facebook logo

ბლოგი

მოგზაურობა ბერლინში

 

მოგზაურობის დაგეგმვა 2017 წლის ნოემბრში დავიწყეთ. ჩემი მეგობარი სალომე ახალი ჩამოსული იყო თავისი ევროპული თრიფიდან და მისი ემოცია მეც გადმომედო. გადავწყვიტეთ 2018 წლის ზაფხულამდე ფული შეგვეგროვებინა და გზას გავდგომოდით ევროპისკენ.

ბერლინი იმ სამი ქალაქიდან ერთ-ერთი იყო, რომლის ნახვაც გვინდოდა და რომელზეც მრავალი ისტორია გაგვეგო წარსულიდან თუ აწმყოდან. ეს ქალაქი ცოცხლობს და მისი არსებობა მაშინაც კი არ შეწყვეტილა, როცა ის ორ ნაწილად გაიყო 1961 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად და თითქმის 30 წელი მთლიანობადაკარგული ის მაინც არსებობდა, თითქოს ძალებს იკრებდა.

მოკლედ 2018 წლის 25 ივლისს უკვე ბერლინში ამოვყავი თავი და ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი თუ რამხელა ქალაქი იყო ჩემ წინ, რამდენი საინტერესო ისტორია და ადგილი მელოდა ბერლინური დღეების განმავლობაში.

ბერლინში დაკარგვა მარტივია. პირველივე დღეს აეროპორტიდან სახლში მიმავალნი დავიკარგეთ. დანარჩენი დღეები ამას სპეციალურად ვცდილობდით, თან ყურსასმენებში Moby-ს “Go” ჩამესმოდა, როლის მელოდიაც მიბიძგებდა მემოძრავა. მეც უბრალოდ ვმოძრაობდი და ქუჩებს უშრეტი ენერგიით მივუყვებოდი.

როდესაც ბერლინში იკარგები გინდა არ გინდა რაღაც უმაგრეს ქუჩაზე ხვდები, ან გაურკვეველი ხალხით დასახლებულ გაურკვეველ უბანში, სადაც უამრავი გრაფიტი და საინტერესო შენობაა. ბერლინის თითოეული უბანი თუ ქუჩა ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც არქიტექტურით ასევე ხალხითაც. შეიძლება ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში თავი იტალიაში გეგონოს, მეორე წამს კი თურქეთში ამოყო თავი და შაურმების ოხშივარში მოგიწიოს გზის გაკვლევა.

ბერლინის უდიდესი ტერიტორია უჭირავს პარკებსა და მწვანე საფარს, სადაც საღამოობით ამ ქალაქის მაცხოვრებლები სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად იკრიბებიან და ბალახზე გაწოლილები მშვიდად ლუდს სვამენ და საუბრობენ, ან სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ. გორლიცერის პარკი ერთ-ერთი ამ პარკთაგანია და საღამოობით აქ გასეირნება ერთ რამედ ღირს.

გორლიცერის პარკში ყოველ საღამოს ერთი კაცი გვხვდებოდა - შავგვრემანი, გამხდარი, მაღალი, გრძელი ჭაღარა თმით, რომელიც ფრისბის ღმერთად ვაღიარეთ, რადგან ფრისბით კი არ თამაშბდა არამედ ისეთ დახვეწილ მოძრაობებს აკეთებდა თითქოს მასსავით ლამაზ, აფრო-ამერიკელ ქალს ეცეკვებოდა ყურსასმენებში მუსიკის თანხლებით. იმედი მაქვს შემდეგ ჩასვლაზე კვლავ მექნება შანსი მისი ყურებით დავტკბე. 

ბერლინის ცენტრის - Alexander Platz-ის გარშემო მუდამ ტურისტები ირევიან, რადგან აქ არის მეტრო, სწრაფი კვების ობიექტები, სტარ ბაქსის ყავის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და მოკლედ თითქმის ყველაფერი რაც ჩვეულებრივ ტურისტს სჭირდება...

