facebook logo

მოგზაურობა

მოგზაურობა ფილიპინებზე

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩინეთში წასვლის ჟამი ახლოვდებოდა (ჩინეთში, საქმის გამო წელიწადში 3-4ჯერ ჩავდივარ), სრულიად შემთხვევით გადავაწყდი “ეარ აზიას” ბილეთს: შანხაი-მანილა, სულ რაღაც 50$-ად. არცდავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე და ფილიპინებში მოგზაურობის დაგეგმვაც ამის შემდეგ დავიწყე.

უცხოურ ფორუმებზე ბევრი კითხვის და ძიების შემდგომ, უამრავი კუნძულიდან არჩევანი ფილიპინებში საუკეთესოზე, კუნძულ „პალავანზე“ შევაჩერე. ვიყიდე ბილეთი მანილა-პუერტო პრინცესა-მანილა 60$-ად (პუერტო პრინცესა კუნძულ პალავანზე ყველაზე დიდი დასახლებაა), დავჯავშნე სასტუმროებიც და, ისღა დამრჩენოდა, გაფრენის თარიღს მოთმინებით დავლოდებოდი.

მოკლედ, ჩავფრინდი ჩინეთში, საქმეები 10 დღეში მოვამთავრე და, აი, დადგა ნანატრი დღე, ვზივარ შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტში და მანილას რეისს ველოდები.

მანილაში ზუსტად 4 საათში ჩავფრინდი, სასაზღვრო კონტროლი უმარტივესად გავიარე, თბილისში აღებული ვიზის გარდა, არაფერი მოუთხოვიათ. საშინლად ცხელოდა, 24 იანვარი იყო - ფილიპინებში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო. მანილაში 1 ღამეზე მეტი არ გავჩერდი დ არც შევმცდარვარ, ამ ქალაქისთვის ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა.

დიდი, ქაოსური და მოუწესრიგებელი ქალაქია მანილა, საშინელი საცობებით და გამონაბოლქვით. ყველაფერი იაფია, ხალხი - ძალიან კეთილი და მხიარული. გარეუბნებშიც ბევრი ვიარე და რაღაცით 90-იანები გამახსენდა, ეზოები ხალხით რომ იყო სავსე და სახლში გასართობი არაფერი გვქონდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ძალიან ღარიბია, თუმცა, მაინც ძალიან მხიარულები არიან. კრიმინალზეც მქონდა მოსმენილი ამბები, რომ გარეუბნები უაღრესად საშიშია, მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, დავტოვე მანილა და ერთ საათში პუერტო პრინცესაში ჩავფრინდი. ჯერ მანქანა ვიქირავე, რადგან პალავანზე საუკეთესო ადგილი, ელ ნიდო, კუნძულის მეორე ბოლოში, პუერტო პრინცესადან 5 საათის სავალ გზაზე იყო.

სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ, ეს ხუთსაათიანი მგზავრობა, როგორი სასიამოვნო იყო. მსგავსი აქამდე არასდროს არაფერი მენახა. ულამაზეს პეიზაჟებს ვაწყდებოდი, ირგვლივ - პალმები და უამრავი ტროპიკული მცენარეები... ფაქტობრივად ტროპიკულ ჯუნგლებში გაჭრილ გზას მივუყვებოდი, გავიარე რამდენიმე სოფელიც, ვნახე, ხალხი როგორ ცხოვრობდა ხის მიწურებში. გზადაგზა ვაჩერებდი და სანახაობით ვტკბებოდი.

5 საათში ელ ნიდოსაც მივადექი და საგულდაგულოდ არჩეულ სასტუმროშიც თბილად მიმიღეს, ცივი წვენი დამახვედრეს, სამახსოვროდ ნიჟარებისგან აწყობილი მძივი დამკიდეს, გამომგლიჯეს ჩემოდანი და ოთახისკენ გამიძღვნენ.დავბინავდი, მშვენიერი სასტუმრო გამოდგა - დილის კვებით და კარგი სტაფით. ოთახში არ იყო ინტერნეტი. მას მხოლოდ ეზოში, ერთ კონკრეტულ ადგილზე ვიჭერდი, მაგრამ სულს ღაფავდა, ისე მუშაობდა. ზოგადად, მთელს ელ ნიდოში ინტერნეტის პრობლემა იყო.

ელ ნიდო - ეს, ნამდვილად, ზღაპარი-ადგილია. არანაირი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, არანაირი განვითარებული ინფრასტრუქტურა; უბრალოდ, ბუნებისგან შექმნილი საოცარი სილამაზე, სულ რამდენიმე ქუჩისგან შემდგარი პატარა სოფელი, ძირითადად, კაფეებით, ბარებით და მაღაზიებით დატვირთული, საუცხოო პლაჟები - აი, ფილმებში რომ არის, ზუსტად ეგეთი.

ტურისტიც ბევრი იყო, ძირითადად, ახალგაზრდები. მანქანას საერთოდ აღარ ვიყენებდი: გამოვიდოდი სასტუმროდან, იქვე ტუკტუკების ბირჟა იყო, დამესეოდნენ მძღოლები და 1-2$-ად მივდიოდი ცენტრისკენ, ძირითადად საჭმელად. საკვების არჩევანი რესტორნებში არც თუ ისე ცუდი იყო, ერთი პორცია დაახლოებით 5-დან 10 დოლარამდე მიჯდებოდა.

არაფერია მხოლოდ ელ ნიდო, თუკი ექსკურსიებზე არ წახვალ. სულ 5 მარშუტია. მე ყველაზე პოპულარული ავირჩიე, გადავიხადე 20$ და მეორე დღის დილის 10 საათზე ოკეანეში შევცურეთ. სულ 15 კაცამდე ვიყავით ამ ტურზე. აი, ზუსტად ამ ერთ დღეს ვნახე ყველაზე ზღაპრული ადგილები, რაც კი ოდესმე მენახა. თვალებს არ ვუჯერებდი, ჯერ ყურეს მივადექით, ისეთს, რომელშიც ძალიან ძალიან ლურჯი წყალია და რომელსაც ირგვლივ კლდეები და პალმები არტყამს. კაიაკითაც ვიცურეთ, ორი ყურე ვნახეთ და სულ ბოლოს პატარა კუნძულისკენ წავედით. ისეთი ოქროსფერი ქვიშა არასდროს, არც ერთ პლაჟზე მენახა.

კუნძულზე არ იყო მაღაზიები, არც შენობები, საერთოდ არაფერი იყო… მხოლოდ ველური ბუნება და - ჩვენ. დაახლოებით, ხუთი საათი გავიდა და საშინლად მომშივდა. იქვე, ნავზე შეწვა ჩვენმა გიდმა თევზი და ქათამი.

ექსკურსიის დასაწყისშივე შევამჩნიე შესაწვავი ქათმები როგორ სიბინძურეში ეყარა და ვფიქრობდი, ამას რა შეჭამს-მეთქი. მაგრამ, როცა მაგრად გშია, უკაცრიელ კუნძულზე ხარ და იცი, რომ რომ ქალაქამდე დაახლოებით 4 საათი ვერ მიხვალ, სიბინძურე აღარ განაღვლებს. პატარა სუფრა იქვე, პალმების ძირში გავშალეთ და ეგრე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია.

ძნელზე ძნელია, რაც იქ ვნახე, სიტყვებით გადმოცე. მით უმეტეს, ჩემთვის წერა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. უბრალოდ, მენდეთ და, თუკი შანსი ჩაგივარდებათ, სამოგზაუროდ ფილიპინები აირჩიეთ

.

მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი სინგაპურშიც, მალაიზიაშიც, ჩინეთშიც, ჰონკონგშიც, იაპონიაშიც და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ფილიპინები ჩემი უდავო ფავორიტია და, ალბათ, დიდი ხნით, ის კიდევ ფავორიტად დარჩება.

ავტორი: სოსო ნებიერიძე

მსგავსი ბლოგები