facebook logo

ბლოგი

შეცდომის ნათელი მხარე

ერთხელ ჩემს ძმას კარგად შეეშალა და ვიდეოგაქირავებიდან პირდაპირ მეოთხე ფილმის კასეტა მოიტანა. რა გვექნა - უარგუმენტოდ დავირწმუნეთ თავი, რომ მეოთხე ფილმში სიუჟეტური ბმა უკვე დაკარგული იქნებოდა და არაფერი დაშავდებოდა, თუ პირველ სამს მოგვიანებით ვნახავდით. პირველი სამი მოგვიანებით მართლაც ვნახეთ, ძალიან მოგვიანებით...

ზოგჯერ ადამიანებს, უბრალოდ, გვიწერია შეცდომის დაშვება - ეწერა ჩემს ძმას და ეწერა ენეკინ სკაიუოკერსაც, ოდესღაც მონა ბიჭუნას, რომელიც მზად იყო თავისუფლების მოსაპოვებლად სასიკვდილო რბოლაშიც ჩაბმულიყო. და ალბათ ეს იყო უკანასკნელი მომენტი, როდესაც ენეკინს არაფრის ეშინოდა; სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა და დედასთან ერთად სამუდამოდ დატოვებდა იმ საძაგელი ქვიშით სავსე პლანეტას. ასეც მოხდა - ყველა დროის ჩემპიონი სებულბა დაჯაბნა და თავისუფლებაც მოიპოვა, თუმცა მხოლოდ თავისთვის.

...ბრძენმა იოდამ პირველივე შეხვედრისას უთხრა: „შიში ბნელი მხარისკენ მიმავალი გზაა. შიში მიგიძღვის ბრაზისკენ, ბრაზი მიგიძღვის სიძულვილისკენ, სიძულვილი მიგიძღვის ტანჯვისკენ“. ბავშვობაში მოსმენილ ამ შეგონებას გალაქტიკის უდიდესი გმირი, რჩეული, ძალაში ბალანსის დამყარების ერთადერთი იმედი, მუდამ მანტრასავით იმეორებდა, მაგრამ, როგორც გითხარით, მას შეცდომის დაშვება ეწერა და ამ შეცდომას სახელად სიყვარული ერქვა.

შიში კი ენეკინის მარადიულ აჩრდილად იქცა: ეშინოდა, რომ ვეღარასდროს ნახავდა დედას, ვერ გადაარჩენდა პადმეს, საბოლოოდ დაკარგავდა ჯედაებისადმი რწმენას, სწორად ვერ ასწავლიდა ასოკას და თავად, როგორც რჩეული, ვერასდროს გაამართლებდა მოლოდინს. მცდელობის მიუხედავად, ყველას, ვინც უყვარდა, ერთმანეთის მიყოლებით კარგავდა: დედას, ასოკას, რწმენას, თავდაჯერებას და სწორედ მაშინ, როდესაც დასაკარგი პადმეღა დარჩა, საკუთარი გზის არჩევაში ოდესღაც დაშვებულ შეცდომაშიც დარწმუნდა და ლურჯი მახვილი წითლით ჩაანაცვლა.

main-image-Rogue One Darth Vader Scene uploaded by Red-Baron

ეს არჩევანი უარესი შეცდომა აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ თავად ენეკინისა და მისი სამყაროსთვის - დედამიწელებმა კი იმაზე მეტი მოვიგეთ, ვიდრე შეიძლებოდა: კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ვილანი, ხატებად ქცეული მისი გროტესკული იერი, საკულტო სუნთქვა და, რაღა თქმა უნდა, ის დიდებული მუსიკა, ყოველი აკორდით ამ შავი რაინდის ცხოვრების თითო ეპიზოდს რომ გვიყვება; მივიღეთ ამ კინოსაგის ყველაზე ემოციური სცენაც, როდესაც მომაკვდავი დარტ ვეიდერი შვილს სთხოვს, ნიღაბი მოხსნას, რათა ერთხელ მაინც შეხედოს თავისი თვალებით, ბოლოს კი უთხრას, რომ მასთან დაკავშირებით ლუკი ყოველთვის მართალი იყო…

დარტ ვეიდერი სწორედ ამ სცენაში კვდება - კვდება ყველა თავისი შიშით, ბრაზითა და სიძულვილით; კვდება შავი ნიღბის მორგების შემდეგ ჩადენილი შეცდომებით და ბრუნდება ენეკინ სკაიუოკერი - რჩეული, გმირი, გალაქტიკის საუკეთესო მფრინავი, რასებისა და პლანეტების გადამრჩენელი, ობი-ვან კენობის მეგობარი, პადმეს მოსიყვარულე და იოდას შეგონებების მიმდევარი ჯედაი, რომელიც შვილს ერთადერთი წინადადებით მიახვედრებს, რომ არასდროს გაიმეოროს მისი შეცდომები, და რომ გასავლელი გზის არჩევა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.

კი, შეცდომები მართლა მოსულა - დედამიწაზეც და იმ შორეულ, შორეულ გლაქტიკაშიც. ენეკინის გადაწყვეტილება კი აუცილებელი შეცდომა აღმოჩნდა, ეს კარგი შეცდომა იყო, შეცდომის ნათელი მხარე. შეცდომასაც ვერ დავარქმევდი - ალბათ უფრო წეცდომას, რომლის გამოსწორებაც ერთი მარტივი მოძრაობითაც შეიძლება და არც გამოუსწორებლად დაშავდება რამე - მაინც ყველა მიხვდება, რაც იგულისხმება.

ავტორი - ია ვეკუა

მსგავსი ბლოგები