facebook logo

ბლოგი

ბათუმის გზამკვლევი ქართველი კრეატივებისგან

Ad Black Sea-ს განმავლობაშიც აუცილებლად აღმოჩნდები უდიდესი დილემის წინაშე - როდის უნდა გეძინოს?!

 დილიდან საღამომდე ძალიან საინტერესო სემინარებზე უნდა იყო, საღამოს უნდა ნახო რა საოცრად ჩადის მზე ზღვაში, რაღაც მომენტში აჭარული ხაჭაპურიც უნდა დააგემოვნო, ღამე გადასარევ წვეულებებზე უნდა გაიცნო კოლეგები და ბევრი იცეკვო, ღამის ქალაქში ფეხით ბოდიალიც მოგინდება, გამთენიისას ზღვაში შეცურვაზეც არ უნდა თქვა უარი, დილიდან კი ისევ სემინარები იწყება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - #არდაიძინო.

შავ ზღვას  ერთი საოცარი თვისება აქვს. მის ტალღებში ნებივრობა საოცარ მადას აღუძრავს ადამიანს, რომლის დაშოშმინება ისევ მხოლოდ და მხოლოდ აჭარულ კერძებს შეუძლია.

ქალაქში ჩამოსვლისთანავე აუცილებლად თვალს მოგჭრის კაფე-ბარების და რესტორნების აბრებზე გამოჭიმული, ძალიან მადისაღმძვრელი, ყველით გატენილი და კვერცხის გულით მორთული ნავის გამოსახულება - ეს აჭარული ხაჭაპურია. შეიძლება ერთი შეხედვით რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ მის ჭამას არც თუ ისე რთული წესები აქვს - დანა-ჩანგლით ერთმანეთში კარგად უნდა აურიო კვერცხის გული და ყველი, შემდეგ აირჩიო რომელიმე ყუა, მოჭრა ისე, რომ ნავიდან ყველი არ გადმოიღვაროს, გემრიელად უნდა ჩაალბო ნავში, ჩაკბიჩო და შეცურო მსოფლიოში ყველაზე გემრიელ თავგადასავალში.

“აჭარული” თავგადასავალი იმდენად ნოყიერია რომ ცოტა ხანში აუცილებლად მოისურვებ ბულვარისკენ ფეხით გასეირნებას. თუმცა ჩვენს ზღვისპირა ქალაქს ამ კუთხითაც შეუძლია სურპრიზების შემოთავაზება…

ბათუმის ბულვარში ფეხით სეირნობაც ექსტრემალური სპორტია და ველოსიპედითაც. მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის სპეციალური ბილიკებია განკუთვნილი, ველოები მაინც გადადიან საფეხმავლო გზაზე, ადამიანები კი ველოსიპედების გვერდი-გვერდ მიაბიჯებენ. ასე რომ, რომელ ბილიკზეც არ უნდა მოხვდეთ, არ იფიქროთ რომ არასწორ გზაზე ხართ და ისიამოვნეთ ბათუმური ექსტრიმით.

ნიკუშა ანთაძე, კრეატიული დირექტორი - Holmes & Watson

ბულვარში სეირნობისგან როცა გულს იჯერებ, შეგიძლია მცირედ ეკლექტიკას და უხვ სიმწვანეს მიაშურო და თავი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამოყო.

Ad Black Sea-ზე, ზღვა რეკლამაში ჩასაყვინთად ჩამოსულს სრულიად ჩაძირვამდე გირჩევ, სამყაროს კამერის მიღმა უკანასკნელად შეავლო თვალი და კიდევ ერთხელ სცადო ევოლუციის თეორიასთან შეხუმრება. აბა იფიქრე - ბებიაშენი, რომ ბაბუაშენი ყოფილიყო რა მოხდებოდა? ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამისათვის მთელს ცნობილ გალაქტიკებში საუკეთესო ადგილია. მწვანე კონცხზე, დაახლოებით 119 წლის წინ დაიბადა პატარა ბაღი, რომელიც დღეს უკვე 9 სხვადსხვა ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებისგან შედგბა. ჯამში კი, მერქნიან მცენარეთა 2037 სხვადასხვა ტაქსონომიური ერთეული ბინადრობს. გახსოვდეს, რომ ძირძველი სიტყვა “კონცხი” სულხან-საბას თქმით - “ესე არს ცხვირი კლდეთა, მჟავე,მაგარი და ძნელოვანი”. ხანდახან,სამყაროს უსასრულო ალბათურ ამონაგებებზე წინასწარაც ღირს დაფიქრება მეგობარო. ხანდახან.

