facebook logo

მოგზაურობა

იტალია - ყველაზე ქართველი ქვეყანა

იტალია იმაზე ოდნავ უფრო ნაკლებად მიყვარს ვიდრე საქართველო. საბედნიეროდ ჩვენს ნაკრებს გასვლითი ჰქონდა ფლორენციაში და ვიზიტისთვის მორიგი აუციელებელი მიზეზი მომეცა. ამ ჩასვლაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იტალია ევროპაში ყველაზე მაგარი ქვეყანაა და რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ, ჩემი თავისუფალი დრო იქ გავატარო.

“აბა ეს იტალიელია თუ ქართველი?” ეს იყო ჩვენი საყვარელი თამაში მოგზაურობისას. თურმე თითქმის შეუძლებელია ეს ორი ერთმანეთისგან გაარჩიო. ამას განსაკუთრებით კარგად ახლა მივხვდი, როცა ფლორენციაში 10,000 გურჯი ერთად აღმოვჩნდით. 
“აგერ ამათი ლევან მაისურაძე, აი გივი ბიწაძის აქაური ვარიანტი, აი ედო გრიგორიანი!” - უამრავი ორეული ვნახეთ.

ქართველები ქართველებს უცხოეთში  თვალებით ვცნობთ, ვცნობთ და ძირითადად თვალს ვარიდებთ. აქ კი მოდის ვიღაც აშკარად ქართველი და რატომღაც სულ სხვა ენაზე ლაპარაკობს.

ჩახუტება. რომი, ტრასტევერე. 2018 წლის ნოემბერი     

იტალიელებს ქართველებივით ბაბულიკურად უყვართ ჩაცმა. ქუჩაში უმრავლესობა არიან მეტროსექსუალურები და ტყავის კურტკიანი ბაბულიკები. ჩვენნაირი მყვირალები არიან, ტაქტილურები, შეხება, ჩახუტება, ჩაბღუჯვა უყვართ. სიამოვნებით მეფიქრება იმაზე, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ოჯახის სრულფასოვანი წევრები ვართ, უბრალოდ იტალიისგან განსხვავებით მტრებში არ გაგვიმართლა.

ხინკალი - რავიოლი, დანტე - რუსთაველი, პიცა - ხაჭაპური, ბოლონია - ქუთაისი.

ვეცადე ქვემო სტრიქონებში ჩემი სიყვარული გამომეხატა, ფოტოებით გამემყარებინა და რამდენიმე ისეთი ადგილიც მიმენიშნებინა, სადაც ჭამა-სმა ნამეტან სიამოვნებას მოგგვრით. აბა, ანდიამო!

ბოლონია შუაღამით. 2018 წლის ნოემბერი

რით სჯობს ბოლონია ფლორენციას და იმით, რომ აქ ქუჩის განათება ძალიან ელეგანტურია, ცენტრულად განლაგებული, კანონზომიერად დაშორებული თეთრი ლედები სწორ რიტმს ქმნიან და ღამის ქალაქის კარგად აღქმაში გეხმარებიან. აქ ცოტა ტურისტია და ბევრი სტუდენტი, ბარები - საოცარი, ადამიანები - ოქრო. აქ ქვაფენილის ფილებს შორის ბალახი ამოდის და დილა-საღამოს ნისლისგან იცვარება. ჩვენგან საქართველოს ავიახაზები დაფრინავს პირდაპირ, აიღე ბილეთი და წადი, რადგან შენ ეს სიყვარული უნდა ნახო.

ბალახი ქვაფენილში. ბოლონია. 2018 წლის ნოემბერი

არსად ისე არ ასწორებს გარედან ვიღაცეებთან ჭყეტა, როგორც ფლორენციაში


ნუთუ ვინმე სხვას ასეთი სილუეტი აქვს? პასუხი უარყოფითია.

თუ ფეხბურთში ვერ ერკვევით და ვინმე შეგეკითხებათ “რომას” გულშემატკივრობთ თუ ‘ლაციოს”, უთხარით რომ პირველს, რადგან დედაქალაქელები “ლაციოს” გულშემატკივრებს პროვინციელ გოიმებს ეძახიან. ნუ გარისკავთ სტატუსით.


პალმები რომსაც ისევე უხდება, როგორც თბილისს.

თბილისში დარაბები შიგნიდან იხსნება, რომში გარეთ.
განედი იგივე, განათებაც და ფერიც. რომს არ ანგრევენ, თბილისს კი პირიქით.

ის დაწესებულებები, სადაც ნამდვილი რომაელები დადიან:

კაფე “კასტრონი” ვია ნაციონალეზე. 
ესპრესო შერბენით, დახლთან. დატოსტერებული პანინი და გადალაპარაკება ჩინგიზ უნდერის გუშინდელ გოლზე რეალის კარში. ესპრესო 90 ცენტი ღირს, პანინი 4 ევრო. 5 ევროში გამოდიხარ ლამაზად.

თუ ტერმინისთან (რკ. გზის სადგური) ახლოს ხართ და გშიათ, კაფე ნეაპოლისში შეირბინეთ, ვია აგოსტინო დეპრეტისზე. სამი სახეობის პასტა აქვთ სტაბილურად, რიზოტო და რამდენიმენაირი სალათა. ყავა მშვენიერი. დახლიდარებიც ძალიან კოლორიტული. საღამოს რვის ნახევრამდე მუშაობენ და გაითვალისწინეთ.

ესაა ბარი კალისტო ტრასტევერეში. ყველაზე მაგარი ბარი რომში, სადაც ყოველი მიუსაფარი, ჯიგარი ანდაც ჩემნაირი მოხეტიალე მიდის და სვამს. გრაპა - 4 ევრო, ბოთლი ღვინო - 7 ევრო, პროსეკო - 15. 
რომ ვფიქრობდი, რომელ ბარს მაგონებს თბილისში, სალვე გამახსენდა დადიანზე, სადაც ჭაჭას ჩაიდნიდან ვსვამდით და ვაყოლებდით არაფერს.  აქ ლაციოს გულშემატკვირები არიან. ფულს იხდი სალაროში და მერე ბართან გისხამენ, მას შემდეგ რაც “მაესტრო” გასძახებს: “უნ ვინო ბიანკო გრანდე!” მგონი ასე ამბობს.

ვგიჟდები ტურისტების და თოლიების ერთად გადაღებაზე

ამბავი იმისა, თუ როგორ შეცვალა ინსტაგრამმა და ტინდერმა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ფოტოს გადაღების ტექნიკა.

ავტორი: ალექსანდრე დავითაშვილი

ფოტო: ალექსანდრე დავითაშვილი

მსგავსი ბლოგები