facebook logo

ბლოგი

გადარბენები ევროპაში - ვარშავა

მადლობა ლილის იდეისთვის!
მადლობა რადეკ პოლაკს, რომ შეგვიფარა!
ბებიაჩემმა ლილიმ ერთხელ გადამიწყვიტა, რომ “ყველა მეგობარ და ნაკლებად პოპულარულ ქვეყანაში უნდა ჩავიდე და მათ ტურისტულ ეკონომიკას ხელი წავუკრა.” ლილიმ თავისი მორიგი სენპოლიის გადარგვისას სათვალიდან გადმომხედა და მითხრა: “ხომ ხედავ რომ ბერლინში ისედაც ყველაფერი კარგადაა, რამდენჯერღა უნდა წახვიდე?”

ბებიაჩემის მიერ შემუშავებულ ეკონომიკაზე ხელის წაკვრის მეთოდი ასეთია, ჩადიხარ იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოზე მადლი აქვს ნაკეთები და ხარჯავ იმდენ ფულს, რამდენიც გემეტება. ეკონომიკასაც ხელი ეკვრება, კარმასაც პლუსი ეწერება.ლილის უაღრესად კეთილშობილ ინიციატივას საეჭვოდ კარგად დაემთხვა თვითმფრინავის ბილეთის იდეალური ფასი და ასე აღმოვჩნდი ცხოვრებაში პირველად პოლონეთში.

არქიტექტურის ამბავში გადაირევით სასკა კემპას რაიონში თუ გაისეირნებთ. მეოცე საუკუნის პრაგმატული, დახვეწილი ფორმის 4 სართულიანი სახლები, დიდი ფანჯრებითა და ყოველგვარი პურპუჭელების გარეშე. ამ უბანს ის უპირატესობაც აქვს, რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ და ისტორიული ცენტრივით გამოფატრული არ არის. არც ტურისტები შეგაწუხებენ. აქ, ულიცა ფრანცუსკას გარშემო თავმოყრილია უამრავი გემრიელი კაფე და რესტორანი, სადაც ძალიან ლამაზი ოფიციანტი გოგოები მუშაობენ და თან იღიმიან. ფოტოზე არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ კოლუმბიის საელჩოს შენობა ვარშავაში და ბეტონისა და მინის შერწყმა ფლორასთან.

კოლუმბიის საელჩოს უკან ერთი კაფეა, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდეთ თუ დევიდ ლინჩი გიყვართ. აქ ისეთი ინტერიერია, პატივცემულ ლინჩს რომ აქვს ხშირად თავის ფილმებში. საუზმე - მშვენიერი და იაფი. გარკვეული კერძები კი უბრალოდ ძალიან იაფი. ეწვიეთ კაფე “ბიალას” და იმ ბელორუს მიმტან გოგოს დააკვირდით რა ლამაზად იღიმის.

"შური საშინელი რამეა. კაი კაცს არაფრის უნდა გშურდეს და უნდა კმაყოფილი იყო იმით, რაც უფალმა მოგცა". აი ამას ვიმეორებდი გულში და დავდიოდი ვარშავის პარკიდან პარკში, სანაპიროდან სანაპიროზე და შურით ვსკდებოდი.

უპარკო და უმდინარო თბილისიდან ჩასული წესიერი ადამიანები აეროპორტიდან პირდაპირ ვისლას პლაჟზე წავედით და ძალიან დიდი ხანი ვითბობდით ვიზეარის პატარა სივრცეებში ნატკენ სახსრებს. არადა შეგვეძლო, რომ მდინარის სანაპირო თბილისშიც გვქონოდა, თუმცა ლავრენტი ბერია ნამეტანი შეჰყვა ქალაქის გეგმარებით გართობას და მდინარე სენასავით ბეტონის კალაპოტში ჩაახრჩო მტკვარი, რომელიც ყოველთვის ჩვენი ქალაქის მთავარი სიზმრის წამღები იყო.

Talking Heads თავის სიმღერაში “Nothin But Flowers” ყვება, როგორ გაჩნდა უღრანი ტყე იქ, სადაც ქარხნები ბოლავდა. როგორ გვეჭირა ადრე სტარბაქსის ჭიქა, ახლა კი გველხოკერას ვწვავთ ცეცხლზე…

მწვანე ვარშავის ცენტრში, მდინარე ვისლას ნაპირზე ეს გაუვალი პარკი პირდაპირ მიგვანიშნებს იმ მომავალზე, რომელიც ოდესმე აუცილებლად დადგება, სადაც ჯენტრიფიკაციას ისევ გაჯაგული ტყე გადაყლაპავს, წარსულის მემორიალად კი მხოლოდ შენობების ნაშთები დარჩება.

როცა მკითხავენ, რა აქვთ პოლონელ ქალებს ყველაზე ლამაზი, ვეტყვი რომ "ყელი და კისერი”

ვარშავაში თუ წახვალთ მდინარის ახლოს დასახლდით. ხიდის თითოეული გადაკვეთა უზარმაზარ სიამოვნებას მოგიტანთ. ნისლში გახვეული ვისლა კი ეგებ ბაშევის ზინგერის სიზმარსაც ჩამოატარებდეს.

თუ პოლონეთის დედაქალაქში წახვალ, ნუ დასახლდები ვარშავის ისტორიულ ცენტრში. იქ საინტერესო რამეებს ნაკლებად იპოვი. ისტორიული ცენტრი თოჯინების ქალაქს ჰგავს, სადაც ჟურეკს 25 ზლოტად მოგყიდიან, წყალს - 8 ზლოტად. ცენტრი მოსაღამოვებისთანავე კვდება და მეორე დილით, ტურისტების ჯგუფებთან ერთად იღვიძებს.

ვარშავაში უნდა იცხოვრო ისეთ უბანში, სადაც ნამდვილად იქაურები ცხოვრობენ და სადაც თავაშვებული კონსტრუქტივიზმი ბრუტალიზმს ეთამაშება. მეოცე საუკუნის არქიტექტურა ამ ქალაქში უბრალოდ საოცარია და თქვენს მიერ დახარჯულ დროს იმსახურებს. ამ წმინდა სწორ კუთხეებს კურთხევა პირდაპირ ვაიმარიდან აქვთ აღებული და ბაუჰაუსის პრაგმატულ სიკეთეს ასხივებენ.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი