facebook logo

ბლოგი

მოსულა არა, აუცილებელია

ჭკვიან, ინტელექტუალ და არა განათლებულ ადამიანებს, ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესად დაეჯერებათ, რადგან ინტელექტი მეტი არაფერია, თუ არა გასწორებული შეცდომების ჯამი. განათლებაც, პრინციპში იგივეა, ოღონდ აქ სხვისი შეცდომების გადაფასებასთან გვავქს საქმე, იქ კი საკუთარს ვაანალიზებთ. ზემოთ სიტყვა „უმეტესად“ კი მხოლოდ იმიტომ გამოვიყენე ნაცვლად სხვა, უფრო კატეგორიული სიტყვებისგან, როგორიცაა, თუნდაც „ყოველთვის“, რომ ხანდახან ყველა ცდება. საერთოდ ყველა.

ვისაც უკვე ბლომად შეშლია და ჭკუაც ისწავლა, იმის შეცდომები მომავალში ნაკლებია. და პირიქით. ცოტა უცნაური ამბავი გამოდის, მაგრამ ეგრეა - რაც მეტი გეშლება, უფრო მაგარი ხარ.

და იმისთვის, რომ მერე ბევრი არ შეგეშალოს, შეცდომები თავიდანვე გაქვს დასაშვები. ამიტომ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ეხლა იწყებს ცხოვრებას, ძალიან ვთხოვ, მაქსიმალურად ბევრი შეცდომა დაუშვას, იმიტომ რომ შეცდომები კი არ მოსულა, შეცდომები აუცილებელია.

მარტივი მაგალითი ავიღოთ - ხაჭაპურის გამოცხობა. ვთქვათ, გადაწყვიტეთ, გამოხვიდეთ ძალიან მაგარი მეხაჭაპურე, რას აკეთებთ ამისთვის?

1. კითხულობთ კულინარიულ ლიტერატურას და ეგრევე გენიალურ ხაჭაპურს აცხობთ? არა, ეს შეცდომაა და თუ ის დაუშვით, ესე იგი ისწავლეთ, რომ კითხვით და კოტრიალით კარგს ვერაფერს გააკეთებ.

2. იღებთ ინფორმაციას და გადიხართ პრაქტიკას: აკეთებთ ერთ ცალს, არ ვარგა. მერე ათს - არ ვარგა, მერე ასს - რამდენიმე უკეთესი გამოგდით. მერე ათასს - ზოგიერთი უკვე ძალიან გემრიელია და ბოლოს აღწევთ შედეგს - თქვენი გამომცხვარი ათასობით ხაჭაპურიდან უმეტესობა ძალიან გემრიელია და მხოლოდ რამდენიმე არ ვარგა. თქვენ დაკარგეთ ბევრი დრო, დაუშვით უამრავი შეცდომა, ხან ყველი მოგივიდათ ნაკლები, ხან ცომი გაფუჭდა, ხან მარილიანი გამოგივიდათ, ხან ცხიმიანი, მაგრამ ბოლოს მაინც ისწავლეთ უგემრიელესი ხაჭაპურის კეთება.

თუმცა აქ მთავარი შეცდომა არ უნდა გაგეპაროთ - მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ და არ მოდუნდეთ, იმიტომ რომ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც, როგორც ადრე თქვენ, საუკეთესო მეხაჭაპურეობა უნდათ და შეცდომას შეცდომას უშვებენ მისი ცხობისას იმისთვის, რომ თქვენ დაგეწიონ და გაჯობონ.

ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსოთ, სულ რაღაც აკეთეთ და ნუ გეშინიათ შეცდომების, უშეცდომობის გეშინოდეთ. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ, აინშტაინს დაუჯერეთ: „ვისაც არასდროს მოსვლია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა“.

ავტორი: დავით კოვზირიძე

მსგავსი ბლოგები