მაგრამ თუ გინდა ბერლინის ნამდვილი სახე ნახო და გაიგო მისი რიტმი აუცილებელია ცენტრს გასცდე, რომლისგან მოშორებითაც ღამის კლუბებია.

აქ კვირის ბოლოს სამსახურისგან დაღლილი მოქალაქეები იხდიან თავის ყოველდღიურ სამოსს და სრულიად სხვა, თავისუფალ ადამიანებად იქცევიან. ღამით ბერლინი სხვანაირ ცხოვრებას იწყებს და მთლიანი ქალაქიც სხვანაირი ხდება. ამ დროს, დღისით მრავალჯერ ჩავლილი ადგილებიც უცხო და ახალი გეჩვენება.

ბერლინზე ამბობენ ახალგაზრდული ქალაქიაო და ეს მართლაც ასეა, რადგან ამ ქალაქში ცხოვრება სწარაფდ მიედინება და ის დარბაისლური განწობილება არ არის, რაც სხვა ევროპის ქალაქებშია. მიუხედავად ამისა ეს ქალაქი ყველასთვისაა განურჩევლად რასისა, სოციალური მდგომარეობისა, წლოვანებისა თუ თავიანთი პირადი სექსუალური ცხოვრებისა.

ბერლინის კათედრალს თუ მოინახულებთ აუცილებლად გადადით მის მოპირდაპირე მხარეს მდინარეზე ხიდით, სადაც ნახავთ DDR-ის მუზეუმს, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი ნივთების, ტანსაცმელების, საჭმელების, საცხოვრებელი სახლის და იმ დროინდელი ცხოვრების ერთი დიდი მუზეუმია. ამ მუზეუმში მოუსმენთ რადიოს, რომელსაც ერთ დროს ხალხი უსმენდა, ნახავთ გადაცემებს, რომელსაც ბავშები ძილის წინ უყურებდნენ.

ამ მუზეუმში შესულს თავი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე გეგონება, იმ პერიოდში იმოგზაურებ, როცა პატარა გერმანელი პიონერი ბავშვები ლენინის და კომუნიზმის სადიდებელ სიმღერებს დიდი მონდომებით მღეროდნენ და როცა „Good bye Lenin-ის“ მთავარი გმირის - ალექსის დედა მათ დირიჟორობდა.

აუცილებლად ნახეთ ფოტოგრაფიის მუზეუმი. აქ გამოფენილი ფოტოები ფიქრის საშუალებას მოგცებთ და დიდ სიამოვნების შეგრძნებას დაგიტოვებთ. ფოტოგრაფიის მუზეუმთან სულ რამდენიმე მეტრშია ზოოპარკიც, სადაც ცხოველები, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისე ცხოვრობენ და იკვებებიან. ზოოპარკის დასათვალიერებლად ორი საათი დაგჭირდებათ, რადგან ბევრი ვიღაც გყავთ სანახავი.

აქვეა აკვარიუმის შენობაც, სადაც ულამაზესი მედუზები და ზღვის არსებები არიან.

ბერლინის კედელთან ჩავლა რამდენჯერმე მოგვიწია და თითოეულ ჩავლაზე ახალ-ახალ პატარა ნახატებს და დეტალებს ვამჩნევდი. ეს კედელი, ოდესღაც ქალაქის გამყოფი ზღუდე, ადამიანისთვის ოჯახის დაკარგვის და ახლობლებთან განშორების მიზეზი ხელოვნებისა და თავისუფლების სახედ იქცა, რომლის საშუალებითაც უამრავმა ხელოვანმა გამოთქვა თავისი სათქმელი.

„Mein gott hilf mir diese tödliche liebe zu überleben.

Господи! Помоги мне выжить среди этой смертной любви“.

ბერლინიდან წამოსვლის შემდეგ იმედი მაქვს მეც შევძლებ გადავურჩე ამ ქალაქის მომაკვდინებელ სიყვარულს.

ავტორი: ელენე შუღლაძე