხოვრები ადამიანების ისტორია მოუყევით. ეს ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ახლად შეღებილი თეთრი კედლები.

ანგელოზი დეტალებში იმალება

ბინაში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია - ის, რაც ყველას სჭირდება და ისიც, რასაც მხოლოდ ერთეულები აქცევენ ყურადღებას. სისუფთავე, გამართულად მომუშავე კომუნიკაციები, სწრაფი ინტერნეტი - ამათ გარდა, სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორები სტუმრის განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს. ბინაში შემოსვლისას, სტუმრებს მაგიდაზე პატარა თაიგული თუ დახვდებათ, ზაფხულის ჟამს კი მაცივარში - რომელიმე ცნობილი მინერალური წყალი, ეს ყველაფერი, შემდგომში, თქვენს ბინაზე მათ მიერ დაწერილ გამოხმაურებაში აუცილებლად აისახება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სტუმარი ღვთისაა

ეს გამოთქმა „ეარბიენბის“ რომ სცოდნოდა, აუცილებლად სლოგანად გამოიყენებდა. მადლობა ღმერთს, საქართველოში ეგ ამბავი არ გვესწავლება. ამიტომაც, ეს ბუნებრივი უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სტუმარი ურთიერთობის პირველივე წუთიდანვე უნდა გრძნობდეს, რომ მისი გამოჩენა უხარიათ, რომ მას ისე მიიღებენ, როგორც ძვირფას და ახლობელ ადამიანს და ყველაფერში მხარში დაუდგებიან. ეს კი, ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე - მიმოწერის, ან ტელეფონზე საუბრის დროს იწყება.

საბოლოოდ კი, ამ სფეროში, ისევე როგორც ყველა სხვაში, მთავარი - სიყვარულია. გიყვარდეს სტუმარი შენი, ისევე როგორც თავი შენი და ეს საქმე არა მარტო ფინანსურ წარმატებას, დიდი სიამოვნებასაც მოგიტანს.

ავტორი: ტაპი ზაქარიაძე

ფოტო: გიორგი აბდალაძე