facebook logo

მოგზაურობა

მოგზაურობა სტამბოლში

სტამბოლში გატარებული ერთი კვირის ტექსტად გადმოტანა რამდენჯერმე ვცადეთ. დავიწყეთ წერა აია-სოფიაზე, ლურჯ მეჩეთსა და გალათას კოშკზე. მაგრამ მივხვდით, რომ არაფერი გამოგვდიოდა.ჰოდა, ერთ დღესაც სტამბოლიდან შემორჩენილი ფახლავის ბოლო შეფუთვას მივაგენით. მოგონებებიც ლავასავით გადმოვიდა და შევუდექით ბლოგის წერას.

სტამბოლში წამსვლელთათვის არ არსებობს გამზადებული რჩევები თუ გაიდლაინები. და არც ის სტატიები გამოგადგება, რომ გიყვებიან 10 ღირსშესანიშნაობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო, სანამ ცოცხალი ხარ.

სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქადიქეიში მოგვიწია გაჩერება. სადგურში ჩასვლისთანავე პირველად თევზისა და შემწვარი წაბლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ვიგრძენით.

ბოსფორის სრუტეზე მეთევზეებს შორის შეგხვდება ყველა - ქალიცა და კაციც, დიდიცა და პატარაც.

აზიური ნაწილიდან ევროპულისკენ გადასვლა შეგიძლია როგორც მეტროთი, ასევე - გემით. გემით მგზავრობას შედარებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ შენ თვალწინ იშლება ბოსფორის სრუტე და ქალაქი თავისი კონტრასტულობითა და მაღალსართულიან შენობებში ჩამალული ისტორიით.

ერთი ისაა, რომ სტამბოლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნამდვილად ვერ ნახავ ინგლისურად მოსაუბრეს. ფასებსა და ელემენტარულ რაღაცებს კი გაიგებ მარტივად, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნავიგაციისთვის ჩვენსავით ლოცვის გაძლიერება, სხეულის ენისა და გუგლ თრანსლეითის გამოყენება რომ არ დაგჭირდეს, გეტყვით, რომ ყოველ ჯერზე ბილეთის ყიდვას, თადარიგის დაჭერა და Istanbulcard -ის შეძენა სჯობს, რომელიც გამოგადგება მეტროში, ავტობუსსა და გემით მგზავრობის დროსაც კი.  

ჩვენ თუ გვკითხავ, სტამბოლის მეტროს ნამდვილად შევიყვანდით ქალაქის ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალში. ხალხის მსგავსად, მეტროს სადგურებიც ჭრელი და მრავალფეროვანია. ძნელია, თვალი მოსწყვიტო კედლის მოზაიკებსა და ვაგონის მოხატულობებს, რომლებზეც ბიზანტიური თუ ისლამური ეპოქის სიუჟეტებს ამოიკითხავ.

ჰოდა, აქ სურათების გადაღებაზე ჩვენც ვერ ვთქვით უარი, რაც თურმე აკრძალული ყოფილა. ჰოდა, ამის გამო ნახევარი დღე პოლიციის განყოფილებაშიც მოგვიწია ყოფნა და ჩვენი მშვიდობიანი ზრახვების მტკიცება.

ამ ქალაქში კიდევ ერთ თვალშისაცემ კონტრასტს სამლოცველოებში მუხლებზე მყოფი მობუტბუტე მლოცველები და სელფის ჯოხებითა და კამერებით მობოდიალე ტურისტები ქმნიან.

დაღამებისას სტამბოლი იმდენად იცვლება, ნაცნობ ქუჩებსაც კი ძლივს ამოიცნობ.

დღისით ქალაქში სეირნობისას შეიძლება ვერც კი შენიშნო ის ადგილები, რომლებიც ღამით განსაკუთრებულ მომხიბვლელობას იძენს.

სტამბოლის სარეკლამო განათებები მორბენალი სტრიქონებით, თითქოს, ქალაქზე გვიყვება რაღაცას ჩვენთვის გაუგებარი სიტყვებითა და სიმბოლობით. არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩა ცარიელია თუ არა, სტრიქონი მაინც აგრძელებს ლაპარაკს.

ქალაქის ცენტრალური უბნები ღამითაც სავსეა მოფუსფუსე ადამიანებით. ყველა თავისებურად ცდილობს, საკუთარი პროდუქტი მოგაწონოს. ჩვენ, შუა ქუჩაში სეირნობის დროს, ლიმონის წვენით შეზავებული მიდიები ლამის დაძალებით გვაჭამეს და შემდეგ დეგუსტაციის ფულიც გადაგვახდევინეს.

წამოსვლისას  სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარე ქართულ კაფე „გალაკტიონში“ შევიარეთ და მასპინძელს, პოეტ ირაკლი კაკაბაძეს, დანანებით ვუთხარით: „დიდად არაფერში გვეყო სტამბოლში გატარებული ეს ერთი კვირა”.

ირაკლის გაეღიმა და გვითხრა, რომ კიდევ ბევრი რამ მოგვისწრია ამ ერთ კვირაში. თვითონ თურმე ხუთი წელია აქ ცხოვრობს და ყოველდღე ერთსა და იმავე ქუჩაზეც კი სხვადასხვა რაღაცებს აღმოაჩენს ხოლმე.

ასე და ამგვარად, სტამბოლი ის ქალაქია, რომელშიც უნდა მიჰყვე დინებას (ბოსფორის დინებასაც, კი), რაც შეიძლება მეტი იხეტიალო და დაკარგვის არ შეგეშინდეს.

ავტორი: მარიამ მუმლაძე

ფოტო: მარიამ მუმლაძე, ედო არძენაძე