facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

აგრო დაზღვევა #188

საინფორმაციო ფურცელი

საინფორმაციო ფურცელი - აგროდაზღვევა 2019

 

გამარჯობა

თქვენ ეცნობით აგროდაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად. მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 2 42 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს აგროდაზღვევის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენს მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მთავრობის 04.04.2018 წლის #162 დადგენილებით დამტკიცებულ აგროდაზღვევის პროგრამასთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ პირობებს.

 

რას ვაზღვევთ?

დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში მითითებული სასოფლო - სამეურნეო კულტურის მოსავალი, რომელიც მოიყვანება პოლისში მითითებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 04 აპრილის №162 დადგენილების „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ (ამ დოკუმენტში შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პროგრამა“) ფარგლებში გაიცემა სადაზღვევო პოლისი მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთ(ებ)ის დასაზღვევად, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი და რომელიც რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

რისგან ხართ დაზღვეული?

აგროდაზღვევის პირობებით, სადაზღვევო რისკს წარმოადგენს:

- მოვლენა - (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა), რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურებას დაზღვევის ხელშეკრულებითა და პროგრამით გათვალისწინებული წესით;

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ თიბისი დაზღვევის, როგოც მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის:

- ერთწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე, სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში − სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა;

- მრავალწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც:

- ხილი − დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში;

- კენკრა − მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრადგარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;

- ყურძენი − გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).

 

როგორ მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

- მოვლენის დადგომისას, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, თქვენ ვალდებული ხართ აღნიშნულის შესახებ სატელეფონო ზარით ცხელ ხაზზე: 242 22 22 დარეკვის გზით შეატყობინოთ თიბისი დაზღვევას, მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში;

- მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ტელეფონით ან ელექტრონულად თიბისი დაზღვევასთან უნდა დააზუსტოთ შემდეგი ინფორმაცია:

- დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;

- სადაზღვევო პოლისის ნომერი;

- დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

- დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.

- დამზღვევის ან/და მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში თქვენ წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოთ თიბისი დაზღვევას.

 

რა არის დაზღვეული?

ქვემოთ მითითებული მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება პროგრამით გათვალისწინებული წესით თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურებას.

 

მოვლენებია:

- სეტყვა − ატმოსფერული ნალექები, ყინულის წარმონაქმნების სახით (მცირე მარცვლიდან მსხვილი კვერცხისოდენა ზომის წარმონაქმნამდე), რომლებიც, როგორც წესი, ზაფხულში თან ახლავს კოკისპირულ წვიმას ან ჭექა-ქუხილს. სეტყვა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ან განადგურებას მცენარეთა მიწისზედა ორგანოებზე უშუალო მექანიკური ზემოქმედების შედეგად;

- წყალდიდობა − დაზღვეული კულტურის მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოებზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანება/განადგურება, კერძოდ გადარეცხვა, მოხსნა/მოგლეჯა სახნავი ფენიდან, რომელიც გამოწვეულია უხვი ნალექების შედეგად, წყალმოვარდნის ან/და ღვარცოფული ნაკადის მიერ;

- ქარიშხალი − ქარი სიჩქარით - 15 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებებს;

- საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, რომელსაც შედეგად მოჰყვება დაზღვეული ციტრუსოვანი კულტურის თბური დაზიანება ან განადგურება;

 

რა იქნება თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა?

დაზღვევის შესაძენად, თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა, რომელიც გადაიხდება სადაზღვევო მომსახურების გაწევისათვის. ამასთან, თქვენ თქვენი წილი პრემია სრულად და ერთჯერად უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პოლისის გაცემის მომენტისათვის, ხოლო პრემიის სუბსიდირებული ნაწილი სააგენტოს მიერ გადაიხდება პროგრამით განსაზღვრული წესით.

პროგრამით განსაზღვრულია, რომ ფრანშიზის – არაანაზღაურებადი მინიმუმის, გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება, როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%. მითითებული 2 (ორი) სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთან, ერთსა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ თიბისი დაზღვევას ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით;

 

რა არ ანაზღაურდება?

თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია:

საყოველთაოდ აღიარებული სასოფლო - სამეურნეო და მოსავლის აღების პრაქტიკის (რომელიც სრულად შეესაბამება კონკრეტული მიკრო ზონას და აგრო კულტურას) დაუცველობით;

- დაუზღვეველი რისკებით, მაშინაც კი, თუ ასეთი ზიანი დადგა სადაზღვევო რისკთან ერთად ან მასთან კავშირში. მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიყენებულია უშუალოდ სადაზღვევო რისკ(ებ)ის შედეგად.

- დამზღვევის ან/და მოსარგებლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, მათ შორის დამზღვევის ან/და მოსარგებლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოსავლის გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით ყველა გონივრული ზომის გამოუყენებლობა ზიანის დადგომისას ან მის შემდეგ.

- ზიანი, რომელიც დადგა შემდეგი გარემოებების დროს, ასეთი გარემოებების ფონზე ან მათთან კავშირში:

  - როგორიცაა დაავადებათა, მწერთა და მღრღნელთა გავრცელება, დაგვიანებული მწიფობა და სხვა;
  - ზიანი, რომელიც არ აღემატება სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ ფრანშიზას;
  -  სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის მიყენებული დაზიანებები, თუ ასეთი დაზიანებები არ იწვევს ასეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის დაღუპვას/განადგურებას/დანაკარგს;

ზიანი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, სამოქალაქო ომით, მასობრივი არეულობით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობით, ტერორიზმით ან მისი ნებისმიერი გამოვლინებით, ისეთი სტიქიური/ბუნებრივი მოვლენებით, რომლებიც არ წარმოადგენს პროგრამით დაზღვეულ რისკებს, ასევე ამ გარემოებების დროს დამდგარი სადაზღვევო რისკებით გამოწვეული ზიანი.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, თუ:

- სახეზეა თიბისი დაზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება;

- გაუვიდა სადაზღვევო პოლისს ვადა;

- განხორციელდა მოსავლის სრულად აღება დაზღვეული ტერიტორიიდან;

- სახეზეა მოსავლის ტექნიკური სიმწიფის დასრულება;

- სახეზეა მოსავლის ან სარგავი მასალის (ჩითილი) სრული განადგურება;

- სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით ან/და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

მონაცემთა დაცვა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებგვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24. II სართული. თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამ დოკუმენტში წარმოდგენილი აგროდაზღვევის პირობები, დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

პროგრამასა და ამ დოკუმენტს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროგრამის დებულებებს.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!