P.S შენი არიადნე მწვანე კონცხის უმაღლეს გადმოსახტომამდე მაინც თუ მიგიყვანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოხტი, თუ გჯერა გადარჩენის გზის მოფიქრება ნახტომის შემდეგაც შეგიძლია.

ბასა მეტრეველი, ციფრული პროდუქტების გუნდის უფროსი - Redberry

თუმცა გადარჩენაზე ბევრი ფიქრი არ დაგჭირდება, რადგან ბათუმში გადარჩენის ერთადერთი და უტყუარი გზა არსებობს, რომელსაც ძალიან მოკლე და ზედმეტად ჰაეროვანი სახელი აქვს - ჭაჭა.

ჭაჭა, მიშველე რამე!

ამ წინადადების გაგონებისას დაუნდობელი ჟრუანტელი ამივლის ხერხემალზე როგორც ზვავი, რომელიც ააქტიურებს ყველა ემოციურ კუნჭულს ჩემს ტვინში და აცეკვებულ ნეირონებს ცხარე ცრემლს ადენს, რომელიც გადაიღვრება ჩემს გადიდებულ გუგებზე. ჩემი სხეული შენდობას მთხოვს, ამ დროს კი ჩემს სულს სწადია მარადიული ბედნიერება. გულის სიღრმეში ვიცი, რომ არ უნდა ვაწამებდე ჩემს ისედაც ტანჯულ ღვიძლს კიდევ ერთი ცეცხლოვანი სითხის შემცველი ჭიქით, მაგრამ ასევე ვაანალიზებ, რომ ჩემი ცხოვრება ასე თუ ისე მაინც დასრულდება, ასე რომ რა აზრი აქვს უარის თქმას? ტკბილი ტანჯვით და მწარე სასოწარკვეთით კიდევ ერთ ჭიქას ვწევ, რომელიც ლუციფერის ოფლის უმაღლესი დონისგან შედგება და ნეტარ მივიწყებას მივეცემი.

ჭაჭა შენი უდიდესი მტერი ან შენი უდიდესი მოკავშირეა. ალბათ ორივე. ქართულ ენაში სხვა სიტყვა არ მოიძებნება რაც შეიძლება ნიშნავდეს ამდენ ტკივილს და ამდენ სიამოვნებას ერთდროულად. მილიარდი ყურძნის შიგთავსის დაპრესვით და სრულყოფილებამდე დადუღებით ვიღებთ ალკოჰოლის 55+ გრადუსს, რასაც ეს ძლიერი, სახლში დამზადებული ჭაჭა გვთავაზობს. მართალია ამ მხეცივით სასმელს ბევრი სახელი აქვს - გრაპა, რაკი, ვინე ვოდკა, ოუზო და სხვა, მაგრამ ჭაჭა მაინც ყველაზე შესაფერისია, ერთი „ჩა“ უკლია ცეცხლოვან აცეკვებამდე.

მაშინ, როცა ქართველები 8000 წელია ღვინოს ამზადებენ, ჩვენ არ გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება, თუ როდის შეიქმნა ჭაჭა. თუ დავუჯერებთ ჩემს არაფხიზელ, სიცხიან სიზმრებს, მე მტკიცედ მწამს, რომ ჭაჭა ყოველთვის არსებობდა დიდი აფეთქების შემდეგ, იმ მისიით, რომ მსოფლიო გადაერჩინა ისეთი დესტრუქციული ზიანისგან, როგორიცაა პროდუქტიულობა და ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. ეს უკანასკნელი ენერგეტიკული სასმელი და ყველაზე სანდო წვეულების დამწყები, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ეფექტიური ტკივილგამაყუჩებელი, ფეხსაცმლის საწმენდი, მეჭეჭის მკურნალი და ექსტრემალურ მდგომარეობაში ზვიგენის საფრთხობელაც კი. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ჭაჭა ყოფილა რამოდენიმე მშვენიერი იდეის ინსპირაციის წყარო და ასობით მშვენივრად გადაცილებული დედლაინის მიზეზი. ჭაჭას დასამალი არაფერი აქვს - ისეთია, როგორიც არის - ნამდვილი ქართული სული.

იმისათვის, რომ სათანადოდ მოემზადოთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ჭაჭასთან ერთად, მე გირჩევთ, რომ ეს ქართული ფოლკლორული ჰიმნი ისწავლოთ ზეპირად - ”ჭაჭა, გადამარჩინე!” თუ დაგჭირდება პერსონალური გიდი ჭაჭის ჯადოსნურ სამყაროში, იპოვე ენერგიული, წვერიანი ბიჭი ვარდისფერ ჩოხაში (მე!) მოკიდე ხელი საყელოზე და ნაზად ჩასჩურჩულე ყურში:

„მოდი, დავლიოთ ჭაჭა!“

მე გპირდებით, რომ ჩვენ დავლევთ, ჩვენ ვინანებთ და ხელმეორედაც დავიბადებით.

გიორგი ავალიანი, კრეატიული დირექტორი - "Leavingstone", თანადამფუძნებელი - "ჭაჭა ბოდიში"

მას შემდეგ, რაც ახლიდან დაიბადები, უკვე შეგიძლია ჩათვალო რომ ბათუმს ასე თუ ისე იცნობ… და სწორედ ამ დროს დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, მომენტი როცა შენც უნდა წარდგე ქალაქის წინაშე და გააცნო მას საკუთარი თავი.

ნამდვილი ბათუმი მოხუცია, მაგრამ ახალგაზრდა გული აქვს. მაღალია, მაგრამ ხელს მარტივად შემოხვევ მხარზე. გამხდარია, მაგრამ ადვილად უჩქმეტთ ლოყაზე. დინჯია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ქარაფშუტულ საქციელშიც კი აგყვეთ. მხიარულია, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, თვალის ნაოჭებში ჩაბუდებულ სევდასაც ამოიკითხავთ.

და როდესაც ნამდვილ ბათუმს გადაეყრებით, მასთან მისასალმებლად რამე ერთი, საყოველთაო ტრადიციად ქცეული რიტუალი კი არ უნდა შეასრულოთ, არამედ, თავი თქვენ მიერვე შექმნილი ტრადიციით უნდა მოაწონოთ. მაგალითად: აჭარული ხაჭაპურის ყუა თავზე შემოიტაროთ, პატარა კენჭი გადაყლაპოთ, სანაპიროზე გამორიყული ნიჟარა გულზე შეიბათ ან რამე მსგავსი. და რაც არ უნდა სულელური ჩანდეს თქვენ მიერ გამოგონილი ტრადიცია, გახსოვდეთ, რომ ის სრულად თქვენ გეკუთვნით, თქვენს გონებაშია მომწიფებული და შეგიძლიათ, მსოფლიოს მასშტაბით ამ ტრადიციის ერთადერთი და უნიკალური განმახორციელებლი იყოთ. რატომაც არა?

მარიამ ბაჯელიძე, დიდი შარკი - Socialsharks

ტრადიციებზეა ბევრი რამ დამოკიდებულიო, ამბობენ მავანნი და ხანდახან გულში ჩაიქირქილებენ. ან, შენ ჩაიქირქილებ ხოლმე გულს გარეთ. ხოდა, AD BLACK SEA-იც ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ბევრი სხვა, ატავისტური წეს-ჩვეულებისგან განსხვავებით, სრულიად დამსახურებულად იკავებს შენს ტვინში ჩამონტაჟებული ვიდეო კარტის გარკვეულ მოცულობას და სანამ შენით არ ამოშლი, თავისით არსათ წავა. შენ კი, დიდი ალბათობით არასდროს დააჭერ “Delete”-ს. რამეთუ შეუცნობელ არს გზანი უფლისანი და უკვე საკაიფოდ შეცნობილი გზანი ფესტივალზე მომავალნი და მისგან გამავალნი.

აქ ყველამ კარგად ვიცით, რა შეგვიძლია, როცა თავს უფლებას ვაძლევთ აღვირი ნაგავში მოვისროლოთ, ან კაი, ჯანდაბას, კარადაში დავმალოთ ცოტა ხნით, შემდეგ კი შემეცნებისა და გართობის იმ ნანატრ მორევში გადავეშვათ, რომელსაც დილაობით ფონად ლეოშ იანაჩეკის კომპოზიციებს გადავადებდი, საღამოობით - Fluorescent Adolescent-ს. მორევში, სადაც მთელი ინდუსტრია ერთმანეთის დამარცხებას, შესაბამისად - ერთმანეთზე გამარჯვებას აღნიშნავს და სადაც, ვარდისფერ ჩოხას თუ ვეღარ ხედავ, ესე იგი იმდენად მთვრალი ხარ, დროა ბასეინს მოშორდე. თუ წელს ფესტივალზე პირველად მოდიხარ და ამ ინდუსტრიასაც ახლა ეცნობი, თავს მოდუნების უფლება არ მისცე და არ შეიზღუდო იმაზე ფიქრით, რომ ხვალ ყველას ემახსოვრება რა გააკეთე. დამიჯერე, რაც ხდება AD BLACK SEA-ზე, სინამდვილეში არ ხდება AD BLACK SEA-ზე. ყოფიერების ასატანი სიმსუბუქე. მხოლოდ და მხოლოდ ასე.

ლაშა შრუტე მილორავა, სინიორ ქოფირაითერი - DDB BetterFly