facebook logo

ბლოგი

სიბრძნე შეცდომისა

ახლა უკვე ხშირია შეცდომების დაშვება... მაგრამ, მოსულა - ტერენტი გრანელი. თითქმის.

მოემზადე. შემდეგი რამდენიმე აბზაცის განმავლობაში შენ წაიკითხავ სამ სიბრძნეს შეცდომების შესახებ, რომელიც შენს ცხოვრებას არათუ რადიკალურად, საერთოდაც ვერ შეცვლის. თუმცა, იქნება ოდნავ უფრო საინტერესო, ვიდრე გამოსვლები იმ კანდიდატებისა, რომლებიც იშვიათად აღიარებენ შეცდომებს და ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლას გვპირდებიან. არადა, შეცდომები მოსულა. თუ, რა თქმა უნდა, ქირურგი, გამნაღმველი, ბუღალტერი ან ატომურ სადგურზე პასუხისმგებელი პირი არ ხარ.

სიბრძნე #1: შეცდომის დაშვების ალბათობა მკვეთრად ამცირებს ჩვენი იდეალურობის შანსს და ეს კარგია, რადგან იდეალური ადამიანები შურის ობიექტები უფრო არიან, ვიდრე - სიყვარულის. ჩვენ ჩვენნაირი ადამიანები მოგვწონს - ვინც გადაწყვეტს ოთხი წელი ისწავლოს ჟურნალისტიკა მაშინ, როცა უცხო ადამიანთან დასარეკად დღემდე ორი საათით ადრე ფსიქოლოგიურად ემზადება, ვისაც შეუძლია უყვარდეს ცალმხრივად წლების განმავლობაში და არ მიიჩნევდეს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შესაცვლელია, ვინც ფინალში თერთმეტმეტრიანის გაფუჭების შიშით მწვრთნელის მანქანაში არ იმალება, ან სულაც, ვინც რაღაცების მესამე პირში მოყოლით არ შეეცდება იმის შენიღბვას, რომ სინამდვილეში საკუთარ თავზე საუბრობდა.

სიბრძნე #2: ჩვენ ხშირად ვდარდობთ იმაზე, რომ „შეცდომა დავუშვით“. თუმცა, დროის მდევარის ხელში ჩაგდებამდე, რთული იქნება იმის დადგენა - მართლა შეცდომა დავუშვით, თუ პირიქით, უფრო დიდი შეცდომა ავირიდეთ თავიდან. ვინ იცის?! იქნებ სულაც ისიც შეცდომაა შეცდომების შესახებ შენი არცთუ ღრმააზროვანი დაკვირვებები რომ წერო და დრო წაართვა პოტენციურ მკითხველს, ვისაც ამგვარი სიბრძნეები საკუთარიც არაერთი აქვს. მაგრამ, აქვე ნურც იმის ალბათობას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელი იყო ამ დაკვირვებებზე გაცილებით უარესი რამე დამეწერა, რომ მაგალითად ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო სულელი ვერც - თავისაზე, რომ ბანანი უფრო მიყვარს, ვიდრე სამშობლო ან რომ სადაც არ უნდა შეარჭო, ყველგან შეგიძლია შეარჭო.

სიბრძნე #3: შეცდომების არსებობა ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. ჩვენ გვიყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია. მართალია, მსოფლიოს ისტორიის ანალიზიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ამ მოცემულობის რეალურობა იწამო, მაგრამ ასეც რომ იყოს, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ის არის, რომ მილიონობით წელი მონოტონურად იარსებო და შეცდომა არასოდეს დაუშვა. მიზეზი მარტივია - შეცდომებზე ათასობით გვერდი შეიძლება დაიწეროს, უშეცდომო, იდეალურ ცხოვრებას კი ორად ორი სიტყვა იტევს - „დიდხანს და ბედნიერად“.

პ.ს: როგორც დაგპირდი, შენი ცხოვრება ამით ნამდვილად არ შეცვლილა. მაგრამ, თუკი მაინც კანდიდატთა გამოსვლები გერჩივნა და ფიქრობ, რომ ამის წასაკითხად ორი წუთი და რამდენიმე წამი ტყუილად გაფლანგე, მაგასაც არა უშავს. რა რა და ეგეთი შეცდომები ნამდვილად მოსულა.

ავტორი: ბექა ადამაშვილი

მსგავსი ბლოგები