facebook logo

ბლოგი

სათავგადასავლო ქარავანი

„ქარავანი“ („Traveling Den-ი“) თავდაპირველად ჩვენთვის შევქმენით, რათა საქართველოს ნაკლებად ტურისტულ და აუთვისებულ კუთხეებში გვემოგზაურა. იქამდე, საკუთარი გამოცდილებით, მოგზაურობისას ვხვდებოდით ხოლმე საოცრად ლამაზ და ხელშეუხებელ ადგილებში, სადაც კომფორტული ღამის გასათევი პუნქტები ნაკლებად, ან საერთოდ არ იყო. ასეთი საინტერესო ადგილები იმაზე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა.

ჩვენც გაგვიჩნდა იდეა და შევქმენით სახლი ბორბლებზე, რომელიც არის ბიუჯეტური, მულტიფუნქციური - ასრულებს ტრანსპორტის, სახლის, საკვები ობიექტის ფუნქციას - და, რაც ყველაზე მთავარია, არის ეკო-მეგობრული.

„ქარავანი“ მოგზაურებს სრულ თავისუფლებას აძლევს: ისინი მოგზაურობის და ღამის გათევის დროსა და ადგილს თავად ირჩევენ და სრულიად ახალი მარშრუტების აღმოჩენაც შეუძლიათ. ამ გზით, ბევრ ახალ თუ ძველ კურორტს და რეგიონს მიეცემა საშუალება, გამოცოცხლდეს და, ტურისტული თვალსაზრისით, ბევრად საინტერესო გახდეს.

ჩვენი პირველი „ბორბლებიანი სახლის“ შექმნა იმდენად საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო და შედეგიც ისეთი შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადავწყვიტეთ, ერთ ქარავანს არ დავჯერებოდით. მალევე ჩამოვაყალიბეთ პროექტი და დავსახეთ მასშტაბური გეგმა, თუ როგორ უნდა განვვითარებულიყავით და გავზრდილიყავით.

თავისთავად, მსგავსი ტიპის მოგზაურობა უსაზღვროდ საინტერესოა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვქმნით საცხოვრებელ სივრცეს ბორბლებზე, რომელიც არის მოძრავი და არ ითხოვს შერჩეული ადგილის რაიმე სახით შეცვლას და გარემოზე უხეშ ზემოქმედებას (მშენებლობას, ხის მოჭრას და ხელშეუხებელ ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკის შეყვანას). სახლი ბორბლებზე ტრადიციული საცხოვრებლის მწვანე ალტერნატივაა. „Traveling Den-ის“ მეშვეობით, საკუთარ გემოზე, საკუთარი განრიგით, და რიგითობით იცვლი გარემოს, ქალაქს, კუთხეს. მასში ერთადერთი საზრუნავი იმაზე ფიქრია, თუ ხვალ დილით გაღვიძება სად გესიამოვნება - ტყეში, მთაში, ზღვაზე, მდინარის, ჩანჩქერის, თუ კანიონის პირას.

წელს, 1 თვით, ჩვენი ქარავნით ციხისძირში, აჭარაში გადავსახლდით. ციხისძირი შავი ზღვის ზოლზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ველური და ხელუხლებელი მხარეა. გვსურდა, აქამდე სრულიად აუთვისებელ, ველურ სივრცეში ბანაკი გაგვეკეთებინა - ქარავნით და კარვებით, სადაც სხვადასხვა ტიპის მოგზაურებს ვუმასპინძლებდით. ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი მოხეტიალე მოგზაური მივიღეთ (გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, პაკისტანი, იაპონია, ირანი, ავსტრია საქართველო). თითქმის ყველა დიდი ზურგჩანთით იყო, მთიდან ზღვისკენ ჩამოსულები. ყველას თავგადასავალი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობის სრულიად ახალ მიმართულებას, რაც აერთიანებს თავგადასავალს, გამოწვევებს, უნიკალური ადგილების აღმოჩენას. კლიენტებს შეუძლიათ, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეძლონ საცხოვრებელი სახლით გადაადგილდნენ, განმარტოვდნენ, ან პირიქით, მოგზაურთა, ან ადგილობრივ ჯგუფებსა თუ კომუნას შეუერთდნენ.

მსგავსი მოგზაურობების გარდა, დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ოფისს გარეთ, ქალაქიდან შორს იმუშაონ. შესაბამისად, ჩვენი ქარავანი თანამედროვე „ნომადების“, ფრილანსერებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მოთხოვნებს პირდაპირ აკმაყოფილებს. ისინი ხომ მუდმივად ეძებენ ინსპირაციულ ადგილებს შთაგონებისთვისა და დასვენებისათვის. ჩვენი საცხოვრებელი ტრანსპორტი ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ველურ პირობებშიც კი შეძლონ მუშაობა.

რადგანაც „ქარავანი“ არასტანდარტული საცხოვრებელი სივრცეა, ჩვენი მთავარი მიზანი ინტერიერში ყველა კუთხისა და დეტალის მაქსიმალურად ათვისება და მისი ფუნქციურ, მყუდრო, თბილ და მარტივ საცხოვრებლად ქცევა იყო. ამას მივაღწიეთ კიდეც.

„ქარავანი“ ქირავდება 4x4 მანქანასთან ერთად და მის მობინადრეებს უზურუნველყოფს აღჭურვილი სამზარეულოთი, ელექტრო ენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლის რეზერვუარით და ბიო-ტუალეტებით. ამასთან, გვაქვს გარე ავეჯი - მაგიდა, სკამები, ჰამაკები, ტენტი და სხვა ატრიბუტები. სურვილისამებრ, მოგზაურებს ჩვენც ვუდგენთ მარშუტს და საინტერესო რჩევებს და გამოცდილებას ვუზიარებთ, იმისათვის, რომ უფრო დასამახსოვრებელი მოგზაურობა მოიწყონ და ადგილობრივი, ავთენტური შეგრძნებები აღმოაჩინონ.

პროცესის წარმართვა ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ შრომატევადი საქმეა, გზად ბევრი მოულოდნელი დაბრკოლება და გამოწვევა შეიძლება შეგხვდეს. რადგანაც მსგავსი მომსახურება საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა, ბევრი რამის სწავლა, გარკვევა, კონტაქტების მოძიება და, რაღაც დოზით, გამოგონება და არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება მოგვიწია.

საბოლოო ჯამში კი, ამ საქმიანობით უამრავი, ძალიან საინტერესო ადამიანი და მოგზაური გავიცანით. ყველასთან გავცვალეთ კონტაქტები და, ვფიქრობთ, საქართველოში თუ არა, მათ ქვეყნებში მაინც შევხვდებით.

„ქარავნით“ აღმოვაჩინეთ, რომ სრულფასოვანი, მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ადამიანს ძალიან ცოტა რამ სჭირდება.

ავტორი: ანა სვანიძე

მსგავსი ბლოგები