facebook logo

მოგზაურობა

მოგზაურობა სტოკჰოლმში

როცა ბავშვობის ოცნებებს ისრულებ, დიდი ხარ - ისეთი დიდი, თავს უფლებას რომ აძლევ, შენს ბავშვობას შორიდან შეხედო სტოკჰოლმიდან, დალოგოტანის ქუჩიდან, ქუჩის ერთ მხარეს დიდი პარკი რომ არის და მეორე მხარეს, კორპუსი ოქროსფერი აბრით.

ძველებური მანქანა დგას შუქნიშანზე

ან იარო სტოკჰოლმის ქუჩებში და იფიქრო სულ ცოტა იმედგაცურებაზე, რომ ეს ქალაქი არც ისე პატარაა, არც ისე მყუდრო, არც ისე „შვედური“ და, ალბათ, კარლსონს სულაც არ მოეპრიანებოდა შუშის ამ უზარმაზარ კონსტრუქციებზე გადაფრენა. დასახლება ხომ - საერთოდ!

ტრანსპორტი, რომელიც ხელოვნებისკენ წაგიყვანს

ცარიელი ავტობუსი დაორთქლილი მინებით

სტოკჰოლმი: ძალიან ახალი, თანამედროვე, „დალაგებული“ და, ამავე დროს, ხალხმრავალი; კუნძულებს შორის ხიდებით, თეთრი იახტებითა და გემებით...

კლდეში გამოჭრილი მეტრო

მიწისზედა ლურჯი ტრამვაით, მიწისქვეშ - მეტროს მოხატული გაჩერებებითა და ხელოვნების მოყვარულთათვის ყველაზე გრძელი, უწყვეტი და უცნაური ექსპოზიციით.

ესკალატორი მიწისქვეშა გამოქვაბულში

ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მეტროთი მგზავრობა მოსაწყენია. აქ მატარებელი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შორის დაქრის.

ძველი ქალაქი

ნავსადგომი და მდინარე

გამლასტანზე ფერადი, ერთმანეთს მიხუტებული სახლებია, სიმეტრიული, პატარა, უფარდო ფანჯრებით. აი, ეს ზუსტად ისეთი ქალაქია, როგორიც ოცი წლის წინ ჩემს წარმოდგენაში იყო, როცა აქედან 3 400 კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობდი სტოკჰოლმში.

ძალიან ლამაზი ფერადი სახლები

მაშინ ჩემი წარმოდგენების „Googl Earth-სა“ და „Youtube-ზე” გადამოწმება არ შემეძლო და სტოკჰოლმის საფოსტო ბარათიც არსად მოიპოვებოდა.

სკანდინავია, ვიკინგები

გორაკებზე შეფენილი თოვლი და ლამაზი ნაძვები

სკანდინავიის შესაგრძნობად საუკეთესო ადგილი სკანსენია, უზარმაზარი ტერიტორია ეთნოგრაფიული, ინტერაქტიული მუზეუმებით, კულინარიული ქოხებით, აკვარიუმით და ტყეში გაშვებული შვლებითა და სხვა ცხოველებით.

თოვლით დაფარული მთა, რომელსაც მარცხენა ფერდობი დაუთოვლელი აქვს

აქ და ვასას ჩაძირული გემის მუზეუმში გაგახსენდებათ ყველა დოკუმენტური ფილმი, რაც სკანდინავიაზე გინახავთ და რა თქმა უნდა -კომერციული და პოპულარული „ვიკინგები“.

Junibacken

ახლა ჩემ თვალწინ ბავშვების ქალაქია - იმიტომ რომ აქ იუნიბაკენია. არა ისეთი უზარმაზარი, ან ცნობილი, როგორც დისნეილენდი, მაგრამ საუკეთესო ადგილი ბავშვობის სურვილებთან დასაბრუნებლად. უზარმაზარ შეშებში მოქცეული პატარა შენობა, რომლის მიღმა გემებს, გაყინულ ქალაქსა და სხვა კუნძულებს ხედავ.

საყვარლობა ინსტალაციები

სად შეიძლება ნახო ასტრიდის ყველა გმირი ერთად, თუ არა აქ? შეიხედო გმირების სახლებში და დააკვირდე ბავშვებს, რომლებიც ცდუნებას ვერ უძლებენ, პეპის გაეჯიბრონ და მისი ცხენის ხელში აყვანა სცადონ, ან ცომი პირდაპირ იატაკზე გააბრტყელონ. სინამდვილეში, აქ ბავშვობის ოცნებებს მშობლები ისრულებენ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან შვილები საკუთარ ბავშვობაში მოჰყავთ. ქალაქში, სადაც ჩვენი წარმოდგენით ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ...

ძალიან ლამაზი სახლი

ასტრიდ ლინდგრენის სახლი

ქუჩა შემაღლებულ ადგილზე, ცენტრალური სადგურიდან 20 წუთის სავალზე. № 46, ყავისფერი კარი, რომელიც მოხუცმა ქალმა გააღო და ძაღლი სასეირნოდ გამოიყვანა.

შენობა ხის ფონზე

თბილად მითხრა, რომ ასტრიდის სახლში ახლა არავინაა და ოჯახის წევრები აქ იშვიათად მოდიან, ვიზიტის შემთხვევაში კი მათთვის წინასწარ უნდა მეცნობებინა. დამემშვიდობა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სადარბაზოში ფოსტალიონს შევყევი. მეორე სართულზე, კიბიდან მარცხენა მხარეს წარწერაა: Lindrgen A. სახლში არავინ აღმოჩნდა, მე კი მხოლოდ პატარა ბარათის კარის ქვემოთ შეცურება შემეძლო - Happy Birthday, Dear Astrid, <3️ from Georgia.